ალ-ბაშირის ცალმხრივი ბილეთი ჰააგისკენ: შესუსტდა კი სახელმწიფო მეთაურების იმუნიტეტი?
ავტორი: სოფიო წაქაძე
პროექტის უფროსი ოფიცერი, ევროპის საბჭო
2020 წლის 11 თებერვალს, სუდანის მთავრობამ განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტ ალ ბაშირს გადასცემდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. 10 წელზე მეტია, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ბაშირის დაკავების ორდერი გამოსცა, თუმცა აქამდე მისი აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდა. აღსრულების პრობლემები დაკავშირებული იყო სახელმწიფო ლიდერების იმუნიტეტის საკითხთან, რის გამოც რომის წესდების ხელმომწერი სახელმწიფოებიც კი უარს აცხადებდნენ ალ ბაშირის დაკავებასა და საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემაზე. როგორც წყაროები უთითებენ, ალ ბაშირმა 7 წლის განმავლობაში 75-ჯერ იმოგზაურა 22 ქვეყანაში. ეს ხდებოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაკავების ორდერის ფონზე, რაც, ცხადია, ამ სასამართლოს ავტორიტეტისთვის დადებითის მომტანი არ ყოფილა. სუდანის მთავრობის გადაწყვეტილებამ, გადასცეს ალ ბაშირი საერთაშორისო სასამართლოს, ერთის მხრივ გააჩინა იმედი სამართლის აღსრულების მომლოდინეთათვის, მეორეს მხრივ კი წარმოშვა შეკითხვა: შეცვლის თუ არა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის მიდგომას სახელმწიფო ლიდერების იმუნიტეტის საკითხზე? ეს სტატია ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცდება.
რა მოხდა სუდანში?
დარფურის რეგიონი სუდანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ლიბიას, ჩადისა და აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკის საზღვართან, 6 მილიონამდე მოსახლით. დარფურის კონფლიქტს არაერთი ისტორიული, კულტურული, ეთნიკური მხარე აქვს, თუმცა ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი ბუნებრივი რესურსებისთვის ბრძოლამ შეასრულა. ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობი სამხრეთსა და დასავლეთში – დარფურში აღმოჩნდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის არაფორმალური პროსახელისუფლებო არაბული შეიარაღებული დანაყოფები და ადგილობრივი აჯანყებულთა დაჯგუფებები. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მონაცემებით, კონფლიქტს 300 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
სუდანში მომხდარი სავარაუდო დანაშაულები 2005 წლიდან მოექცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაკვირვების ქვეშ. ეს ის დროა, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის („გაერო“) უშიშროების საბჭომ სასამართლოს გადასცა სუდანის სიტუაცია გამოსაძიებლად პოტენციური ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო.
რეზოლუცია 1593 პრეამბულაში უთითებდა, რომ სუდანში არსებული სიტუაცია საერთაშორისო მშვიდობისა და უსფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელი იყო და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორს დარფურში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებდა.
ალ ბაშირი და
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო
ალ ბაშირი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რადარში 2009 წლის 4 მარტს მოექცა. ბაშირის დაკავების ორდერი რამდენიმე ასპექტის გამო გახლდათ საერთაშორისო სამართლისთვის საინტერესო: ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტზე გამოიცა ორდერი და ეს იყო პირველი შემთხვვა, როდესაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გენოციდის ბრალდებაზე დაიწყო მსჯელობა.
საერთაშორისო სისხლის სამართლის იურისდიქციის საფუძვლები
რომის წესდება, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტია, ადგენს სასამართლოს იურისდიქციას: ხელმომწერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ხელმომწერი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. ალ ბაშირი და, ზოგადად, დარფურის სიტუაცია არცერთ ამ საფუძველში არ ჯდებოდა, ვინაიდან სუდანი რომის წესდების ხელმომწერი მხარე არ ყოფილა. შესაბამისად, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო ასევე უპრეცედენტო გადაწყვეტილება და თავად, თავისი რეზოლუციით გადასცა დარფურის სიტუაცია საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გამოსაძიებლად. ეს მექნიზმი, ასევე, გაწერილია რომის წესდებაში. შესაბამისად, სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა ემსჯელა დარფურის სიტუაციაზე და ასეც მოიქცა. თუმცა, გამოწვევად რჩებოდა და კვლავ რჩება ძებნაში მყოფი ალ ბაშირის მოხელთება, რის გამოც წარმოიშვა საერთაშორისო სამართლებრივად საინტერესო – იმუნიტეტის საკითხები.
სახელმწიფო მეთაურების იმუნიტეტი საერთაშორისო სამართალში
საერთაშორისო სისხლის სამართალმა, მიუხედავად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არაერთი მცდელობისა, მაინც ვერ მიაღწია კონდიციას, როდესაც თამამად, ხელაღებით და ნათლად მიეთითება, რომ სახელმწიფო მეთაურები არ სარგებლობენ აბსოლუტური იმუნიტეტით. საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ საქმეში კონგო ბელგიის წინააღმდეგ, 2000 წელს იმსჯელა მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის იმუნიტეტის საკითხზე. სასამართლომ ამ საქმეში ხაზი გაუსვა იმუნიტეტის მნიშვნელობას და საჭიროებას სახელმწიფო მთაურების შემთხვევაში. იმუნიტეტები სახელმწიფოს წარმომადგენლებს არ ენიჭებათ პირადი სარგებლის მისაღებად; იმუნიტეტის მთავარი დანიშნულებაა სახელმწიფოს სახელით ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება-აღნიშნა სასამართლომ. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ უარი თქვა განსხვავების დადგენაზე ოფიციალური და პირადი მანდატით განხორციელებულ ქმედებებს შორის. სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფო პირების იმუნიტეტის საკითხი საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით იყო გამყარებული და, რომ მასში გამონაკლისი არ არსებობდა თუნდაც ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. თუმცა, სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში იმასაც ნათლად გაუსვა ხაზი, რომ იმუნიტეტი არ იყო დაუსჯელობის სინდრომის წამახალისებელი, ან მისი სინონიმი. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მეთაურებს, საგარეოს საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ იმუნიტეტი სახელმწიფო ფუნქციონირებაში მათი როლიდან გამომდინარე, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ეს პირები თანამდებობაზე ყოფნისას, ან შემდგომ, არ მოექცეოდნენ სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ. ამის მაგალითებად კი დასახელდა ამ პირების გასამართლება თავიანთ ქვეყანაშივე (რაც, პრინციპში, იმუნიტეტის მოხსნას უთანაბრდებოდა), გასამართლება გადადგომის შემდეგ ან გასამართლბა საერთაშორისო ტრიბუნალების, მათ შორის კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ არ გამორიცხა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე თუნდაც მოქმედი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დადგენის შესაძლებლობა. ამასვე მიუთითებს ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდას საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალების წესდებები, ასევე სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლოს წესდება.
მიუხედავად ამისა, კვლავ გამოწვევად რჩებოდა (და დღემდე რჩება) ალ ბაშირის სასამართლოსადმი გადაცემა და დაკავების ორდერის აღსრულება; ამის ერთ-ერთი სამართლებრივი მიზეზი (გარდა პოლიტიკური მიზეზებისა) არის ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს საკუთარი პოლიციური ძალები არ გააჩნია; ის მთლიანად დამოკიდებულია წევრი საელმწიფოების აღსრულების მექანიზმებზე. წევრი სახელმწიფოები კი მიუთითებდნენ, რომ ალ ბაშირს „ვერ შეეხებოდნენ“, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისგან აბსოლუტური იმუნიტეტი იცავდა. მოკლედ რომ დავასკვნათ, მთავარი იყო ალ ბაშირის საერთაშორისო სასამართლომდე მიყვანა და მისი იმუნიტეტი შეწყვეტდა არსებობას, თუმცა ეს ვერ ხერხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ მისი იმუნიტეტი განაგრძობდა სახელმსიფოების შიდა იურისდიქციებში მოქმედებას.
რომის წესდება,
სახელმწიფო მეთაურების იმუნიტეტი და 27-ე მუხლი 98-ე მუხლის წინააღმდეგ
რომის წესდების 27.2-ე მუხლი მიუთითებს, რომ პირის სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული იმუნტეტები არ წარმოადგენს დაბრკოლებას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის იურისდიქციის გავრცელებისას. რომის წესდება 27-ე მუხლით, ასევე, ავალდებულებს წესდების ხელმომწერ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გამოცემისთანავე დააკავოს ძებნაში მყოფი პირი. თუმცა, რომის წესდებაშივე გვხვდება 98-ე მუხლიც, რომელიც 27-ე მუხლის მკაცრ პოზიციას შედარებით არბილებს და მიუთითებს, რომ:
სასამართლოს არ შეუძლია წარადგინოს თხოვნა გადაცემის ან დახმარების შესახებ, რომელიც აიძულებს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს იმოქმედოს თავისი საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულების საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს ან პირის დიპლომატიური იმუნიტეტის ან მესამე სახელმწიფოს საკუთრების მიმართ, სანამ სასამართლო არ მიაღწევს ამ მეორე სახელმწიფოსთან თანამშრომლობას იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.
სასამართლოს არ შეუძლია წარადგინოს თხოვნა გადაცემის შესახებ, რომელიც აიძულებს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს იმოქმედოს საერთაშორისო შეთანხმებიდან გამომდინარე თავისი ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც საჭიროა გადამცემი სახელმწიფოს თანხმობა პირის სასამართლოსათვის გადაცემის თაობაზე, თუ სასამართლო თავდაპირველად არ მიაღწევს გადამცემი სახელმწიფოს თანამშრომლობას გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის საქმეში.
სწორედ 98-ე მუხლის შეპირისპირება 27-ე მუხლთან გახდა არაერთგავროვნების ერთგვარი საბაბის მიზეზიც, როდესაც არაერთმა სახელმწიფომ უარი განაცხადა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერის აღსრულებაზე და არ გადასცა სასამართლოს ალ ბაშირი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით მოგზაურობდა მეზობელ ქვეყნებში.
დაკავების ორდერის გამოცემის შემდგომ, ალ ბაშირმა არაერთხელ იმოგზაურა ქვეყნებში, რომლებიც არ არიან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრები (საუდის არაბეთი, ეთიოპია, ყატარი), თუმცა ალ ბაშირი არ მორიდებია წესდების ხელმომწერ სახელმწიფოებში ვიზიტსაც, რაც, სამწუხაროდ, დაკავების ორდერის იგნორირებით დასრულდა. სამხრეთ აფრიკა, იორდანია, უგანდა-ეს არასრული ჩამონათვალია სახელმწიფოებისა, რომლებსაც რომის წესდებით აღებული ჰქონდათ ვალდებულება, ეთანამშრომლათ სასამართლოსთან ძებნაში მყოფი პირის დაკავების მიზნით, თუმცა ამაოდ. ამას მოჰყვა კიდეც რეაგირება სასამართლოს მხრიდან: 2011 წელს მალავის და ჩადის დაუდგინდა დარღვევა, 2014 წელს – კონგოს, 2017 და 2018 წლებში – სამხრეთ აფრიკასა და იორდანიას.
ამ კონტექსტში, განსხვავებულია და ცალკე განხილვას იმსახურებს იორდანიის შემთხვევა, რომელსაც 2019 წლის ივნისში საერთაშორისო სისხლის სასამართლომ დაუდგინა დარღვევა. განსხვავებით სხვა მსგავსი გადაწყვეტილებებისგან, ამჯერად სასამართლო სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი არ ცნობდა სახელმწიფოს მეთაურებისთვის აბსოლუტურ იმუნიტეტს, შესაბამისად იორდანიას არაფერი აბრკოლებდა ალ ბაშირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემისგან. უნდა აღინიშნოს, რომ წინა მსგავს შემთხვევებში (მაგალითად, პირველმა ინსტანციამ იორდანიის მიმართ და სამხრეთ აფრიკის მიმართ), მართალია, ასევე დაადგინა სახელმწიფოების მიერ რომის წესდების ე.წ თანამშრომლობის მუხლის დარღვევა, თუმცა იქ მოტივაციას წარმოადგენდა გაეროს უშიშროების საბჭო და ის ფაქტი, რომ დარფურის სიტუაცია სწორედ უშიშროების საბჭოს რეზოლუციით გადაეცა სასამართლოს გამოსაძიებლად; შესაბამისად, ამ რეზოლუციიდან მომდინარე ვალდებულებების შესრულება არამარტო საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წევრ სახელწიფოებს, არამედ გაეროს წევრ ყველა სახელმწიფოს ეკისრებოდა.
2020 წლის 11 თებერვალს სუდანის მთავრობამ განაცხადა, რომ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გადასცემს ყოფილ პრეზიდნეტს, ალ ბაშირს. ამ მოულოდნელმა განაცხადმა საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა საერთაშორისო სამართალში, მათ შორის მთავარი: გადაიხედა თუ არა ამ გზით სახელმწიფოს მეთაურთა იმუნიტეტის საკითხი.
და მაინც, არსებობს თუ არა საერთაშორისო
სისხლის სასამართლოს წინაშე აბსოლუტური
იმუნიტეტი?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კვლავ შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ალ-ბაშირის საქმის გარშემო დატრიალებულმა პერიპეტიებმა გარკვეული ნათელი მოჰფინა სიტუაციას და სცადა იმუნიტეტების შესუსტება, ეს, ავტორის აზრით, კითხვაზე პასუხს მაინც არ სცემს. რატომ? იმიტომ, რომ ალ-ბაშირის საქმე არ გახლდათ „კლასიკური“ საერთაშორისო სისხლის სასამართლოს განსჯადი საქმე, სადაც მხოლოდ ამ სასამართლოს ეგიდით დადგინდა იურისდიქცია. ალ-ბაშირის საქმე და დარფურის სიტუაცია, როგორც ზემოთ აღინიშნა, გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით გადაეცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს განსახილველად. ეს კი არსებითად ცვლის სამართლებრივ რეჟიმს.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც გაეროს ქარტიის მე-7 თავის ქვეშ არის მიღებული, სავალდებულოა შესასრულებლად გაეროს წევრი 193-ვე სახელმწიფოსთვის. სწორედ ამგვარი შინაარსის იყო რეზოლუცია, რომლითაც უშიშროების საბჭომ დარფურის სიტუაცია გადასცა გამოსაძიებლად საერთაშორისო სისხლის სასამართლოს. გარდა რეზოლუციის სავალდებულო ხასიათისა, გაეროს წესდების 103-ე მუხლი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაეროს წევრების ვალდებულებები წინააღმდეგობაში მოდის მათ სხვა რომელიმე შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან, უპირატესი ძალა სწრედ გაეროს წესდებიდან მომდიონარე ვალდბეულებეს აქვთ.
შესაბამისად, თეორიულად ისევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ალ ბაშირის საერთაშორისო სისხლის სასამართლოსთვის გადაცემა გამართლდეს არა სახელმწიფოს ლიდერების იმუნიტეტის არარსებობით, არამედ გაეროს წესდებიდან მომდინარე ვალდებულებებით; შესაბამისდ, ამ ეტაპზე კვლავ რთულია იმის პროგნოზირება, რა ბედი ეწევა სხვა რომელიმე სახელმწიფოს მოქმედ ლიდერს, თუ მათ დაადანაშაულებს საერთაშორისო სისხლის სასამართლო წესდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში-დაიცავს მათ იმუნიტეტი, თუ რომის წესდება გადაწონის?
ამ კითხვაზე ყველაზე დამაჯერებელი პასუხის გასაცემად გამოდგებოდა საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა. ვინ იცის, იქნებ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიმართოს კიდეც სასამართლოს ამ კითხვით?!