ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისა და ადვოკატთა როლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში

4 ოქტომბერი 2020 - 19 აპრილი 2021

ავტორი: ლევან მესხორაძე 
ასოცირებული პროფესორი (ევროპის უნივერსიტეტი)
ევროკავშირის
პროექტის ხელმძღვანელი

 

                                                                         შესავალი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომშიევროპული სასამართლო“) გადაწყვეტილებების აღსრულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (შემდგომშიკონვენცია) გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლელებების დაცვის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია

კონვენციის წევრ სახელმწფოებს გააჩნიათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სწრაფი და ეფექტიანი აღსრულების ვალდებულება. ეს ვალდებულება უპირობოა. მოპასუხე ხელისუფლება ვერ მიუთითებს ეროვნული სამართლებრივი სისტემის სპეციფიკურობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გასამართლებლად. სავალდებულოა, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა, იქნება ეს სასამართლო, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კონვენციის დარღვევის აღმოსაფხვრელად.

წინამდებარე სტატია ეხება იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებით, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები (NHRI), მომჩივნები ან მათი წარმომადგენლები/ადვოკატები ახდენენ რეაგირებას აღსრულების პროცესზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სახეზეა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების/აღუსრულებლობის შემთხვევები. მათი როლის უკეთ წარმოსაჩენად, განხილული იქნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების სისტემა, აღსრულების ზადამხედველობის პროცედურა და საზედამხედველო ორგანოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი პრაქტიკა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების  ვალდებულების არსი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46- მუხლის თანახმად, კონვენციის წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან. მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, მოპასუხე სახელმწიფო თავისუფალია, აირჩიოს ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც ის შეასრულებს კონვენციის 46- მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებას.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა სრულფასოვანი აღსრულების მიზნით, სახელმწიფოებს შესაძლოა დაეკისროთ ინდივიდუალური ან/და ზოგადი ღონისძიებების იმპლემენტაციის ვალდებულება.

ინდივიდუალური ღონისძიებების ხასიათი, დარღვევის ბუნებიდან და მომჩივნის კონკრეტული მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მათი მიზანია, მოცემული მომჩივნის დარღვეული უფლების გამოსწორება ისე, რომ შეძლებისდაგვარად აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა (restitutio in integrum). თუ დარღვევის ნეგატიურ შედეგს განგრძობადი ხასიათი აქვს და დარღვევის შედეგი არ იქნა აღმოფხვრილი მომჩივნისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნების გზით, მინისტრთა კომიტეტი განიხილავს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ სხვა ინდივიდუალური ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საკითხს. ამის მიზანია, მოხდეს განგრძობადი ხასიათის დარღვევის აღმოფხვრა და შეძლებისდაგვარად გამოსწორდეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი.

ზოგადი ღონისძიებების მიზანია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოვლენილი სისტემური/სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრა და მსგავსი დარღვევების პრევენცია.

ზოგიერთ შემთხვევაში, საქმის გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ დარღვევა არსებული კანონმდებლობის ხარვეზებიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ კი, დარღვევას შესაბამისი კანონმდებლობის ან რეგულაციების არარსებობა იწვევს. ასეთ შემთხვევებშისახელმწიფოს მოვალეობაა, გაატაროს ზოგადი ღონისძიებები და შეიტანოს ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში ან მიიღოს ახალი კანონები და რეგულაციები იმ მიზნით, რომ ისინი შესაბამისობაში მოვიდეს სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ამ მიზნით, მოპასუხე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის მიზეზების დეტალური ანალიზი.

ინდივიდუალური ღონისძიებები: მომჩივანის დარღვეული უფლების აღდგენა
სამართლიანი დაკმაყოფილება

თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ეს ძირითადად გულისხმობს განცდილი მატერიალური და არამატერიალური ზიანის, ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას.

მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოიცავს როგორც რეალურად დამდგარ (damnum emergens), ასევე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას (lucrum cessans).

არამატერიალური ზიანის ანაზღაურება მიზნად ისახავს განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურებას. ევროპული სასამართლო არამატერიალური ზიანისათვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სამართლიანობის პრინციპისა და პრეცედენტული სამართლით დადგენილი წესების შესაბამისად.

რაც შერხება ხარჯებსა და დანახარჯებს, ევროპულ სასამართლოს შეუძლია დააკისროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებაეს მოიცავს ეროვნულ დონეზე და შემდგომ, ევროპული სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი სამი ელემენტის ზუსტად შეფასება შეუძლებელია, ევროპულ სასამართლოს შეუძლია გლობალური თანხის მინიჭება კომპენსაციის სახით. სასამართლო ზოგჯერ მიიჩნევს, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად საკმარისია დარღვეული უფლების აღსადგენად.

სხვა ინდივიდუალური ღონისძიებები

ევროპული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილება ყოველთვის არ აღმოფხვრის დადგენილი დარღვევის ყველა შედეგს. შესაბამისად, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ინდივიდუალური ღონისძიებების გატარება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

ინდივიდუალური ღონისძიბების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება სახელმწიფოებმა გაატარონ, არ არის ამომწურავი და მათი არჩევანი დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებაზე. მაგალითად:

ქვეყნიდან გაძევების (ექსტრადიცია, დეპორტაცია) ბრძანების გაუქმება, როდესაც მიმღებ ქვეყანაში არსებობს მომჩივნის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რეალური რისკი (Harkins v. the United Kingdom (application no. 71537/14), 15 June 2017);

ქონების დაბრუნება, რომელიც კონვენციის დარღვევით იქნა ჩამორთმეული (Vasilescu v. Romania (application no. 53/1997/837/1043), 22 May 1998);

უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება (Fatullayev v. Azerbaijan (application no. 40984/07), 22 April 2010);

აშშ- სახელისუფლებო ორგანოებისგან გარანტიის მიღება, რომ მომჩივანი არ დაექვემდებარება სიკვდილით დასჯას (Al Nashiri v. Poland (application no. 28761/11), 24 July 2014);

სამართალწარმოების განახლება ქვეყნის შიგნით (Londa Taktakishvili v. Georgia (application no. 46055/06), 16 October 2012.

თავიდან ეროვნულ დონეზე სამართალწარმოების განახლება გამონაკლისი ღონისძიება იყო, მაგრამ ამჟამად, ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია. ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს დარღვევამდე არსებული მდგომარეობის მიღწევას.

მინისტრთა კომიტეტმა თავის რეკომენდაციაში CM 2000 (2) მოუწოდა სახელმწიფოებს გადაესინჯათ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმის უზრუნველსაყოფად, რომ არსებობს restitutio in integrum-ის მიღწევის შესაბამისი შესაძლებლობები, კერძოდ კი, სამართალწარმოების განახლების გზით.

თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალწარმოების განახლების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები იღებენ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ. სამართალწარმოების განახლების აუცილებლობის დადგენის ძირითადი კრიტერიუმებია: დარღვევის ბუნება და მისი შედეგები მომჩივნისათვის (მისი გამოსწორება არ არის შესაძლებელი მხოლოდ სამართლიანი დაკმაყოფილების გზით). შემდგომში, ეს კრიტერიუმები კიდევ უფრო დაიხვეწა პრაქტიკაში, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ევროპულმა სასამართლომ მიიღო საქართველოსთან მიმართებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში ზოგჯერ მიუთითებს კონკრეტული გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, უმეტესწილად რეკომენდაციის სახით. თუმცა, თუ მოპასუხე სახელმწიფოს არ გააჩნია არჩევანი გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეუძლია გასცეს კონკრეტული ღონისძიებების გატარების ბრძანება, მაგ. უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება ან არასამართლიანად განთავისუფლებული მოსამართლის თანამდებობაზე აღდგენა (Oleksandr Volkov v. Ukraine (application no. 21722/11), 27 May 2013). 

 

ზოგადი ღონისძიებები: მსგავსი დარღვევების პრევენცია

როგორც ზემოთ აღინიშნა, ზოგადი ღონისძიებების მიზანია, გადაწყვეტილებაში გამოვლენილი სისტემური/სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრა.

პრაქტიკაში არაერთხელ დამდგარა ზოგადი ღონისძიებების გატარების საჭიროება, მაგალითად:

ცილისწამების დეკრიმინალიზაცია კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გზით (Dalban group of cases v. Romania (application no. 28114/9), 28 September 1999);

ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის დისკრიმინაციის აკრძალვა მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებით (Metzinger v. Germany, (application no. 29762/10, 9 February 2017);

ეროვნულ დონეზე უფლებათა დაცვის ქმედითი სამართლებრივი საშუალების შექმნა გაჭიანურებული სამართალწარმოებისთვის (Martins Castro and Alves Correia de Castro v. Portugal (application no. 33729/06), 6 October 2008).

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია თავად აარჩიოს ის საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც უზრუნველყოფს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას (სუბსიდიარობის პრინციპი). ამასთან, ეს თავისუფლება იზღუდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახული დასკვნებით და მინისტრთა კომიტეტის მიერ აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგებით.

 

გადაწყვტილებათა

აღსრულების სისტემა

მინისტრთა კომიტეტი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46- მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. მე-14 დამატებითი ოქმით გაფართოვდა მინისტრთა კომიტეტის უფლებამოსილება და მას მიენიჭა კონვენციის 39- მუხლის შესაბამისად (მეგობრული მორიგება) გამოტანილი განჩინებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ფუნქციაც.

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა, რომლის როლი და ფუნქციები განსაზღვრულია ევროპის საბჭოს წესდების IV თავით. კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან. ევროპის საბჭოს წესდების მე-15 მუხლის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოების მიმართ.

გადაწყვეტილებაზე აღსრულების ზედამხედველობის პროცესში მინისტრთა კომიტეტს დახმარებას უწევს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტი. დეპარტამენტი აფასებს სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს (სამოქმედო გეგმები და ანგარიშები); ამზადებს სააღსრულებო მასალებს, მათ შორის, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების პროექტებს; ამყარებს კომუნიკაციას დაზარალებულ მხარესთან, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ აქტორებთან.

გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტი მუდმივ კონტაქტშია ეროვნულ ხელისუფლებასთან, რათა ხელი შეუწყოს აღსრულების პროცესს მიზნობრივი აქტივობების განხორციელების გზით, როგორიცა არისიურიდიული ექსპერტიზა, ორმხრივი შეხვედრები, კონსულტაციები და სხვა.

გადაწყვეტილებების აღსრულებისთან დაკავშირებული მინისტრთა კომიტეტის შეხვედრები (CM-DH სხდომები) წელიწადში ოთხჯერ იმართება (მარტში, ივნისში, სექტემბერში და დეკემბერში) და გრძელდება მინიმუმ სამი დღის განმავლობაში. შეხვედრების განმავლობაში კომიტეტი მიმოიხილავს შერჩეული საქმეების აღსრულების თვალსაზრისით არსებულ პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებებს, რაც მოიცავს შეფასებებსა და რეკომენდაციებს. თუმცა, წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირება შესაძლოა სხვა ფორმითაც განისაზღვროს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმით გაფართოვდა მინისტრთა კომიტეტის უფლებამოსილება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან მიმართებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მინისტრთა კომიტეტს დაევალა ზედამხედველობა მორიგების შედეგად, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის შემთხვევაში, მინისტრთა კომიტიტს შუძლია მიმართოს სასამართლოს იმის დასადგენად, დაირღვა თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი თანამშრომლობის ვალდებულება. კომიტეტი ასევე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს გადაწყვეტილებების განმარტების მოთხოვნით.

აღსრულების გაძლირებული და სტანდარტული პროცედურა

2011 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის ახალიორ საფეხურიანი სისტემა, რომლის მიხედვით, მინისტრთა კომიტეტის წინაშე აღსრულებაზე ზედამხედველობა ორი სახის პროცედურის შესაბამისად მიმდინარეობს, ესენია: ზედამხედველობის სტანდარტული და გაძლიერებული პროცედურები.

სტანდარტული პროცედურის ფარგლებში, ზედამხედველობა ხორციელდება ყველა განჩინების/გადაწყვეტილების აღსრულებაზე. გამონაკლისს წარმოადგენს ცალკეული კატეგორიის საქმე, რომელიც ავტომატურად ექვემდებარება გაძლიერებული პროცედურით ზედამხედველობას, კერძოდ:

.. „პილოტური გადაწყვეტილება“;

საქმე, რომელიც ეხება სისტემურ ან სტრუქტურულ პრობლემას;

სახელმწიფოთაშორისი საქმე.

გარდა ამისა, კონკრეტულ განჩინებასთან/გადაწყვეტილებასთან მიმართებით, გაძლიერებული ზედამხედველობის განხორციელება შეიძლება მოითხოვოს სხვა წევრმა სახელმწიფომ ან მინისტრთა კომიტეტის სამდივნომ.

მინისტრთა კომიტეტის მონაწილეობა სტანდარტულ პროცედურაში შემოიფარგლება მხოლოდ იმის გადამოწმებით, შეასრულა თუ არა მოპასუხე მთავრობამ მის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა. ამ პროცედურაში არსებულ საქმეზე, მინისტრთა კომიტეტის ერთადერთი ფუნქციაა საქმეზე საბოლოო რეზოლუციის მიღება, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტი მოამზადებს მთავრობის ანგარიშის შეფასებას და მიიჩნევს, რომ მიღებული ღონისძიებები საკმარისია. პროცედურის ასეთი გამარტივება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ კომიტეტის საქმიანობა მიმართულია ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ საქმეებზე.

გაძლიერებული ზედამხედველობა მხოლოდ ისეთ საქმეს ეხება, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი ანიჭებს პრიორიტეტს. ასეთ შემთხვევებში, მინისტრთა კომიტეტი უფრო აქტიურ როლს ასრულებს აღსრულების მონიტორინგში, CM-DH სხდომებზე საქმეების განხილვის გზით.

აღსრულებაზე ზედამხდველობის პროცედურა

სტანდარტული პროცედურის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, გადაწყვეტილების/განჩინების საბოლოო ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, მოპასუხე მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს უნდა წარუდგინოს აღსრულების სამოქმედო გეგმა/აღსრულების ანგარიში.

სამოქმედო გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა გატარებასაც სახელმწიფო აპირებს კონკრეტული განჩინების/გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღსრულების ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებული ღონისძიებების შესახებ, მათი პრაქტიკული ეფექტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

როდესაც მიჩნეული იქნება, რომ საჭირო აღარ არის სხვა ღონისძიებების გატარება, ხელისუფლება მინისტრთა კომიტეტს წარუდგენს აღსრულების ანგარიშს და მოითხოვს საქმის დახურვას. თუ კომიტეტი მიიღებს ამ ანგარიშს, სარწმუნოდ და საკმარისად მიიჩნევს მასში მოცემულ ინფორმაციას, საქმეს დახურავს და მიიღებს საბოლოო რეზოლუციას.  

სამოქალაქო საზოგადოებისა და ადვოკატის როლი აღსრულების პროცესში

2006 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს ოფიციალურად აქვთ უფლება მინისტრთა კომიტეტს წერილობით წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები/კომენტარები აღსასრულებელ საქმეებთან დაკავშირებით. კერძოდ, გადაწყვეტილებებისა და მორიგების პირობების აღსრულების ზედამხედველობის წესების მე-9 წესის შესაბამისად, წარდგინებების გაკეთების უფლებამოსილება გააჩნიათ:

მომჩივნებსა და მათ წარმომადგენლებს;

არასამთავრობო ორგანიზაციებს;

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებს;

საერთაშორისო ორგანიზაციებს ან მათ ორგანოებსა და ინსტიტუტებს.

გასათვალისწინებელია, რომ მე-9 წესის შესაბამისად, მომჩივნები და მათი წარმომადგენლები უფლებამოსილი არიან წარადგინონ კომენტარები მხოლოდ ინდივიდუალურ ღონისძიებებთან, მათ შორის, სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მე-9 წესის შესაბამისად, მათ შეუძლიათ მოსაზრებების წარდგენა როგორც ინდივიდუალურ, ისე ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით, მაგალითად, კანონმდებლობის ექსპერტიზა, პრაქტიკის ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვამინისტრთა კომიტეტი ითვალისწინებს ამ ინფორმაციას და ხშირად მიუთითებს მასზე თავის დოკუმენტებში (შენიშვნები და ანალიზი, რომელსაც ამზადებენ CM-DH სხდომისთვის). 

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები და ადვოკატები ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში. გარდა ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის ადვოკატირებისა, მათ შეუძლიათ მინისტრთა კომიტეტის წინაშე ფაქტობრივი ინფორმაციის, შეფასებებისა და რეკომენდაციების წარდგენის გზით, ხელი შეუწყონ აღსრულების პროცესს და შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვას. მე-9 წესის შესაბამისად წარდგენილი კომენტარები ინფორმაციის განსაკუთრებით ღირებული წყაროა, რადგან ისინი საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირების და აღსრულების მიმდინარეობის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა.

ფაქტობრივი ინფორმაციის და სამართლებრივი კომენტარების გარდა, მინისტრთა კომიტეტის წინაშე შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად: საქმის გადატანა სტანდარტული ზედამხედველობის პროცედურიდან გაძლიერებულ პროცედურაზე; საქმის განხილვა CM-DH-ის ერთ-ერთ სხდომაზე; გადაწყვეტილების ან შუალედური რეზოლუციის მიღება; ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა განმარტებისათვის ან დარღვევის პროცედურის წამოწყებისათვის.

ამასთან, მომჩივანებს, პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, შეუძლიათ კომიტეტი პერიოდულად ჩააყენონ საქმის კურსში იმ დაბრკოლებების შესახებ, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავიანთ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების პროცესში და შესთავაზონ ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები.

აღსრულების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ან მისი წარმომადგენლისაგან მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ერთდროულად მიეწოდება მინისტრთა კომიტეტს და მოპასუხე სახელმწიფოს. თუ კომიტეტი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ცალკეულ საქმეებზე მიწოდებული წარდგინებები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. შეიძლება მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული მათი კონფიდენციალურობა ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.

საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებსა და ადვოკატებს აღსრულების პროცესის ხელშეწყობა ასევე შეუძლიათ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა აქტორთან კოორდინაციის, სახელისუფლებო ორგანოებთან დიალოგის წარმოების, საჯარო განცხადებების, ხელისუფლების მიერ აღსრულების პროცესში გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გზით.

დასკვნა

მინისტრთა კომიტეტის წესებისა და პრაქტიკის საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადვოკატებს შეუძლიათ სარწმუნო ინფორმაციის წარდგენისა და ექსპერტიზის გზით, დაეხმარონ მინისტრთა კომიტეტს პრობლემის უკეთ გაცნობიერებაში და ხელი შეუწყონ აღსრულების პროცესს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მე-9 წესის შესაბამისად წარდგენილი კომენტარები ინფორმაციის ღირებული წყაროა, რადგან ისინი საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირების და აღსრულების მიმდინარეობის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა.

პრაქტიკა მოწმობს, რომ ქართულ საქმეებზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ადვოკატების მონაწილეობის მაჩვენებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცედურაში დაბალია. თუ გავითვალისწინებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამათლოს გადაწყვეტილების აღსრულების ბუნებას, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებსა და ადვოკატებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ არა მხოლოდ დაზარალებულის უფლებების დაცვაში, არამედ წაახალისონ გარკვეული რეფორმების გატარება ზოგადი ღონისძიების სახით.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი