ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და დემოკრატია

4 ოქტომბერი 2020

ამირან გიგუაშვილი
ადვოკატი, სამართლის დოქტორი;
ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიულ ფასეულობებზე, ცხადია, ვგულისხმობთ, მათ შორის, სანდო და ხარისხიან მართლმსაჯულებას,  როგორც ადამიანის ბუნებითი უფლებების შემადგენელ ნაწილს. ამ თვალსაზრისით, მართლმსაჯულების განხორციელების სხვადასხვა მექანიზმებს შორის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსაკუთრებული ისტორიული და  კულტურული  ღირებულება გააჩნია.

„ჩემი აზრით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური პრინციპების დაცვა“ - წერდა ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელ მამათაგან ერთ-ერთი, თომას ჯეფერსონი, ჯერ კიდევ 1788 წელს.{1}

წინამდებარე სტატიის მიზანი არ არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართულ სამართლებრივ სივრცეში არსებული მექანიზმების და კანონმდებლობის მიმოხილვა. ამის თაობაზე არაერთი საინტერესო კვლევა არსებობს, რაც, ცხადია, საყურადღებოა საკითხით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.

ჩვენი მიზანია, ვიმსჯელოთ ერთი მხრივ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს როლზე მართლმსაჯულების პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების პროსესში, ხოლო მეორე მხრივ, ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს ამ მიმართულებით საზოგადოების პროაქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა. განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია უკანასკნელ პერიოდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა, რომელიც ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.{2} ამასთან, ამ პროცესთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც განახორციელეს CRRC-საქართველო“-მ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“, გამოიკვეთა ერთი ფრიად საგულისხმო ტენდენცია, კერძოდ: კითხვაზე - 2019 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენებიდან, რომელია თქვენი აზრით მნიშვნელოვანი? - მხოლოდ გამოკითხულთა 1%-მა მიიჩნია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა მნიშვნელოვან მოვლენად, მაშინ, როდესაც ლარის გაუფასურება, ასეთ მოვლენად გამოკითხულთა 31%-მა მიიჩნია.{3}

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვნებათაღელვაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ პოლიტიკურ პროცესს და ამ პროცესში ჩართულ სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის, პროფესიულ წრეებს, ხოლო თავისთავად ის გარემოება, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი პროცესი დარჩა საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის მიღმა, ჩემი აზრით, ადასტურებს არა სასამართლოს ხელისუფლების, ან ზოგადად ხელისუფლების მიმართ მაღალ ნდობას, არამედ პროცესისადმი  ფართო საზოგადოების გაუცხოებას და სოციალური პრობლემების პრიორიტეტულობის ფონზე, მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესის მიმართ ინდეფერენტულობას.

ის, რომ დემოკრატია უფრო ეფექტურად მუშაობს იქ, სადაც სოციალური მდგომარეობა უფრო მაღალია, არის თავისთავადი მოცემულობა, რომელზეც ცივილიზებულ სამყაროში აღარავინ დავობს. „ცხადია, მხოლოდ სოციალური კეთილდღეობა არ არის დემოკრატიის გარანტი. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის დასაშვებად, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონე, მით მეტია შანსი, რომ დემოკრატია იარსებებს. ეს იმ გავლენით აიხსნება, რასაც ეკონომიკური განვითარება ახდენს მოსახლეობის ხასიათზე, მაგრამ იმის დაშვებაც არასწორია, რომ თითქოს დემოკრატია მხოლოდ ეკონომიკის განვითარების მაღალი დონის პირობებში შეიძლება არსებობდეს.“{4}

სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუციონალიზაციასთან არის დაკავშირებული, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი კვლევები არ არის განხორციელებული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი აწესრიგებს ნაფიც მსაჯულთა კრიტერიუმებს, რომლის თანახმად:

პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ:

ა) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი;

ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;

გ) ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;

დ) შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

კანონის 30 და 31 მუხლები განსაზღვრავს ნაფიცი მსაჯულობის შეუთავსებლობის და უარის საფუძვლებს, თუმცა პრაქტიკაში სახეზე გვაქვს რეალობა, როდესაც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატობის უდიდესი ნაწილი, ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს სასამართლო განხილვაში მონაწილეობას.

2019 წლის 27-28 ივნისს, ქ. ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. შეხვედრისას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, გამოიკვეთა მთელი სპექტრი საკითხებისა, რომელთა ირგვლივაც კონცეტრირება მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის გაძლიერებისათვის. სხვადასხვა  საინტერესო რეკომენდაციებს შორის, გამოითქვა მოსაზრება, რომ: შემუშავდეს  ცვლილებები სსსსკ-ის 91(8) და 240 მუხლებში, რომლითაც სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეს შეეძლება, ჯარიმის გამოყენება ადმინისტრაციული ზემოქმედების ფარგლებში, იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თავი აარიდეს ნაფიც მსაჯულთა ვალდებულებას.

ისტორიულად ნაფიცი მსაჯულობის ინსტიტუტმა, მთელი რიგი ევოლუციური ცვლილებები განიცადა. მართალია დღევანდელი სახით მოქმედი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს სამშობლოდ მე-11 და მე-12 საუკუნის ინგლისს მოიაზრებენ, როდესაც 1215 წელს მეფის მიერ ხელი მოეწერა მაგნა კარტას სახელით ცნობილ ისტორიულ დოკუმენტს და აღიარებული იქნა ყველა ადამიანის უფლება მისი საქმე განხილული ყოფილიყო თანამოქალაქეების მიერ, მაგრამ ნაფიცი მსაჯულების, ანუ სახალხო სასამართლოს ფესვები ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში მიდის, სადაც დემოკრატია და შესაბამისად სახალხო სასამართლოც არსებობდა მხოლოდ რჩეულთათვის, ანუ თავისუფალი მოქალაქეებისათვის.

მას შემდეგ, კაცობრიობის მისწრაფება, რომ საზოგადოებას თავად, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა მართლმსაჯულების განხორციელებაში, საუკუნეების განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა და ჰუმანიზმის ძირითად იდებთან ერთად იხვეწებოდა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარებას, განსაკუთრებული იმპულსი მისცა მე-19 და მე-20 საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ფუნდამენტურმა ცვლილებებმა ადამიანის უფლებების  და თანასწორობის პრინციპების აღიარების კუთხით. თანდათანობით მოიხსნა შეზღუდვები, რომლებიც ნაფიცი მსაჯულობიდან გამორიცხავდა ქალებს და აფროამერიკელებს. გაუქმდა ქონებრივი ცენზი და განათლების ცენზი და მთელი რიგი არარელევანტური შეზღუდვები.

ამჟამად  აშშ-ს და საერთო სამართლის ქვეყნების უდიდესი ნაწილის მიერ აღიარებულია პრინციპი, რომ ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობა, საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს, რაც ცნობილია - cross-section of community - პრინციპის სახელით.

„ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობა და მათი ვერდიქტი, არის მთელი დანარჩენი საზოგადოების მიკროსამყარო.“{5} სწორედ ეს არის ქვაკუთხედი იმ სისტემისა, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა პრინციპების იმპლემენტაციაც მიმდინარეობს ქართულ მართლმსაჯულებაში.

2016 წლის ცვლილებებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, გააფართოვა ნაფიც მსაჯულად არჩევის კრიტერიუმები და მოიხსნა ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა  ფსიქლოგის, ფსიქიატრის და იურისტის პროფესიული ცენზი. ასევე, მოიხსნა ბრალდებულის მონაწილეობის შეზღუდვა და ამჟამად, კანონში მითითებულია მხოლოდ პირის ნასამართლეობის შესახებ, რაც სრულად შეესაბამება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებამდე უდანაშაულობის კონსტიტუციურ პრეზუმფციას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასევე მოქმედებდა შეზღუდვა, რომლის თანახმადაც: ნაფიც მსაჯულად არ შეიძლებოდა შერჩეული ყოფილიყო პირი, თუ მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე. მართალია, ეს დათქმა ამოღებული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლიდან, თუმცა რეალურად ეს შეზღუდვა შენარჩუნებულია კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში, რომელიც გამორიცხავს პირის ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას თუ: არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

შესაბამისად, აშკარაა კანონმდებლის მიზანი, გააფართოვოს საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ფენების ჩართულობა ნაფიც მსაჯულთა მართლმსაჯულებაში და ამავე დროს შეზღუდოს კანდიდატების აცილების შესაძლებლობები.

მიუხედავად ამისა, არსებული პრაქტიკა კვლავაც ადასტურებს, კანდიდატთა მცდელობას, ყველა ხერხის გამოყენებით, თავიდან აირიდონ ის ტვირთი, რაც ნაფიც მსაჯულად პროცესში მონაწილეობას უკავშირდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ მიმართულობით მოქალაქეთა ნაკლებ ჩართულობას განაპირობებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. მართალია, სისხლის სამართლის პროცესის 28-ე მუხლი ადგენს ნაფიცი მსაჯულის და კანდიდატების სოციალურ გარანტიებს, მაგრამ ეს გარანტიები ხშირ შემთხვევაში არ არის ეფექტური ან არ გამოიყენება პრაქტიკაში.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი არის თვითდასაქმებული, ვისზეც ფაქტობრივად არ ვრცელდება სსსკ 28 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ის დანაწესი, რომლითაც - „დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება“. შესაბამისად, სრულად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ამგვარ შემთხვევებში უნდა გაკეთედეს მკაფიო ჩანაწერი, რომელიც თვითდასაქმებული პირებისათვის ანაზღაურების ტოლფას კომპენსაციას უზრუნველყოფს.{6} მით უფრო იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების გათავისუფლების შემთხვევები სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით ასევე ხშირია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

ამასთან, ცხადია შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების მცდელობები თავი აარიდონ პროცესში მონაწილეობას, მხოლოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული.

ინფორმირებულობა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების პროაქტიური ჩართულობა ზოგადად მართლმსაჯულების რეფორმირებასა და მის განხორციელებაში, არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც ამ ინსტიტუტის მდგრადობას განაპირობებს.

საერთო სამართლის ქვეყნებში და პირველ რიგში ინგლისსა და აშშ-ში, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო, თავად საზოგადოების ცნობიერებაში აღიქმება, როგორც მათი წინაპრების ისტორიული მონაპოვარი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან სახელმწიფოს კონტროლის ერთ-ერთ მთავარი ბერკეტია. აქვე უმნიშვნელოვანესია, რომ ამ რწმენის განმტკიცებისათვის მუდმივად მუშაობენ თავად მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც.

 „ჩვენ ყველას, მოსამართლეებს და იურისტებს, რომლებიც ვმუშაობთ შტატებისა და ფედერალურ სასამართლოებში, გვეკისრება პასუხისმგებლობა მოვახდინოთ საზოგადოების წინაშე იმის დემონსტრირება, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მუშაობს და რაც მთავარია, მუშაობს კარგად. ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ქმნის შესაძლებლობას წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე მართლმსაჯულების ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი ასპექტები. ჩემი გამოცდილებით, ნაფიცი მსაჯულების უმრავლესობა, როდესაც ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას, ხდებიან ამ სისტემის და ზოგადად ამერიკული მართლმსაჯულების სიტემის დიდი მხარდამჭერები“- აცხადებს ამერიკელი მოსამართლე მარვინ ე. ასპენი.{7}

ახალი ზელანდიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მაიქლ ქროსბის მოსაზრებით, ის მცირე ანაზღაურება, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები იღებენ, კომპენსირდება პრივილეგიით, რასაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში სხვა თანამოქალაქეებთან ერთად თანამონაწილეობის უპირატესობის განცდა ჰქვია. „ნაფიც მსაჯულებს მოაქვთ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება და მოლოდინი, რომ ისინი ისეთივე მიუკერძოებლები იქნებიან საქმეთა განხილვისას, როგორც მოსამართლეები“-აცხადებს მოსამართლე ქროსბი.{8}

პრაქტიკოს მოსამართლეთა ზემოაღნიშნული მოსაზრებები კიდევ უფრო ნათელჰყოფს, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ თავად ნაფიც მსაჯულებს, არამედ, უპირველს ყოვლისა, პროფესიული წრეების წარმომადგენლების მხრიდან პროცესისადმი მხარდაჭერას, როდესაც ვსაუბრობთ ნაფიცი მსაჯულების შესახებ, საზოგადოების ინფორმირებულობასა და ნდობის მოპოვებაზე.

ქართულ სინამდვილეში, სახელმწიფოს მხრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარებისთვის განხორციელებულ სამართლებრივ რეფორმებს ერთგვარად ეპიზოდური ხასიათიც აქვს. გასაგებია, რომ ერთდროულად, ყველა მიმართულებით ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოტანა მართლმსაჯულებაში უაღრესად ძვირადღირებული და ამასთან, ჩვენი ისტორიული და კულტურული თავისებურებების გათვალისიწინებით, ერთგვარად სარისკო ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავად სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტის ნიველირება. ამიტომ საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების მართლშეგნების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობების დონე და ინტენსივობა, გაძლიერდეს ნაფიცი მსაჯულების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები, შეიზღუდოს ნაფიცი მსაჯულების აცილების და თვითაცილების მექანიზმები და გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქცია.

როდესაც ხაზს ვუსვამთ იურისდიქციის გაფართოების მნიშვნელობას, გარდა თავად ამ ინსტიტუტის გაძლიერების მიზნებისა, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ პრობლემურ პრაქტიკას, რაც დაინერგა პროკურატურის მხრიდან ბრალდებულების მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც პრაქტიკოსი ადვოკატები ამახვილებენ ყურადღებას, არის ის, რომ პროკურატურა, როდესაც ხედავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემთხვევაში გამამართლებელი ვერდიქტის მაღალ ალბათობას, ახდენს ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას, უკვე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის ეტაპზე, რაც კანონმდებლობის ხარვეზიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ართმევს პირს უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს სამართლიან  სასამართლოზე, ხოლო ადვოკატს უზღუდავს შესაძლებლობას, ჯეროვანი დაცვა განახორციელოს, კლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

გარდა იმისა, რომ პროკურატურის მიერ დამკვიდრებული ეს პრაქტიკა, როგორც აღვნიშნეთ, წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს და ზოგადად სამართლებრივი სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპებთან, ასევე, აკნინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობას, ვინაიდან გამოდის, რომ პროკურორის ბრალდების ხელახალ ფორმულირებაზეა დამოკიდებული ამ პროცესის რეალიზების შესაძლებლობა.

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ბრალდებისა და დაცვის მხარის, როგორც მატერიალური და ორგანიზაციული თვალსაზრისით არაპროპორციულად ძლიერი და სუსტი მხარეების დაპირისპირებაში გამოიხატება. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქის ყველაზე დიდი უთანასწორო საწყისი პოზიციები მართლმსაჯულების პროცესში სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოშია.

ერთ მხარეს დგას სახელმწიფო, პროკურატურის სახით, სადაც მოქმედებს სპეციალური დეპარტამენტი, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, ხოლო მეორე მხარეს არის მოქალაქე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, კვალიფიციური იურიდიული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობაც კი არ აქვს.

სწორედ ამიტომ, უმეტესწილად, ის საქმეები, სადაც მორალური უპირატესობა დაცვის მხარეს არის, აღმოჩნდება ხოლმე არა ნაფიც მსაჯულთა დარბაზში, არამედ ერთპიროვნულ სასაამრთლოში, რაც ცხადია, კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ამ ინსტიტუტის პოპულარიზაციისა და მრავალფეროვანი პრაქტიკის დამკვიდრებისათვის.

რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვმსჯელობთ სახელმწიფოს ვალდებულებაზე მოახდინოს რომელიმე კონკრეტული ბრალდების დაცვის უფლების მატერალური და ორგანიზაციული მხარდაჭერა და აქაც საერთო ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაა არსებითი, მაგრამ აქვე ცხადია, უმნიშვნელოვანესია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციალიზაციის კუთხით ადვოკატთა ასოციაციის მიერ განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები და ამ პროცესში დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

მთლიანობაში, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად სხვადასხვა სახის ობიექტური თუ სუბიექტური ხელშემშლელი ფაქტორებისა, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო, როგორც ინსტიტუცია საქართველოში შედგა. რა თქმა უნდა რჩება საკითხები, რომლებიც სხვადასხვა გარემოებებთან ერთად პირდაპირ არის კავშირში სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებთან. იქნება გამოწვევები, იქნება პრობლემები და იქნებიან სკეპტიკოსები, რომლებიც ისაუბრებენ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ძვირადღირებულობაზე და არქაულობაზე. „ნულიფიკაციის“ პრობლემაზე და ნაფიცი მსაჯულების არაკომპეტენტურობაზე, მაგრამ ამავე დროს, მთელს ამ სწავლებისა და ბრძოლის პროცესში, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ორი ფუნდამენტური რამ: პირველი, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო არის მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ისტორიული გამოცდილებით დადასტურებული მექანიზმი და მეორე, ა რ არსებობს მხოლოდ პოლიტიკოსების, იურისტების, პროკურორების, ადვოკატების და მოსამართლეების მიერ შექმნილი მართლმსაჯულება. მართლმსაჯულებას ქმნის ხალხი და ნაფიცი მსაჯულები, როგორც ამ ხალხის სარკისებური წარმომადგენლები, არიან მთავარი აქტორები ამ პროცესში.

  1. ვიდმარი, ნილ / ჰანსი, ვალერი პ.: ამერიკელი ნაფიცი მსაჯულები (ვერდიქტი), მთარგმნელები: მალხაზ ნარინდოშვილი, რუსუდან ძიგრაშვილი, ნანა ბერუაშვილი, ანი მარჯანიძე ; სამეცნიერო რედაქტორი: გიორგი მელაძე ; რედაქტორები: ნატალია ვაჩეიშვილი, თეა ქიტოშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2019 წელი.
  1. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიში. ასევე კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“  შეფასებები და სხვა.
  2. CRRC-საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა. 21 ოქტომბერი 2019 წელი.
  3. კუსიანი, ელა: “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო-დემოკრატიის იდეალი?“, ღია დიპლომატიის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალი. - თბილისი, 2011. - ISSN 1512-374X. - N2(18). - გვ.44-55.
  4. Chibundu, Maxwell O.: Jury Trial and Democratic Values: On the Twenty-First Century Incarnation of an Eighteenth Century Institution (December 2006). University of Maryland Legal Studies Research Paper No. 2006-45, Available at SSRN: https://ssrn.com/abstract=950499 or http://dx.doi.org/10.2139/ssrn.950499.
  5. კუსიანი, ელა: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შერჩევის პრობლემა“,  ჟურნალი მართლმსაჯულება და კანონი. #1 (65), თბილისი, 2020 წელი.
  6. იხ. Aspen, Marvin E.: Jurors Play a Crucial Role in the Operation of Democracy in our Nation. https://civiljuryproject.law.nyu.edu/jurors-play-a-crucial-role-in-the-operation-of-democracy-in-our-nation/  [26.07.2020].
  7. იხ. Crosbie, Michael: The role of the jury in a democracy in action. https://www.districtcourts.govt.nz/about-the-courts/j/the-role-of-the-jury-in-democracy-in-action/ 26.07.2020].
  • საქართველოს კონსტიტუცია.
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი