ვინ არის პოლიტიკური პატიმარი - საერთაშორისო ცნება და გამოწვევები

12 დეკემბერი 2024


ავტორი: ამირან გიგუაშვილი
ადვოკატი, სამართლის დოქტორი 

                                                            შესავალი
უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხები დღემდე უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის, რომელთა რიგებშიც უმეტესად პოსტსაბჭოთა, ან პოსტკოლონიალური სახელმწიფოები მოიაზრებიან, თუმცა ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა დემოკრატიების გარდა, პოლიტიკური აფილაციის მქონე ფსევდომართლმსაჯულების ნიშნებს, საკმაოდ ხშირად ვხედავთ ზოგიერთ ტრადიციული დემოკრატიის განვითარებულ სახელმწიფოებშიც, რაზეც თავად ამ ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური აქტორები ღიად საუბრობენ. 

ზოგადად ნებისმიერი დანაშაულისათვის პოლიტიკური კონსტექსტის ე.წ. „მიკერება“ ერთგვარი ტენდენციაა, რომელსაც ხშირად მიმართავენ დანაშაულში ბრალდებული პირები და მათი ოჯახის წევრები, რითაც ერთგვარი პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნას და გარკვეული პრეფერენციების მოპოვებას ცდილობენ საზოგადოების თვალში, თუმცა საერთაშორისო სტანდარტები არათუ არ გამორიცხავენ პოლიტიკური აფილაციის მქონე სუბიექტების მიმართ კანონიერი მართლმსაჯულების განხორციელებას, არამედ არავითარ უპირატესობას არ ადგენენ ასეთი პირების მიმართ და ერთადერთი რის უზრუნველყოფასაც მოითხოვენ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან, ამგვარი პირების მიმართ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპების დაცვაა.

ჩვენი დღევანდელი სტატიის მიზანი არ არის პოლიტიკური ნიშნით დევნის და შევიწროების სამართლებრივი ასპექტების სიღრმისეული კვლევა. წინამდებარე სტატიის ფორმატი ამის საშუალებას ცხადია არ იძლევა, თუმცა ამ თვალსაზრისით ყურადღების გამახვილება საერთაშორისო გამოცდილებასა და სამართლებრივ რეგულაციებზე ვფიქრობ უთუოდ სასარგებლო იქნება, როგორც სპეციალისტებისათვის, ისე საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის.

ტერმინი „პოლიტიკური პატიმარი” XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა რუსეთის ხალხოსან - რევოლუციონერთა წრეში და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ წრეში გამოიყენებოდა. ასეთ ცნებას არ შეიცავდა, არც 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს პირველ დოკუმენტს. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ეს ტერმინი მყარად დამკვიდრდა თითქმის ყველა ქვეყნის საზოგადოებრივ-პუბლიცისტურ ლექსიკაში.
წმინდა ეტიმოლოგიური თვალსაზრისით, კემბრიჯის ლექსიკონი, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას სინდისის პატიმრობად მიიჩნევს და აერთიანებს პირის დევნის ისეთ სხვა სახეებთან, როგორებიცაა რელიგიური ან სხვა შეხედულებები, რომლებიც არ ემთხვევა ხელისუფლების შეხედულებებს. გაეროს მიერ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დამტკიცებიდან სამი ათეული წლის შემდეგ, სინდისის პატიმრობამ, ადამიანის უფლებათა სფეროში ყველაზე პოპულარული გამოთქმის სახე შეიძინა.

მიუხედავად წინა აბზაცში აღნიშნული ცნებისა, სინდისის პატიმრობის და პოლიტიკური პატიმრობის საერთო ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ, საერთაშორისო საზოგადოება დღემდე ვერ შეთანხმდა ერთიან, სავალდებულო სამართლებრივ სტანდარტზე, რომელიც ცალსახად განსაზღვრავდა პირის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმებს. შესაბამისად ასევე არ არსებობს რაიმე სახის სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი ამ თვალსაზრისით. დღესდღეობით საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების პრაქტიკაში გამოიყენება ტერმინის „პოლიტიკური პატიმარი” რამდენიმე სხვადასხვა განსაზღვრება, რომლებიც შინაარსობრივი თვალსაზრისით ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს.

ავტორიტეტული საერთაშორისო სამთავრობო, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ სხვადასხვა ცნებებს შინაარსობრივ და შედეგობრივ ჭრილში, საბოლოოდ, ძირითადად დეფინიციური და სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნიათ. როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, სინდისისა და პოლიტიკური პატიმრობის კრიტერიუმების და ასეთი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შემდგომი ეკონომიკურ-სამართლებრივი შედეგების საერთაშორისო დონეზე დადგენა. მაგალითისათვის, გაეროს და ევროსაბჭოს ფარგლებში იმგვარად, რომ წევრ სახელმწიფოებს ეს კრიტერიუმები აესახათ ეროვნულ კანონმდებლობაში, განსხვავებული აზრის გამო, თუ პოლიტიკური ნიშნით დევნის და პატიმრობის პრევენციული სტანდარტების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის. თავდაპირველად ასეთი ერთიანი სტანდარტის დადგენის ფაქტობრივი კომპეტენცია გაეროს მხრიდან უფლებადამცველ ორგანიზაციას ,,საერთაშორისო ამნისტიას” მიენიჭა. „საერთაშორისო ამნისტიის“ განსაზღვრებით, სინდისის პატიმრებად მიიჩნევიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური, რელიგიური ან სინდისთან დაკავშირებული რწმენის, როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, სქესი, კანის ფერი, ენა, ეროვნება, წარმოშობა, დაბადება ან სხვა სტატუსის გამო, იმყოფებიან პატიმრობაში. თავის მხრივ, ამავე ორგანიზაციის განმარტების თანახმად „პოლიტიკური პატიმარი” – ეს არის ნებისმიერი თავისუფლებაშეზღუდული პირი, რომლის საქმეშიც არსებობს პოლიტიკური ელემენტი, იქნება ეს ამ პატიმრის ქმედების განმსაზღვრელი, თვითონ ქმედება თუ ხელისუფლების მოტივაცია“.

„საერთაშორისო ამნისტია“ არ წარმოადგენს მარტოოდენ ფილოსოფიურ - ნორმატიული კონცეფციების შემმუშავებელ ორგანიზაციას. იგი უშუალოდ მუშაობს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეზღუდული, მაგრამ გარანტირებული უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოების მხრიდან ,,სინდისის პატიმრების” მიმართ საჯარო და სამართლიანი სასამართლო განხილვის მოთხოვნის გზით. აღნიშნული ორგანიზაცია სწავლობს, როგორც ინდივიდუალურ, ისე პირთა ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ საქმეებს. შედეგად, არსებული მდგომარეობით, ორგანიზაციის მიერ, შესწავლილი იქნა ათობით ათასი საქმე და გათავისუფლდა ათასობით სინდისის პატიმრობის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პირი.

საერთაშორისო დონეზე  ტერმინის “პოლიტიკური პატიმრობის” ყველაზე ამომწურავი კრიტერიუმების განსაზღვრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2012 წლის 3 ოქტომბერს მიღებული  N1900 რეზოლუციით განხორციელდა. აღნიშნულს თავის მხრივ,  წინ უსწრებდა 2001 წლის 24 ოქტომბერს ევროსაბჭოს მიერ  პოლიტიკური პატიმრობის ცნების შემოტანა. თუმცა, დღემდე აღნიშნულ განსაზღვრებებს არ დაუკავებია სამართლებრივად სავალდებულო ძალის მქონე ადგილი, არც საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებში და არც ეროვნულ კანონმდებლობებში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის მიხედვით, „თავისუფლებააღკვეთილი პირი „პოლიტიკური პატიმრის” ცნების ქვეშ ექცევა, თუ: “ა) თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი პროტოკოლებით გარანტირებული რომელიმე უფლების, კერძოდ - სიტყვის, სინდისის და რელიგიის, გამოხატვის და ინფორმაციის გავრცელების, აგრეთვე შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლების უფლების დარღვევის საფუძველზე;  ბ) თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული იყო აშკარად პოლიტიკური მოტივებით, ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე; გ) პოლიტიკური მოტივების გამო პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები აშკარად შეუსაბამოა იმ კანონდარღვევასთან, რისთვისაც პირი არის ბრალდებული ან მსჯავრდებული; დ) პირი თავისუფლებააღკვეთილია პოლიტიკური მოტივებით სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციული საფუძვლით; ე. თავისუფლების აღკვეთა მოხდა პროცესუალური გარანტიების აშკარა დარღვევებით და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ეს დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან”.

პოლიტიკური პატიმრობის კრიტერიუმებს ვხვდებით აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების თაობაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2004 წლის რეზოლუციაშიც, კერძოდ: “ა) დაპატიმრებამდე ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და მისი დაპატიმრებით ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური სარგებელი. ბ) ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ან შეუგნებლად შეურაცხყოფენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს; გ) ადამიანები, რომელთა დაპატიმრებას საფუძვლად დაედო არაადეკვატური და საკამათო მტკიცებულება და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოწმის ჩვენება, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა პატიმრობის გამოყენება, ყალბია. დ) დაპატიმრებული ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფება პირთან, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებდა.”

დემოკრატიულ სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირი, თუ არაპირდაპირი მონაწილეობის გამო დისკრიმინაციის აკრძალვა საკონსტიტუციო დონეზეა აყვანილი. ასეთი უფლებები გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული მუხლებითაც. პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლთა საქმეები, როგორც წესი, დისკრიმინაციული მიდგომით გამოირჩევა, ერთგვარ დამახასიათებელ ნიშნად გასდევს ნაციონალურ დონეზე წარმოებულ ყველა საქმეს და საბოლოო ჯამში აისახება სასამართლო განაჩენებსა თუ სხვა გადაწყვეტილებებზე.

ვინაიდან პოლიტიკური ნიშნით დევნა, თუ პატიმრობა, თავის თავში მოიაზრებს კანონის მიღმა არსებულ განსხვავებულ მიდგომას პოლიტიკური სარჩულით, ცხადია ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია უკანონოდ განხორციელებული განსხვავებული მიდგომის, ანუ დისკრიმინაციის ზოგადი სტანდარტის გაანალიზება ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით.
ზოგადად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი პირველი საქმე იყო „ბელგიელი ენათმეცნიერები ბელგიის წინააღმდეგ“, რომელზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ ჩამოაყალიბა ძირითადი პრინციპები და მიდგომები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებაში. კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილებით დისკრიმინაციად მიიჩნევა იმგვარი განსხვავებული მიდგომა, რომელსაც არ გააჩნია ობიექტური და გონივრული განსჯა, არ შეესაბამება ლეგიტიმურ ინტერესს და არ არის მიზნის პროპორციული.

ასევე ხაზი უნდა გაესვას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი დაკავშირებულია (მათ შორის) პოლიტიკურ საქმიანობასთან და შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურად აქტიური ადამიანები ამ მუხლით დადგენილი უფლების დარღვევის მსხვერპლნი ხდებიან. ევროსასამართლო კი, პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვისა და პოლიტიკური გაერთიანებების თავისუფლებას მიიჩნევს, როგორც დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და ფუნქციონირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას.

ზოგადი თვალსაზრისით, პირის პოლიტიკურ პატიმრად აღიარებისათვის, მტკიცების ტვირთი უშუალოდ იმ პირს ეკისრება, ვინც ასეთად მიიჩნევს თავს, ხოლო შემდგომ სახელმწიფომ უნდა უარყოს ეს (ბრალდება). აღნიშნული მოსაზრება, განმარტებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს გარკვეული  სახის ინფორმაცია და მტკიცებულებები (რასაც შესაძლოა მოცემული შემთხვევისათვის ეწოდოს მტკიცების „მინიმალური“ სტანდარტი), რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა, ხოლო შემდგომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უარყოს ამგვარი ბრალდება. ამგვარი მსჯელობა სავსებით შეესაბამება დისკრიმინაციული მოპყრობის მტკიცების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ვინაიდან, პოლიტიკური ნიშნით დევნა, პირის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლების შეზღუდვა, დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს. დისკრიმინაციული მოპყრობის უარყოფის მტკიცების ტვირთი კი ნაწილდება სავარაუდო დამრღვევზე და არა სავარაუდო მსხვერპლზე. აღნიშნული სტანდარტი ასახულია ასევე საქართველოს კანონში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც: „პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა“. 

პირის პოლიტიკური ნიშნით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ მტკიცება, უნდა ემყარებოდეს “prima facie” მტკიცებულებებს, რის გამოც დამკავებელ ხელისუფლებაზე გადადის მტკიცების ტვირთი დაასაბუთოს, რომ დაკავება სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს, როგორც ამას განმარტავს ევროსასამართლო თავის პრეცენდენტებში არსებით საკითხებთან დაკავშირებით, რომ პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნები დაცულია და დაკავების პროცესში შენარჩუნებული იქნა სამართლიანი პროცედურები, რაც უფრო მეტად ზრდის მტკიცების სტანდარტს. სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და დისკრიმინაციული მიდგომა სამართალწარმოებაში იქცა საფუძვლად ირანელი სტუდენტის და აქტივისტის, მაჯიდ ტავაკოლის საქმეში ფაქტობრივად მისი პოლიტიკურ პატიმრად აღიარებისათვის, ვინაიდან სწორედ მტკიცების დაბალი სტანდარტი წარმოადგენს ხშირ შემთხვევაში პირის პოლიტიკურ პატიმრად აღიარების საფუძველს. მაჯიდ ტავაკოლის ადვოკატს დაუსაბუთებლად შეეზღუდა მონაწილეობა რიგ მნიშვნელოვან საპროცესო ღონისძიებებში, რითაც საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან შეჯამებით, განხორციელდა პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და აღნიშნული უთანასწორო მოპყრობა დაკავშირებული იყო მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არსებულ პოლიტიკურ მოტივებთან.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი” არც ისე ღრმა ისტორიული საწყისები გააჩნია. დღეისათვის კი მიუხედავად ევროსაბჭოს და ,,საერთაშორისო ამნისტიის” მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, საერთაშორისო საზოგადოება კვლავ არ არის შეთანხმებული ერთიან, სავალდებულო სამართლებრივ სტანდარტზე, რომელიც ცალსახად განსაზღვრავდა პირის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმებს. შესაბამისად არ არსებობს სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს დაავალდებულებდა კანონმდებლობაში აესახათ ტერმინის „პოლიტიკური პატიმარი“ კრიტერიუმები. პოლიტიკური ნიშნით პატიმრობის საყოველთაო ცნების არ არსებობა კი საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიტიკური ნიშნით პატიმრობის შემთხვევების აღმოფხვრის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების გარანტი ამ ეტაპისათვის ქვეყნების შიდა სამართლებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაა, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების დაცვას, როგორც ნორმატიულ, ისე პრეცედენტულ დონეზე ახდენს. 

რაც შეეხება საერთაშორისო სავალდებულო ხასიათის დოკუმენტს, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ტერმინის „პოლიტიკური პატიმარი“ კრიტერიუმებს და ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ ეროვნულ კანონმდებლობაში გასატარებელ მაპრევენცირებელ ღონისძიებებს, ეს ალბათ შორეული პერსპექტივის საქმეა და მთლიანად დამოკიდებულია სწორედ მონაწილე სახელმწიფოების ნებაზე, როგორც ეს სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი კონვენციების შემუშავებისას და იმპლემენტაციისას განხორციელდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი