ავტორი: კონსტანტინე კორკელია
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორი.
1. შესავალი
ორი ათეული წელი შესრულდა, რაც საქართველო გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე (1999 წ.), რის შედეგადაც მის იურისდიქციაში მყოფ პირებს მიეცათ ევროპულ სასამართლოში სარჩელების შეტანის შესაძლებლობა იმ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც ვერ იქნა დაცული ეროვნულ დონეზე. ამავდროულად, ოცი წელი გავიდა, რაც ევროპული კონვენცია გახდა საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი, ეროვნული სამართლის წყარო, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მართლმსაჯულების განხორციელებისას როგორც სასამართლო დავის გადაწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა, რათა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია რეალურად გამხდარიყო საქართველოს სამართლებრივი სისტემის ნაწილი, რომელსაც გამოიყენებდნენ როგორც სასამართლო, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში. კონვენცია და მისი სტანდარტები აისახა საქართველოს მრავალ ნორმატიულ აქტში. ჩატარდა არაერთი ღონისძიება პროფესიული ჯგუფებისათვის, მათ შორის ადვოკატების, მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის, რაც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე. ყოველივე ამის მიზანი კი იყო ევროპული სტანდარტების გამოყენების პრაქტიკის დამკვიდრება საქართველოში.
მიუხედავად გატარებული შრომატევადი სამუშაოსა, მრავალი სასწავლო კურსის, სემინარის, კონფერენციისა და, ზოგადად, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებისა, ისევე როგორც დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსების ხარჯვისა, გასული ორი ათეული წლის ანალიზი იძლევა არაერთგვაროვანი დასკვნის საფუძველს ევროპული სტანდარტების გამოყენების თვალსაზრისით. გადადგმული დადებითი ნაბიჯების მიუხედავად, რაც გამოიხატა კონვენციის სტანდარტების მზარდ, თუმცა არცთუ ყოველთვის მართებულ, გამოყენებაში, საკმარისი საფუძველია მტკიცებისათვის, რომ იურიდიული პროფესიების ყველა წარმომადგენელს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული, რა როლი ენიჭება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ადამიანის უფლებათა უკეთ დასაცავად.
წინამდებარე სტატიაში გაანალიზდება ადვოკატების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების გამოყენებაში. ყურადღება გამახვილდება – როგორ შეუძლიათ ადვოკატებს არა მხოლოდ უკეთესად დაიცვან მარწმუნებლის უფლებები და ინტერესები, არამედ შეიტანონ თავიანთი წვლილი ევროპული სტანდარტების საფუძველზე ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწაში.
სტატიაში, უპირველეს ყოვლისა, განიხილება ადვოკატის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებაში ეროვნულ დონეზე, ხოლო მოგვიანებით გაანალიზდება მისი როლი ევროპულ დონეზე.
ამ სტატიის შეზღუდული ფორმატი არ იძლევა არც მოსამართლეებისა და პროკურორების და არც იურიდიული პროფესიების სხვა წარმომადგენლების როლის ანალიზის საშუალებას ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა სტატიამ შეიძლება მოახდინოს ამ პროფესიების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით მოსამართლეთა, როლის ახლებურად გააზრების წახალისება.
2. ადვოკატის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე გამოყენებაში
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია აღიარებულია კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, მიერ ეროვნული კანონმდებლობის ნაწილად, რაც იმას ნიშნავს, რომ კონვენციისეული სტანდარტები (როგორც თავად კონვენცია და მისი ოქმები, ისე ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულების განხორციელებისას.1 საქართველოში როგორც კონსტიტუციის, ისე დარგობრივი კანონმდებლობის დონეზე აღიარებულია, რომ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კანონმდებლობის ნაწილია და პირდაპირი მოქმედებისაა.2 ევროპული კონვენციის პირდაპირი მოქმედების აღიარება დიდ სამართლებრივ სირთულესთან არ არის დაკავშირებული, თუმცა პრაქტიკაში საჭიროა საკმაოდ დიდი დრო, წლები და, შეიძლება, ათწლეულებიც კი, რომ შესაბამისი იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებმა, მათ შორის ადვოკატებმა, ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები მართლმსაჯულების განხორციელებისას.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, რომლებმაც შედარებით გვიან აღიარეს კონვენციის პირდაპირი მოქმედება, ისე საქართველოში ადვოკატებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების მოშველიება ეროვნული სასამართლოს წინაშე მათთვის არის არა თავს მოხვეული ვალდებულება, არა დამატებითი ტვირთი, არამედ საშუალება, რომ კონვენციის სტანდარტების გამოყენებით მათი პოზიცია და არგუმენტები უფრო დამაჯერებელი გახდეს სასამართლოსათვის, რითაც გაიზრდება სასამართლოში მათი წარმატების შანსი.
მართლმსაჯულების განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებას აქვს რამდენიმე უპირატესობა. ამ სტანდარტების გამოყენებით ადვოკატს შეუძლია არა მხოლოდ მიაღწიოს წარმატებას კონკრეტულ საქმეზე, არამედ დადებითი გავლენა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარებაზე, ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებით ადვოკატებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ და დახმარება გაუწიონ ეროვნულ სასამართლოებს:
ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ეროვნული სტანდარტების განვითარებაში;
ბ) ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ვაკუუმის შევსებაში;
გ) ევროპულ სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას შორის კოლიზიის თავიდან აცილებაში;
დ) ზოგადად ან ბუნდოვნად ფორმულირებული ეროვნული კანონმდებლობის სწორად განმარტების უზრუნველყოფაში;
ე) ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა განჭვრეტაში;
ვ) ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებისათვის მეტი დამაჯერებლობის შეძენაში.
2.1. ადვოკატის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ეროვნული სტანდარტების განვითარებაში
ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებით ადვოკატს შეუძლია, დაეხმაროს ეროვნულ სასამართლოებს, განავითაროს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტანდარტები ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც განაპირობებს ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განმარტებასა და გამოყენებას, არის ის, რომ კონვენცია მიჩნეულია „ცოცხალ“ დოკუმენტად, რომლის დებულებები უნდა განიმარტოს საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლისა და განვითარების კვალდაკვალ. თუ ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა განიმარტება და გამოიყენება არა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, არამედ უფრო ვიწროდ, ისინი შეიძლება ჩამორჩნენ ევროპულ სტანდარტებს, რისი შედეგიც იქნება ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტების დარღვევა.
2.2. ადვოკატის როლი ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ვაკუუმის შევსებაში
ადვოკატებს შეუძლიათ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება, რათა დაეხმარონ ეროვნულ სასამართლოებს კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ვაკუუმის შევსებაში. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა არ აწესრიგებს შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობას (სახეზეა სამართლებრივი ვაკუუმი), მაშინ, როდესაც შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება ევროპული კონვენციის სტანდარტებით. ეროვნულმა სასამართლოებმა ევროპული სტანდარტები შეიძლება გამოიყენონ როგორც სამართლებრივი გამოსავალი, გარკვეული გზამკვლევი იმისა, როგორ უნდა გადაწყდეს სამართლებრივი საკითხი.
2.3. ადვოკატის როლი ევროპულ სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას შორის კოლიზიის თავიდან აცილებაში
ადვოკატის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებას შეუძლია, უზრუნველყოს არა მხოლოდ ევროპულ სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას შორის კოლიზიის თავიდან აცილება, არამედ ასევე მოახდინოს სტიმულირება, რომ ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანონ კონვენციის სტანდარტებთან.
2.4. ადვოკატის როლი ზოგადად ან ბუნდოვნად ფორმულირებული ეროვნული კანონმდებლობის სწორად განმარტებაში
ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების მიხედვით ეროვნული კანონმდებლობის განმარტებამ ადვოკატის მიერ შეიძლება წაახალისოს ეროვნული სასამართლო, რომ მან სწორად განმარტოს ზოგადად ან ბუნდოვნად ფორმულირებული ეროვნული კანონმდებლობის დებულებები.
კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ეროვნული კანონმდებლობის განმარტება შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა საკმარისი სიზუსტით არ აწესრიგებს გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობას, რაც ქმნის არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფრთხეს და რისი შედეგიც შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევა.
საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არის ასეთი შემთხვევები. ერთ-ერთი ადრინდელი საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა (2002 წ.), ეხებოდა ჟურნალისტის მიერ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას. ის შეიცავდა მაღალი რანგის თანამდებობის პირის კრიტიკას,3 რომელიც ამტკიცებდა, რომ საგაზეთო პუბლიკაციით შეილახა მისი პატივი და ღირსება და ის უნდა იქნეს უარყოფილი.
ვინაიდან საქართველოს იმდროინდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა პოლიტიკოსთა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა თმენის ვალდებულებას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული კანონმდებლობის სწორი განმარტებისათვის. ასეთი განმარტების შედეგად, უზენაესმა სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს, განსხვავებით კერძო პირებისაგან, აქვთ თმენის ვალდებულება, როდესაც კრიტიკა ეხება მათ საჯარო საქმიანობას.
უდავოა, რომ ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებამ ეროვნულ სასამართლოს მისცა შესაძლებლობა, სწორად განემარტა ეროვნული კანონმდებლობა და მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს სასამართლოებში დამკვიდრდა სწორი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, პოლიტიკოსებსა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ეკისრებოდათ თმენის ვალდებულება, თუმცა 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე განამტკიცა თმენის ვალდებულების ევროპული სტანდარტი.
2.5. ადვოკატის როლი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა განჭვრეტაში
ადვოკატის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების მოშველიება შეიძლება დაეხმაროს ეროვნულ სასამართლოს, განჭვრიტოს საკუთარი გადაწყვეტილების ბედი ევროპულ სასამართლოში, თუ მოსარჩელე, ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის შემდეგ, სარჩელს შეიტანს ევროპულ სასამართლოში.
თუ ეროვნული სასამართლო არ გაითვალისწინებს ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომელშიც სხვა სახელმწიფოსთან მიმართებით მსგავს საქმეზე უკვე დადგინდა კონვენციის დარღვევა, მოსალოდნელია, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს და დაადგენს კონვენციის დარღვევას.
ამიტომ, ცხადია, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება ეროვნული სასამართლოსა და, ზოგადად, სახელმწიფოს ინტერესებშია, ვინაიდან ეს აძლევს შესაძლებლობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები და ინტერესები ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. თუ ეროვნული სასამართლოები გამოიყენებენ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და დაიცავენ პირთა უფლებებს ევროპული სტანდარტების მიხედვით, ალბათობა, რომ ეს პირები მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თავიანთი უფლებების დასაცავად, მცირეა და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს კონვენციის დარღვევა საქართველოს მიერ.
2.6. ადვოკატის როლი სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის სამართლებრივი დამაჯერებლობის შეძენაში
თუ ადვოკატის არგუმენტები, რომლებიც ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს, დამაჯერებელი იქნება ეროვნული სასამართლოსათვის, დიდი ალბათობაა, რომ ეროვნულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მოახდინოს ევროპული სტანდარტების დეტალური ანალიზი, რათა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება მათ საფუძველზე. ასეთი გადაწყვეტილება დიდი ალბათობით უფრო დამაჯერებელი იქნება დავის მხარეთათვის, მიუხედავად იმისა, რომელი მხარის სასარგებლოდ იქნება ეს გადაწყვეტილება.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსარჩელემ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობაში, თუ ეროვნული სასამართლო თავის გადაწყვეტილებას დააფუძნებს არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობაზე (რომელიც, მხარის აზრით, შეიძლება იყოს ხარვეზიანი ან კონვენციის სტანდარტებთან შეუსაბამო), არამედ ასევე ევროპული კონვენციის სტანდარტებზე, რომლებსაც მოსარჩელე ეჭვის ქვეშ არ დააყენებს მასში გათვალისწინებული მაღალი სტანდარტების გამო.
თუ მართლმსაჯულების განხორციელებისას ეროვნული სასამართლო გამოიყენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას ამ სტანდარტებით, მიღებული გადაწყვეტილებები იქნება უფრო დამაჯერებელი და სანდო დავის მხარეთათვის.
2.7. ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოუყენებლობის მიზეზები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენების მზარდი რაოდენობის შემთხვევებია, ამ პროცესს ხელს მაინც უშლის რიგი მიზეზებისა:
ა) მართლმსაჯულების განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოუყენებლობის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ეროვნული მოსამართლეები გადატვირთულნი არიან მიმდინარე სასამართლო საქმეებით. თუ მოსამართლის წინაშე არსებული საქმეების რაოდენობა მეტისმეტად დიდია, მაღალი ალბათობით, იგი ვერ მოახერხებს ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებას და სასამართლო დავას გადაწყვეტს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. მოსამართლეთა გადატვირთულობის პირობებში ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების ნაკლები ალბათობა განპირობებულია იმით, რომ ასეთი პრეცედენტების მოძიებას სჭირდება დრო და ძალისხმევა, ვინაიდან ისინი გაფანტულია ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაში, განსხვავებით ეროვნული კანონმდებლობისაგან, რომელიც ერთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენიმე ნორმატიულ აქტში არის თავმოყრილი. ამას გარდა, მოსამართლეების დიდი ნაწილი (ისევე როგორც ადვოკატების) ენობრივი ბარიერების გამო ვერ სარგებლობს ამ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ქვეყნდება ინგლისურ და/ან ფრანგულ ენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ნაწილი ქვეყნდება ქართულ ენაზე, მათი რაოდენობა ზღვაში წვეთია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საერთო რაოდენობასთან შედარებით.
ეროვნული სასამართლოების მიერ ევროპული კონვენციის სტანდარტების გამოყენებას ხელს შეუწყობდა, თუ ადვოკატები აქტიურად მოიშველიებდნენ ევროპული კონვენციის სტანდარტებს ეროვნული სასამართლოების წინაშე თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად.
ბ) მართლმსაჯულების განხორციელებისას ევროპული სტანდარტების გამოუყენებლობის მეორე მიზეზია ხარვეზები მოსამზადებელ (საგანმანათლებლო) და საინფორმაციო პოლიტიკაში.4 ბუნებრივია, რომ ადვოკატები და მოსამართლეები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით, ან აქვთ ინფორმაციის ნაკლებობა კონკრეტული უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციისეული განმარტების შესახებ, დიდი ალბათობით თავს შეიკავებენ ამ სტანდარტებთან მიმართებით თავიანთი პოზიციის გამოხატვისაგან.
ევროპის საბჭოს გამოცდილების გაზიარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე საუნივერსიტეტო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში სასარგებლო იქნება ადვოკატებისათვის და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს, რათა ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები მართლმსაჯულების განხორციელებისას.5
გ) კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებას, არის ზოგიერთი ადვოკატისა და მოსამართლის შეხედულება, რომ კონვენციის სტანდარტების გამოყენება უსარგებლოა, რადგან ისინი არ აწესრიგებენ შესაბამის სამართლებრივ საკითხს, ან ეს ევროპული სტანდარტები უფრო დაბალია, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები. მათი აზრით, ამ მიზეზის გამო ევროპული სტანდარტების გამოყენება ვერ შეიტანს დადებით წვლილს ადამიანის უფლებათა უკეთესად დაცვაში, რის გამოც აზრი არ აქვს ამ სტანდარტების გამოყენებას.
ზოგიერთი ადვოკატი და მოსამართლე კონკრეტულ საქმეზე შემოიფარგლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტექსტის განხილვით და არ ახდენს ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზს, რის შედეგადაც აკეთებს მცდარ დასკვნას, რომ კონვენცია არ აწესრიგებს დავის საგანს. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზის გარეშე, ადვოკატი ან მოსამართლე დიდი ალბათობით დაასკვნის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები არ ეხება სასამართლოს წინაშე წარმოქმნილ დავას. ადვოკატებისა და მოსამართლეების შეხედულება, რომ კონკრეტული სამართლებრივი საკითხი არ წესრიგდება ევროპული კონვენციის სტანდარტებით, შეიძლება, იოლად შეიცვალოს, თუ ისინი გამოიჩენენ ძალისხმევას და გააანალიზებენ ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
3. ადვოკატის როლი
ევროპულ დონეზე
ადვოკატის როლი პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაში არ შემოიფარგლება მისი საქმიანობით ეროვნულ დონეზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელმაც დააარსა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ითვალისწინებს ადვოკატის მნიშვნელოვან როლს ადამიანის უფლებათა დაცვაში ევროპულ დონეზე.
ადვოკატების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა გამოწვეულია მისი მარწმუნებლის იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სურვილით, რომლებიც დაირღვა ეროვნულ დონეზე. კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეუსაბამობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან, ისე ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ეროვნული სტანდარტების შეუსრულებლობა (დაუცველობა) ამ პირთა მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომელია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის მიზეზი, ადვოკატმა შეიძლება არა მხოლოდ დაიცვას მისი მარწმუნებლის უფლებები და ინტერესები, არამედ ევროპული სასამართლოს მეშვეობით მოახდინოს დადებითი გავლენა ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე.
შეტანილი სარჩელის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ შეიძლება დაადგინოს ადამიანის უფლებათა დარღვევა იმის გამო, რომ ეროვნული კანონმდებლობა და/ან ადმინისტრაციული პრაქტიკა არ არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი. ამ გადაწყვეტილების შედეგი კი ის იქნება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სახელმწიფოს მოუწევს კანონმდებლობის ან პრაქტიკის შეცვლა და ისეთი სტანდარტის დამკვიდრება, რომელიც შესაბამისი იქნება ევროპული კონვენციის სტანდარტებისა. აქედან გამომდინარე, ადვოკატის სარჩელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ევროპული კონვენციის სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და/ან პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანაზე.
ადვოკატებმა, რომლებსაც სარჩელი შეაქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, შეიძლება გავლენა მოახდინონ არა მხოლოდ მოპასუხე სახელმწიფოს, არამედ სხვა ქვეყნების ეროვნულ სამართალსა და პრაქტიკაზე, რომლებშიც მსგავსი პრობლემები არსებობს. ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების პრაქტიკაში არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც ევროპული სასამართლოს ერთმა გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მოპასუხე სახელმწიფოს, არამედ ასევე სხვა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასა და სასამართლო/ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე.
როგორც ცნობილია, როდესაც ევროპული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეზე, ის ადგენს გარკვეულ სტანდარტს, რომლის მნიშვნელობა სცდება კონკრეტული საქმის ფარგლებს.6 ევროპულმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: „სასამართლოს გადაწყვეტილებები სინამდვილეში ემსახურება არა მხოლოდ იმას, რომ გადაწყვიტოს ის საქმეები, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს წინაშე, არამედ უფრო ზოგადად განმარტოს, დაიცვას და განავითაროს კონვენციით ჩამოყალიბებული წესები, რომელთა მეშვეობითაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოების მიერ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მათ, როგორც ხელშემკვრელმა მხარეებმა, იკისრეს.“7
იმ საქმეებზეც კი, რომლებიც არ ეხება ეროვნული კანონმდებლობისა და/ან პრაქტიკის შეუსაბამობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან, ადვოკატები მაინც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს. ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატის ძალისხმევა შეიძლება უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტებისა თავიანთი სამართლებრივი ბერკეტებით, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსებით.
ადვოკატის მნიშვნელოვანი როლის მაგალითია საქმე ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ – ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა საქართველოს მიერ.8 თენგიზ ასანიძე, რომელიც ქ. ბათუმის მერი იყო, იხდიდა სასჯელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკანონო ფინანსური ოპერაციებისა და იარაღის შენახვისა და ტარებისათვის, რისთვისაც მას 1994 წელს მიუსაჯეს რვაწლიანი პატიმრობა. 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა თენგიზ ასანიძე, თუმცა იგი არ გაუთავისუფლებიათ პატიმრობიდან. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს გატაცებისათვის, ხოლო 2000 წელს აჭარის უმაღლესმა სასამართლომ შეუფარდა თორმეტწლიანი პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაამართლა თენგიზ ასანიძე, ის მაინც არ გაათავისუფლა იმდროინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მცდელობებისა, მან ვერ შეძლო მოსარჩელის უფლებების დაცვა და თენგიზ ასანიძე რჩებოდა საპატიმრო დაწესებულებაში.
თენგიზ ასანიძემ ადვოკატთა დახმარებით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის დარღვევა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსარჩელის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ვერაფერს გახდა, უზრუნველეყო თენგიზ ასანიძის უფლებების დაცვა და მისი გათავისუფლება, ევროპულ სასამართლოს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა მოსარჩელის საპატიმროდან გასათავისუფლებლად. ეს საქმე ადასტურებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატთა ძალისხმევა შეიძლება უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, ვიდრე მთელი სახელმწიფოსი.
4. დასკვნა
სტატიაში განხილული საკითხები ცხადყოფს, რომ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის ძირითად ფუნქციასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებით ადვოკატს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე.
ეროვნულ დონეზე, კონვენციის სტანდარტების დახმარებით, ადვოკატს შეუძლია, დადებითი გავლენა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარებაზე, ისევე როგორც მათ სწორ განმარტებასა და გამოყენებაზე.
ევროპულ დონეზე ადვოკატებს შეუძლიათ ისეთი შედეგის მიღწევა, რომლებიც არცთუ იშვიათად მიუღწეველია ეროვნულ დონეზე. ევროპულ სასამართლოში წარმატებული სარჩელის შეტანას შეიძლება მოჰყვეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული სამართლისა და/ან იურიდიული/ადმინისტრაციული პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
უფრო ზოგადად, ადვოკატებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კულტურის ჩამოყალიბებასა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობაში.
1 დეტალურად იხ. კ. კორკელია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში, თბ., 2004.
2 საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის მე-6(1) მუხლი.
3 გადაწყვეტილება, N3კ-390-02, 2002 წლის 4 ივლისი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე, 10, 2002 წელი.
4 იხ. კ. კორკელია, სასწავლო პროგრამა და საგამოცდო სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში მოსამართლეებისათვის, პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეთა თანაშემწეებისათვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და მათი გავლენა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე, სტატიათა კრებული, კ. კორკელია (რედ.), თბ., 2006, 144-187.
5 Recommendation Rec(2004)4 of the Committee of Ministers of the Council of Europe to member States on the European Convention on Human Rights in University Education and Professional Trainings, 12 May, 2004.
6 J. Polakiewicz, The Implementation of the ECHR and of the Decisions of the Strasbourg Court in Western Europe: An Evaluation, The Domestic Implementation of the European Convention on Human Rights in Eastern and Western Europe, E. Alkema, T. Bellekom, A. Drzemczewski (Eds.) 1992, 154.
7 ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kindgom), 1978 წლის 18 იანვარი, 154-ე პუნქტი.
8 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.