ადვოკატთა ასოციაციის მიმართვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის

25 დეკემბერი 2019

გვსურს, გამოვეხმაუროთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 17/12/2019 გადაწყვეტილებას, რომლითაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.  
სამწუხაროდ, ტენდენციის სახეს იღებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დებულებების იმგვარი განმარტება, რაც ადვოკატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კლიენტის დაცვის ლეგიტიმური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას ზღუდავს. აღნიშნული კი საადვოკატო საქმიანობაში ჩარევის რეალურ საფრთხეს ქმნის. 
ადვოკატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადვოკატის შესახებ“ სპეციალური კანონითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით, რომლის ფარგლებშიც მისი მთავარი უფლებაა კლიენტის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით. 
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის არსი მართლმსაჯულების თანასწორობის საფუძველზე განხორციელებაში მდგომარეობს. დაუშვებელია ადვოკატს შეეზღუდოს უფლება მოიპოვოს და გაავრცელოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დაზარალებულის ანდა ბრალდების მხარის მიერ საჯარო განხილვის საგანი ხდება. აღნიშნული შეზღუდვა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა: ბრალდებულის დაცვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადვოკატის დამოუკიდებლობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობა. 
ადვოკატის საქმიანობასთან მიმართებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დებულებათა განმარტებისას, პირის პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი შესაძლოა დაუპირისპირდეს დაცვის უფლების, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სამართლიანი სასამართლოს უფრო მაღალ საჯარო ინტერესს. ამ ფონზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის განმარტება ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ შეიზღუდოს ადვოკატის დამოუკიდებლობა, მის საქმიანობაში ჩაურევლობა და  მართლმსაჯულების ზემოაღნიშნული ფუნდამენტური პრინციპები.    
აღსანიშნავია, რომ საადვოკატო საქმიანობის შეზღუდვის დამატებით რისკებს ქმნის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იმგვარი პრაქტიკის დადგენის მცდელობა, რაც ადვოკატისთვის პროფესიული საიდუმლოების პრინციპით დაცული ინფორმაციის გამჟღავნების დავალდებულებაში გამოიხატება. პროფესიული საიდუმლოების დაცვა ადვოკატის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და ვალდებულებაა, რაც გარანტირებულია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტებითაც.
ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი ხდება მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, კონფიდენციალურია და ექვემდებარება გაუმჟღავნებლობის აბსოლუტურ პრივილეგიას. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან, რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან ადვოკატმა სხვა წყაროდან შეიტყო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, დაუშვებელია პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესის იმგვარი განმარტება, რითიც საფრთხე ექმნება ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვისა და საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობის პინციპებს. ეს კი, თავის მხრივ, აზიანებს მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების ინტერესებსა და კანონის უზენაესობას. 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში ადვოკატთა მიმართ გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინოს საადვოკატო საქმიანობის სპეციალური კანონით განსაზღვრული პრინციპები და მოთხოვნები, რაც განაპირობებს პირის დაცვის უფლებისა და პროფესიული საიდუმლოების უზრუნველყოფას და საადვოკატო საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი