ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თავისებურებები

3 მარტი 2020

ავტორი: ნიკოლოზ გოგილიძე
შპს. „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“, აღმასრულებელი დირექტორი

 

ინტელექტუალური საკუთრება, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ეფექტური აღსრულების მექანიზმების არსებობა. გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური სისტემის არსებობა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს განვითარებულ ქვეყნებთან მჭიდრო და ახლო სავაჭრო თუ პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით.

საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დროს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემას წარმოადგენდა. აღნიშნულმა ასახვა ჰპოვა თვითონ შეთანხმებაში და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ცალკე თავი ეთმობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.

ზემოაღნიშნული შეთანხმების გაფორმების დროს, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა თითქმის სრულად იყო დაახლოებული ევროკავშირის რეგულაციებთან და მოთხოვნებთან. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ საქართველო არის ინტელექტუალური საკუთრების და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების წევრი და ასევე, რატიფიცირებული აქვს ამ ორგანიზაციების მიერ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ადმინისტრირებული საერთაშორისო შეთანხმებათა უმრავლესობა. გარდა ამისა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, 2010 წელს ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. აღნიშნულით ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ევროკავშირის მოთხოვნებთან. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საჭირო გახდა დამატებით, გარკვეული ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში, რათა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინტელექტუალური საკუთრების თავში მოცემული ნორმები სრულად ასახულიყო ეროვნულ კანონმდებლობაში. 2017 წელს საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა, რაც ძირითადად  ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დარღვევისას უფლებების აღსრულების მექანიზმებს ეხებოდა.

ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებში განსაკუთრებით საყურადღებოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებული ახალი თავი, რომელიც სამოქალაქო დავისას სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს ეხება. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგადი ნორმები, ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტურად დაცვას და განხორციელებას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ თავში მოცემული ნორმები იმპლემენტირებული და განმარტებული იყოს იმგვარად, რომ გათვალისწინებული იქნეს ის თავისებურებები, რაც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ დავებს ახასიათებს.

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გამოვყოთ ის განსხვავებები, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალურ თავშია მოცემული და რომელიც ზოგადი წესებისგან განსხვავებულად არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავების ზოგიერთ ასპექტს. ასევე, მნიშვნელოვანია, დავახასიათოთ ის დამატებითი მექანიზმები, რომელიც გათვალისწინებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაწილში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ დავებთან, ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების წესებს და მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36329- მუხლში. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის საფუძველზე:

) გამოიტანოს განჩინება იმ პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ან/და მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებსა და სხვა აქტივებზე) ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან კომერციული მასშტაბით დაარღვია განსაკუთრებული უფლება, თუ შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას განსაკუთრებული უფლების მფლობელის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ მიზნით სასამართლო განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებული უფლების შესაძლო დამრღვევისგან გამოითხოვს მის მფლობელობაში არსებულ საბანკო, ფინანსურ ან/და კომერციულ დოკუმენტებს/ინფორმაციას. ამ დოკუმენტების/ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. სასამართლო უფლებამოსილია ყადაღის საგნის იდენტიფიცირების მიზნით მიღებული დოკუმენტები/ინფორმაცია გადასცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ დამოუკიდებელ ექსპერტს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია;

) აუკრძალოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, იმ ქმედების განხორციელება, რომლითაც ირღვევა განსაკუთრებული უფლება“.1

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191- მუხლისგან განსხვავებით, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო დავებში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას, აღნიშნული მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის აუცილებელი არ არის, რომ ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ზოგადი წესებისგან განსხვავებით, 36329- მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შესაძლებელია გამოყენებულ იყოს სასარჩელო მოთხოვნის იდენტური აკრძალვა. კერძოდ, იმ ქმედების განხორციელება, რომლითაც ირღვევა განსაკუთრებული უფლება.

აღნიშნული განსხვავებები განპირობებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დარღვევის სპეციფიკით. კერძოდ, შესაძლო დამრღვევი ქმედების დაუყოვნებლივ აღკვეთის შესაძლებლობის გარეშე, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლებების მფლობელს ადგება გამოუსწორებელი ზიანი. 36329- მუხლის არსებობა ქართულ კანონმდებლობაში, ასევე, განპირობებულია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში. კერძოდ, საქართველო არისინტელექტუალური საკუთრებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებშეთანხმების (TRIPS Agreement) წევრი. ხელშეკრულების 50- მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „სასამართლო ორგანოები უფლებამოსილნი არიან შესაბამის შემთხვევაში მიიღონ დროებითი ზომები inaudita altera parte, კერძოდ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს შესაძლებლობა ნებისმიერმა დაყოვნებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უფლების მფლობელს, ან როდესაც არსებობს სამხილების განადგურების აშკარა რისკი“. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად უფლებების სავარაუდო დამრღვევი ქმედების აკრძალვის ვალდებულება, ასევე, ასახულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რომლის 194- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს შეეძლოს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაავალოს სავარაუდო დამრღვევ მხარეს ქმედების განხორციელება ან/და ქმედებისგან თავის შეკავება, რომელიც გამიზნულია ინტელექტუალური საკუთრების უფლების გარდაუვალი ხელყოფის შესაჩერებლად“.

აღნიშნული ნორმის განმარტებისას, საყურადღებოა 36329- მუხლის მე-5 ნაწილის მითითება იმის თაობაზე, რომინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი მოთხოვნებიგულისხმობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგადი ნორმებით რეგულირდება ის საკითხები, რომელიც არ არის მოცემული სპეციალურ XLIV​(12) თავში, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების წესი და პირობები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის საქმეებთან დაკავშირებით, კი გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები. წინამდებარე წესების შემოღება განპირობებული იყო სწორედ იმ გარემოებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგადი წესები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შემთხვევაში არ იყო ეფექტური, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას შეიძლება საფრთხე არ შეექმნას, დავის განმავლობაში მოპასუხის მიერ სავარაუდო დარღვევის გაგრძელება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს პირის ინტელექტუალურ საკუთრებას და აზრს უკარგავს ასეთი სახის დავას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელიც განსხვავებული წესებით არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.

დასკვნის სახით, აღსანიშნავია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების განსხვავებული წესი საშუალებას აძლევს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლებების მფლობელებს უზრუნველყონ უფლებების ეფექტურად დაცვა და განხორციელება, რაც მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის და ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების მფლობელების ინტერესის ზრდას საქართველოში უფლებების განხორციელების კუთხით.

1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36329 მუხლი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი