ამნისტიის კანონის შესახებ

12 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაამტკიცა კანონი „ამნისტიის შესახებ“.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კანონპროექტის ინიცირების დღიდან აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებში. 2020 წლის 21 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრთა შეხვედრა (დისტანციურ ფორმატში), სადაც დეტალურად იქნა განხილული ის შენიშვნები და მოსაზრებები, რომელიც გააჩნდათ ადვოკატებს ინიცირებულ კანონპროექტთან მიმართებით. აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებითა და ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის შემადგენლობით და შემუშავდა საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი მოსაზრებები, რომელიც ეფუძნებოდა შემდეგ პრინციპებს:

  • კანონპროექტი უნდა ატარებდეს ჰუმანურობის არა ფორმალურ, არამედ რეალურ ხასიათს და ემსახურებოდეს ადამიანთა მიერ კანონის დარღვევის პატიებას;
  • სსკ-ის ყველა მუხლის გადახედვის, მათი დისპოზიციების ქმედების ან უმოქმედობის შინაარსობრივი ნაწილისა და სანქციების (სასჯელების) შემოწმების საფუძველზე, გაფართოვდეს კანონპროექტის ფარგლები იმგვარად, რომ შენარჩუნებულ და დაცულ იქნეს კონსტიტუციით გათვალისიწინებული ფუნდამენტური ღირებულებები

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის პირველად ვარიანტსა და მესამე მოსმენით დამტკიცებულ საბოლოო ვარიანტს შორის არის არსებითი განსხვავებები ნორმათა რაოდენობისა და კანონპროექტის ფარგლების გაფართოების კუთხით, რაც, მათ შორის, დაკავშირებულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ საკომიტეტო განხილვებზე წარდგენილი მოსაზრებების საქართველოს პარლამენტის მიერ გაზიარებასთან. კერძოდ:

  • პარლამენტში მიერ ინიცირებულ თავდაპირველ კანონპროექტს დაემატა სსკ-ის 152-ე, 165-ე, 168-ე, 297-1-ე, 207-2-ე, 170-ე, 219-ე, 192-ე, 193-ე, 196-ე, 199-ე, 204-1-ე და 278-ე მუხლებით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა გათავისუფლება;
  • ამნისტიის კანონპროექტი გარკვეული ფორმით ასევე გავრცელდა არაძალადობრივ-ქონებრივ დანაშაულებთან მიმართებით, ისეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე, როგორიცაა მნიშვნელოვანი ზიანი და დიდი ოდენობა. შედეგად, მიღებული კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდებათ ნასამართლეობის არმქონე პირებს, რომელთაც ჩაიდინეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით, (ქურდობა, მნიშვნელოვანი ზიანი და დიდი ოდენობა), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (თაღლითობა, მნიშვნელოვანი ზიანი და დიდი ოდენობა), ასევე 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით, (მითვისება ან გაფლანგვა, მნიშვნელოვანი ზიანი და დიდი ოდენობა), 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), 205-ე, 205-1-ე და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის;
  • ასევე, მიღებული კანონის თანხმად, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლის მე-6 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს. (ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული დანაშაული განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და აგრეთვე, ამნისტიის მოქმედება გავრცელდება მთელ რიგ მუხლებზე ქალების მიმართ და იმ პირების მიმართ, რომელთაც მოპოვებული აქვთ სტუდენტის სტატუსი და მათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეეცვლებათ შინაპატიმრობით;
  • კანონის ძირითადი არსის გათვალისწინებით, რომ ამნისტია მოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც ზიანი არის ანაზღაურებული და დაზარალებული აცხადებს თანხმობას, დაკონკრეტდა გამოყენების მექანიზმი ობიექტური გარემოებების არსებობისას, ხოლო იმ დაზარალებულების შემთხვევაში, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, შესაძლებელი გახდა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარმოდგენა.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ამნისტიის კანონში აისახა რიგი მუხლებისა, რომელთა მოქმედება ვრცელდება დანიშნული სასჯელის განახევრებაზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ერთი მეოთხედით შემცირებაზე და დაკავშირებულია ისეთ დანაშაულებთან, როგორიცაა: სსკ-ის 214-ე მუხლი (საბაჟო წესის დარღვევა), სსკ-ის 218-ე მუხლი (გადასახადისგან თავის არიდება), სსკ-ის 151-ე (მუქარა) და სხვა არაძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში, ზიანის ანაზღაურების პირობით.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3oGfd9B

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი