მე რომ ადვოკატი ვიყო

3 ნოემბერი 2019

ავტორი: დათო ტურაშვილი
მწერალი

 

ბავშვობაში ფეხბურთელობა მინდოდა, მაგრამ მშობლებმა ფეხბურთზე არ შემიყვანეს, – ფეხები საშინლად დაგეღუნებაო  და მაშინ, ფეხბურთელების დიდ ნაწილს, მართლა დაღუნული ფეხები ჰქონდა. რასაკვირველიამაშინ არ ვიცოდი, რომ ტვინის დაღუნვას, ფეხების დაღუნვა ჯობდა (აშკარად) და დედის სურვილს დავემორჩილე და მათემატიკის წრეს დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსობა, მართლა არასოდეს მინდოდა.

მინდოდა ადვოკატობა (სინამდვილეში), თუმცა არა ბავშვობიდან, არამედ მერე, როცა ოთხმოცდაათიან წლებში, უკვე აღდგენილი გვქონდა დამოუკიდებლობა, მაგრამ ადამიანებს მაინც ჩაგრავდნენ და მე კი მეგონა რომ თავისუფლება, პირველ რიგში, სამართლიანობას ნიშნავდა.

არადა ვიცოდი, რომ საბჭოთა საქართველოში, სამართლებრივი პრობლემები, ჩემი სტუდენტობის დროსაც არსებობდა (სხვა პრობლემებთან ერთად) და ჩვენი მშობლიური უნივერსიტეტის შემთხვევაში კი, იურიდიული ფაკულტეტის ტრაგიკომიკური მაგალითი გვქონდა. ტრაგიკული ის იყო რომ მისაღები გამოცდების ჩაბარება და იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრა, თითქმის იგივე ღირდა, რაც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტობა და ქრთამებს, საბჭოთა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოსაწყობად, ისინიც კი იღებდნენ, ვისაც მომავალი თაობების აღზრდა ევალებოდა. კომიკური კი ის იყო, რომ ერთი ქართველი აბიტურიენტი, იმდენ ხანს და იმდენჯერ აბარებდა მისაღებ გამოცდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომ ამასობაში დაოჯახდა და ოთხი შვილი გააჩინა: იური, დიული, ფაკული და ტეტი...

პირველად, როდესაც სასამართლო პროცესს დავესწარი, უკვე შევარდნაძე იყო დაბრუნებული საქართველოში და კორუმპირებული სასამართლო არავის უკვირდა სამწუხაროდ და მე, კი გამახსენდა, მე რა მიკვირდა ჩვენი სტუდენტობის დროს –  როცა მიტინგების გამართვა დავიწყეთ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ერთადერთი, ვინც არ გვიერთდებოდა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ. არადა მათ, პირველ რიგში უნდა ებრძოლათ სამართლიანობის აღსადგენად ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჩვენთან ერთად, არცერთი იურისტი არ აპროტესტებდა უსამართლობას, მიუხედავად იმისა ეს მათი მოვალეობა უფრო იყო, ვიდრე ჩვენი. (ჩვენ კი იმითაც კმაყოფილები ვიყავით რომ ხელისუფლება მათ არ იყენებდა ჩვენთან დასაპირისპირებლად პოლიციისა და ჯარის ნაცვლად).

ამიტომაც, პირველად რომ მოვხვდი სასამართლო პროცესზე, მაშინ გამიკვირდა იქ აღმოჩენილი არაპროფესიონალიზმი და არაჰუმანურობა, თორემ მერე და მერე კი მივხვდი, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მომხრე, ვერაფრით იქნება გაუნათლებელი ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის ღირსება და თავისუფლება.

მერე იმასაც მივხვდი, რომ ილია ჭავჭავაძის, კაცური კაცისა არ იყოს, ტერმინი სამართლიანი სასამართლო (და მისი მოთხოვნა), სულაც არ დამკვიდრდა ახლანდელ საქართველოში შემთხვევით. მიუხედავად იმისა, რომ შოთა რუსთაველი, „ქმნას მართლისა სამართლისა“, მართლა გენიალურად ხსნიდა ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში.

მერე, ჩემმა მეგობარმა ნინო კიკნაძემ, ადვოკატთა ასოციაციასთან დამაკავშირა და მისი  დამსახურებით შევხვდი პირველად დავით ასათიანს და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი იდეები და სურვილები მომავალ წიგნთან დაკავშირებით, ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე წიგნის დაწერა ქართული სამართლის ისტორიაზე.

(სხვათა შორის, რამდენჯერაც სასამართლო პროცესზე, იმის ახსნა დავაპირე (მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის), რომ ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წარმოადგენს, არ შეიძლება იყოს უსწავლელი, უნამუსო და უპასუხისმგებლო, იმდენჯერვე დამატოვებინეს დარბაზი და ისე გამომაძევეს, რომ ვერც-ერთხელ ვერ მოვახერხე ჩემი სათქმელის მათთვის მიწოდება და იმედია ამ წიგნის მეშვეობით მაინც ვიტყვი იმას, რაც ასე მაწუხებს).

მაწუხებს სხვა საკითხიც, რამაც ასევე განაპირობა ამ წიგნის დაწერა და სამწუხაროდ, საქართველოში (სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად), არსებობს საავტორო უფლებათა დაცვის პრობლემაც და მე რომ ადვოკატი ვიყო, სხვა დაჩაგრულ ადამიანებთან ერთად, იმ დაჩაგრულ ავტორებსაც დავიცავდი, ვისი უფლებებიც ასე ხშირად და უხეშად ირღვევა ჩვენს ქვეყანაში. სხვების მაგალითები რომ საეჭვოდ არ მოეჩვენოს რომელიმე ეჭვიან მკითხველს, შემიძლია საკუთარი მაგალითი გავიხსენო, როცა რამდენიმე წლის წინ, ერთმა რეჟისორმა ქალბატონმა, ერთ-ერთი ჩემი პიესა, ისე დადგა ერთ-ერთი ქართული თეატრის სცენაზე, რომ ჩემთვის საერთოდ არ მოუმართავს ნებართვისთვის და პრემიერაზე მყოფმა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, სპექტაკლის მერე რომ მომიკითხა (ავტორი რატომ არ არისო), იმ რეჟისორმა ქალმა საპასუხოდ, ძალიან გულწრფელად გაიკვირვა, – ავტორს როგორ დავპატიჟებდით, ტურაშვილი ხომ უკვე  მკვდარიაო.

თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, აშკარად ის არის, რომ ვისაც ცოცხალი ვგონივარ, ისინიც ხშირად და უხეშად არღვევენ ჩემს საავტორო უფლებებს და საქართველოს რამდენ ქალაქში და რაიონში მინახავს თეატრალური აფიშა ჩემი სახელით, ოღონდ ჩემთან შეთანხმების გარეშე და ბათუმში (მაგალითად), ტანსაცმლის მაღაზიაც კი გახსნეს, რომელსაც ჩემი რომანის სახელი, „ჯინსების თაობაჰქვია. როცა ეს აღმოვაჩინე, იმ მაღაზიაში შევედი და ძალიან მორიდებულად ვიხუმრე კიდეც, – ჩემს დაუკითხავად რომ გახსენით ეს მაღაზია და წილშიც კი არ ჩამსვით, იმედია ერთ ჯინსს მაინც მაჩუქებთ-მეთქი, მაგრამ ამ უწყინარ ხუმრობასაც კი, არანაირი შედეგი და რეაქცია არ მოჰყოლია მათი მხრიდან და ჩემს გარდა, კიდევ რამდენი ავტორი იჩაგრება საქართველოში, მხოლოდ ღმერთმა იცის.

სხვა ქვეყნებში, ზემოხსენებულ როლსა და ფუნქციას, ლიტერატურული აგენტები ასრულებენ, მაგრამ (სამწუხაროდ) საქართველოში არ არსებობს ლიტერატურული აგენტი (საერთოდ ასეთი პროფესიის ადამიანი) და ამ მისიასაც არავინ ასრულებს ავტორების უფლებათა დასაცავად, როგორც ეს (მაგალითად) ევროპულ ქვეყნებში ხდება, სადაც მწერლების ადვოკატობა და საერთოდ ავტორების ადვოკატობა, ისეთივე საამაყო და მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვა.

არადა, საბჭოთა პერიოდშიც კი, მწერლები და საერთოდ ავტორები, ზოგჯერ უფრო დაცულები იყვნენ ხოლმე (მხოლოდ ამ თვალსაზრისით), ვიდრე ახლა და რადგან საბჭოთა პერიოდი ვახსენეთ, აქვე იმასაც გავიხსენებ (ქართველი ადვოკატების საამაყოდ), რომ საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი არსებობდნენ ღირსეული და პროფესიონალი იურისტები, რომელთა მოღვაწეობაც ადვოკატურაში, ძალიან ხშირად დისიდენტობის ტოლფასი იყო. ასეთი ადვოკატები მაინც არსებობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ათეული წლების მანძილზე საბჭოთა ეპოქაში, სრულიად სხვა კადრების სამჭედლო იყო. (მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოში მოღვაწე შესანიშნავ პოლონელ არქიტექტორს ალექსანდრე შიმკევიჩს, ჩვენგან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ეკუთვნის თბილისში აგებული შესანიშნავი სასამართლო შენობებისთვის, მაგრამ სასამართლო მხოლოდ შენობას არ ნიშნავს და თუ მას შესატყვისი ფუნქცია და შინაარსი არ გააჩნია, ის მხოლოდ არქიტექტურის ნიმუში ხდება). 

ამ წიგნის დაწერის ბევრი მიზეზი არსებობდა, მაგრამ კონკრეტული მიზნებიც მქონდა (გარდა მიზეზებისა) და მათ შორის იყო იმ ადამიანების გაცნობაც, ვინც ყველაფრის მიუხედავად (მიუხედავად დროისა თუ გარემო პირობებისა), მაინც ცდილობდა ყოფილიყო იმ პრინციპების ერთგული, რის გამოც მათი მოღვაწეობა იმსახურებს დაფასებას, მადლობასა და ყურადღებას.

მეოცე საუკუნეში, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში მაინც არსებობდნენ არატიპიური საბჭოთა ადვოკატები და მე სწორედ მათი გაცნობა, აღმოჩენა და გახსენება მინდოდა, რადგან ასეთები მართლა იყვნენ:

ბენო ხომერიკი,

ბიძინა ბარათაშვილი,

ირაკლი რაზმაძე,

ალექსანდრე (ალიოშა) ჭიჭინაძე,

გურამ უგრეხელიძე,

ლადო ბარათაშვილი,

შალვა მესხიშვილი,

ნიკოლოზ გიგინეიშვილი,

ალექსანდრე ხოჭოლავა,

ლევან ბარათაშვილი,

შალვა რჩეულიშვილი,

გიორგი თარხნიშვილი,

ალექსანდრე (კვატაშა) ხოჭოლავა,

ვახტანგ კერესელიძე...

რასაკვირველია ყველა არ მოხვდა ამ ჩამონათვალში და ყველა ღირსეული ადვოკატი აქ ვერ ვახსენე, მაგრამ მე მაინც შევეცადე რომ ბევრი მათგანი გამეცნო მკითხველისთვის და ზოგიერთ მათგანს, აქაც ცოტა უფრო ვრცლად შევეხები და ამას უთუოდ იმსახურებს ალექსანდრე საგინაშვილიშესანიშნავი ქართველი ადვოკატი, ვინც სხვებთან ერთად ეპოქა შექმნა ქართული ადვოკატურის ისტორიაში.

საუკეთესო ქართველი ადვოკატების არატიპიური და არასაბჭოური აზროვნება საბჭოთა ეპოქაში, ალბათ ნაწილობრივ განპირობებული იყო იმითაც, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 1921 წლამდე ჰქონდა დაწყებული განათლების მიღება და ამის კარგი მაგალითია ალექსანდრე საგინაშვილიშესანიშნავი ქართველი იურისტი, რომელმაც დაწყებითი განათლება ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამდე არსებულ ლევანდოვსკების გიმნაზიაში მიიღო. სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არც კი ვიცი, თუ რა ნათესაური კავშირი აქვს მსოფლიოში ცნობილ პოლონელი ფეხბურთელის, რობერტ ლევანდოვსკის წინაპრებს იმ პოლონელ ძმებთან, რომლებმაც თბილისში, მეოცე საუკუნის დასაწყისში გიმნაზია დაარსეს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ გიმნაზიის არაერთმა აღზრდილმა, არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მათ შორის კი აშკარად გამორჩეული, ბატონი ალექსანდრე საგინაშვილი იყო. მის პროფესიონალიზმს, რასაკვირველია, უპირველესად განსაზღვრავდა მისი განათლება და ერუდიცია, მაგრამ მისი პიროვნული ხიბლიც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მის საადვოკატო მოღვაწეობაში და სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული მისი ნებისმიერი დაცვითი სიტყვა, ხასიათდებოდა მაღალი კულტურით, მოვლენების ანალიზით და აზროვნების მასშტაბით. მიუხედავად ქართული წარმომავლობისა, ალექსანდრე საგინაშვილი იყო ისეთივე მჭერმეტყველი რუსულ ენაზე, როგორც მშობლიური ქართულით საუბრისას და ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ მას იწვევდნენ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც როგორც საუკეთესო ადვოკატსბატონი ალექსანდრეს პოპულარობის საიდუმლო, გულისხმობდა მისი თავისუფლების ისეთ ხარისხსაც, რომელსაც საბჭოთა ადამიანებიც კი გრძნობდნენ და როცა მათ უჭირდათ ან როცა მათ ჩაგრავდნენ, მაშინ ისინი სწორედ ასეთ გამორჩეულ ადვოკატებს ეძებდნენ.

ასევე, მეოცე საუკუნის ქართველ ადვოკატებს შორის, ერთ-ერთი განსხვავებული და გამორჩეული მაგალითია ჯამბაკურ ბაქრაძე, რომელიც ძალიან გაბედულად და განსაკუთრებული მონდომებით იცავდა ხოლმე სწორედ მათ, ვისაც საბჭოთა ხელისუფლება ებრძოდა ყველაზე აქტიურად და სწორედ ამიტომაც უწევდა ჯამბაკურ ბაქრაძეს, ყველაზე რეზონანსულ საქმეებში მონაწილეობის მიღება და სწორედ ის იცავდა სამედიცინო ინსტიტუტის მაშინდელ რექტორს აკადემიკოს პეტრე გელბახიანს, იცავდა იუზა კობახიძეს, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, დოდო რცხილაძეს...(საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, უკვე დამოუკიდებელ  საქართველოში, ადვოკატების მიერ ჩატარებული პირველი არჩევნების შედეგად, სწორედ ჯამბაკურ ბაქრაძე აირჩიეს საქართველოს დამოუკიდებელ ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის პირველ თავმჯდომარედ).

ჩვენს წიგნში, ასევე, უფრო ვრცლად წაიკითხავთ ისეთი შესანიშნავი ქართველი იურისტებისა და ადვოკატების შესახებ, როგორებიც იყვნენ ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, თინათინ წერეთელი თუ იოსებ ბარათაშვილი, ვისი ცხოვრება და მოღვაწეობაც, სწორედ იმის საუკეთესო  მაგალითი იყო და არის, რომ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ გარემოში, ადამიანმა სწორედ პროფესიონალიზმის, სიკეთისა და სიყვარულის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი და ამ წიგნში მკითხველს, კიდევ ბევრი სხვა ამბავიც ელის და მიუხედავად იმისა რომ თითქმის ოცდაათი წლის წინ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლების დაბრუნება უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენა, რადგანსამართლიანობის გარეშე, თავისუფლება მართლა არ არსებობს და ამავე დროს პირიქითსამართლიანობა არსებობს მხოლოდ იქ, სადაც ადამიანი  თავისუფალია...

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი