ავტორი: ანა სამსონია
ეკოვის საქართველოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადვოკატი, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი, სასამართლო მედიატორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
შესავალი
არ არსებობს მეწარმე მოგების იდეის გარეშე. სამეწარმეო საქმიანობა სხვა საქმიანობებისაგან სწორედ მოგების მიღების მიზნით განსხვავდება. აღნიშნული მიზანი მეწარმის, კანონით გარანტირებული, ძირითადი უფლებაა.
მოგების მისაღებად მეწარმე ახორციელებს მართლზომიერ, არაერთჯერად, დამოუკიდებელ და ორგანიზებულ საქმიანობას. მოგების მიღებას ცენტრალური ადგილი უჭირავს სამეწარმეო სამართალში, მოგების მიღების შეფერხებისას არსებობს შესაბამისი სუბიექტის მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების რისკი. მაგალითად, შესაძლებელია დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდეს დირექტორი ან/და მოხდეს დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება და სხვ.
მოგების მიღებაზე ორიენტირებულობა არ ნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფას, მეტიც, ამ პროცესში კანონმდებლობის სპეციფიკური მოთხოვნების გაუთვალისწინებლობამ, შესაძლებელია, მეწარმე სუბიექტი დააყენოს მთელი რიგი სამართლებრივი გამოწვევების წინაშე, ისეთის, როგორიცაა: სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. შესაძლოა სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს მოვლენები, მაგალითად: საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის დარიცხვა, პარტნიორთა შორის დავა, ხელმძღვანელი სუბიექტის პასუხისმგებლობის საკითხი და სხვა, რამაც მეწარმე სუბიექტი შესაძლებელია მიიყვანოს არსებითი ფინანსური დანაკარგების წინაშე. მკაფიო ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა და გათვალისწინება. რეგულაციების დაუცველობა ასევე შესაძლებელია იყოს დავის საგანი პარტნიორსა და დირექტორს შორის, დამრღვევი სუბიექტის მიმართ იარსებებს დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სამართალწარმოებისა და პრაქტიკის განვითარების კვალდაკვალ, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული პირების მიმართ კვალიფიკაციის მოთხოვნა მზარდია, არსებითი მნიშვნელობისაა, მეწარმე სუბიექტები შეიარაღებულნი იყვნენ სამეწარმეო სამართლის ცოდნით. წინამდებარე სტატიაში უმეტესად განხილულია შემთხვევები, რომელიც საქართველოში ყველაზე ხშირად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ეხება.
დივიდენდის მიღების უფლება
მოგების განაწილება დივიდენდის განაწილების გზით ხდება. ამისათვის უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი წინაპირობა: მოგება და საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილება წლიური ან შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილების თაობაზე. „ამდენად, დივიდენდის მიღების უფლების განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს მიერ მოგების მიღებასა და შემდგომ პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრების საფუძველზე ამ მოგების დივიდენდის სახით გაცემაზე. აღნიშნული ორი წინაპირობა კუმულაციური ხასიათისაა და თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს დივიდენდის კანონიერად გაცემის შესაძლებლობას“ (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 28.02.2024 წლის № ას-1452-2023 განჩინება).
„საწარმოს მოგების მიუღებლობის დროს პარტნიორების მიერ დივიდენდის განაწილება გულისხმობს საწარმოს უშუალო აქტივის (და არა მოგების) განაწილებას, რაც საწარმოს საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა, რადგან ასეთი ქმედებით მცირდება საწარმოს კრედიტუნარიანობა“ (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 28.02.2024 წლის № ას-1452-2023 განჩინება).
გასათვალისწინებელია, ახალი სამეწარმეო კანონმდებლობა იცნობს დივიდენდის გაცემის შეზღუდვას (არა გაცემის ზოგად აკრძალვას) კერძოდ, სამეწარმეო საზოგადოებას არ აქვს უფლება, გასცეს დივიდენდი, თუ ეს სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობას გამოიწვევს. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. იმისათვის, რომ კანონმდებლის სავარაუდო მიზანი სისრულეში მოვიდეს, ახალმა კანონმა დააყენა პარტნიორთა კრების გარდა სხვა დამატებითი დოკუმენტების არსებობის აუცილებლობის საკითხი. კერძოდ, ეს არის სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წინადადება, რომელიც უნდა წარედგინოს პარტნიორებს. აღნიშნული წინადადება უნდა ეყრდნობოდეს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მონაცემებს. ფაქტობრივად, ხელმძღვანელი ორგანო/უმეტესად ეს არის დირექტორი, მისი პასუხისმგებლობით წარუდგენს პარტნიორებს წინადადებას დივიდენდის განაწილების თაობაზე. იგივე ხელმძღვანელი ორგანო/უმეტესად დირექტორი, ვალდებულია წარუდგინოს პარტნიორებს განცხადება, რითიც ის ადასტურებს, რომ საზოგადოება დივიდენდის განაწილების დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი/ან და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას.
ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელმძღვანელი პირი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე. ხოლო, პარტნიორი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული დივიდენდი/საზღაური, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა დივიდენდის განაწილების ან დივიდენდის/საზღაურის მიღების დაუშვებლობის შესახებ.
საყურადღებოა, რომ გადახდისუუნარობის საშიშროების იდენტიფიცირება ხელმძღვანელი ორგანოს საქმეა. რისი იდენტიფიცირებაც დღევანდელ ვითარებაში (რამდენადაც ბევრი საკანონმდებლო სიახლე არის სახეზე) სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის გამოწვევას წარმოადგენს. ხელმძღვანელ ორგანოს აქვს ზრუნვის მოვალეობა. თუ სამეწარმეო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ხელმძღვანელმა პირმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა უნდა განაცხადოს გადახდისუუნარობის შესახებ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ბრალეულად გაჭიანურებული არ არის, თუ ზემოაღნიშნული პირი ზრუნვის მოვალეობას ჯეროვნად ასრულებს.
გადახდისუუნარობის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის პრეზუმფციის გააზრება, ეს სახეზე გვაქვს როდესაც: საწარმო ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს; მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება; გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
დივიდენდი მის განაწილებამდე არის საზოგადოების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდგომ საზოგადოებაში შესაძლოა სხვადასხვა იურიდიული შედეგები დადგეს. „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დივიდენდის მიღების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილების შემდგომ, შესაძლებელია საწარმო ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რამაც, საბოლოოდ, ის შესაძლოა გადახდისუუნარობამდეც მიიყვანოს, თუმცა ეს მოცემულობა, თუ კი უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ არის დივიდენდის განაწილებასა და საწარმოს გადახდისუნარიანობის შემცირებას შორის, ვერ წარმოშობს ისეთ გარემობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების - გასცენ დივიდენდი, გაუქმება. ასეთი მოთხოვნა წარმატებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ დივიდენდის გაცემა წარმოადგენს საწარმოს გადახდისუუნარობის საფრთხის წარმოშობის უშუალო მიზეზს. სხვა შემთხვევაში, თუნდაც საწარმომ ვერ შეძლოს ფინანსური სტაბილურობის დაბრუნება, რამაც შესაძლოა გაკოტრების პროცესის დაწყებაც კი გამოიწვიოს, განაწილებული დივიდენდი კრედიტორულ მოთხოვნად მიიჩნევა და ზემოაღნიშნული მიზეზით საწარმოს ვალდებულებებიდან მისი გამორიცხვა ჩაითვლება უსაფუძვლოდ“ (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 28.02.2024 წლის № ას-1452-2023 განჩინება).
გასათვალისწინებელია ე.წ. „შენიღბული დივიდენდის“ იდეის არსებობის საკითხიც, „აკრძალულია დივიდენდის სახით საზოგადოების იმგვარი ქონების გაცემა, რომლის განაწილება აკრძალულია (...) შპს-ის სამართალში უპირატესად სავალდებულოა საწესდებო კაპიტალის შენარჩუნება, ხოლო მის შესავსებად საჭირო სახსრების პარტნიორებზე განაწილება აკრძალულია (...) შენიღბული დივიდენდი საზოგადოების ქონების უკანონო განაწილების ან შემცირების სხვადასხვა ვარიაციით გაიცემა“ (საკორპორაციო სამართლის სახელმძღვანელო, ბურდული, მახარობლიშვილი, თოხაძე, ზუბიტაშვილი, ალადაშვილი, მაღრაძე, ეგნატაშვილი, თბილისი, 2021, გამომცემლობა იურისტების სამყარო).
დივიდენდის საკითხი წილის გასხვისებისას
დივიდენდის მიღების უფლება პარტნიორის უფლებაა. „საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დივიდენდი წარმოადგენს იურიდიული პირის ფინანსური მოგების ნაწილს, რომელზე უფლებაც მოპოვებულია ამ იურიდიულ პირში წილის ფლობით, შესაბამისად, მასზე „უფლება“ დაკავშირებულია პარტნიორის სტატუსთან (იხ. სუსგ №ას-1063-1018-2014 08.04.2015წ.)“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.10.2023 წლის გადაწყვეტილება №ას-1521-2022).
ვინაიდან, საქმე ეხება უფლებას, საკითხავია შესაძლებელია თუ არა აღნიშნული უფლების განკარგვა, მაგალითად გასხვისება, დათმობა. ამისათვის მნიშვნელოვანია, სახეზე იყოს პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება დივიდენდის განაწილების შესახებ. რათა, დივიდენდზე მოთხოვნის უფლება წარმოშობილი სახით არსებობდეს. „დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ. ერთმანეთისაგან განსხვავდება დივიდენდის მიღების ზოგადი უფლება, რაც მინორიტარ პარტნიორს, საწარმოს პარტნიორად რეგისტრაციისთანავე წარმოეშვა, ხოლო რაც შეეხება პარტნიორის მიერ დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია კაპიტალური საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან (იხ. სუსგ: №ას-1349-2021, 28.09.2022; №ას-851-795-2017, 20.04.2018)“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.10.2023 წლის გადაწყვეტილება №ას-1521-2022).
აღნიშნული საკითხი აქტუალურია მათ შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას, როდესაც შესაძლებელია ე.წ. ნაგულისხმევი დივიდენდის ოდენობა წილის მყიდველისათვის იყოს საინტერესო და სწორედ აღნიშნულს მიიჩნევდეს გარგიგების არსებით პირობად. შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების დაცვით წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, წილის ნასყიდობა წილის შემძენს ავტომატური სახით არ გადასცემს ე.წ. მის მიერ ნაგულისხმევი დივიდენდის მიღების უფლებას. „დივიდენდის მიღების უფლება უნდა იქნეს გამიჯნული დივიდენდის მოთხოვნის უფლებასთან, რომელიც გულისხმობს სამეურნეო წლის ფარგლებში საწარმოს უკვე დადგენილი კონკრეტული და მოგებიდან შესაბამისი ოდენობით კონკრეტული დივიდენდის მიღების უფლებას. ამ ორს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ დივიდენდის მიღების უფლება წარმოიშობა მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორად გახდომის შემხვევაში, რა დროსაც, დივიდენდის მოთხოვნის უფლება გულისხმობს კონკრეტული პერიოდისათვის საწარმოს მიერ განსაზღვრული საერთო მოგებიდან პარტნიორისთვის მისი კუთვნილი დივიდენდის მიღების შესაძლებლობას, რაც თავად საწარმოს მიერ საერთო მოგების დადგენისა და მისი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, თუ, ზოგადად, პარტნიორს აქვს წილის მიღების უფლება, მას ვერ ექნება წილის მოთხოვნის უფლება მანამ, სანამ თავად საწარმო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოგების მიღების შესახებ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.10.2023 წლის გადაწყვეტილება №ას-1521-2022).
„პალატა განმარტავს, რომ დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად არის დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. დივიდენდის მოთხოვნის უფლება კი შეიძლება პარტნიორის თანხმობით სხვა პირმაც განახორციელოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პარტნიორი საზოგადოების კრედიტორს წარმოადგენს და მას, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს თავისი მოთხოვნა დივიდენდზე სხვა პირს დაუთმოს. თავად დივიდენდის მოთხოვნის უფლება, როგორც ითქვა, პარტნიორს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ. ...დივიდენდის მიღების უფლება განუყრელადაა დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. ამ უფლების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ წილთან ერთად, ამიტომ წილის დათმობით ამ უფლების დათმობაც ხდება. სხვა საკითხია დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემა, ვინაიდან იგი დამოუკიდებელი უფლებაა და წილის გადაცემის შემთხვევაში ავტომატურად არ გადადის წილის მიმღებზე. ამდენად, წილის დათმობის (გასხვისების) დროს ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა აღინიშნოს დივიდენდის მოთხოვნის უფლების გადაცემის თაობაზე“. „დივიდენდის მიღების უფლება უნდა იქნეს გამიჯნული დივიდენდის მოთხოვნის უფლებასთან, რომელიც გულისხმობს სამეურნეო წლის ფარგლებში საწარმოს უკვე დადგენილი კონკრეტული და მოგებიდან შესაბამისი ოდენობით კონკრეტული დივიდენდის მიღების უფლებას. ამ ორს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ დივიდენდის მიღების უფლება წარმოიშობა მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორად გახდომის შემხვევაში, რა დროსაც, დივიდენდის მოთხოვნის უფლება გულისხმობს კონკრეტული პერიოდისათვის საწარმოს მიერ განსაზღვრული საერთო მოგებიდან პარტნიორისთვის მისი კუთვნილი დივიდენდის მიღების შესაძლებლობას, რაც თავად საწარმოს მიერ საერთო მოგების დადგენისა და მისი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, თუ, ზოგადად, პარტნიორს აქვს წილის მიღების უფლება, მას ვერ ექნება წილის მოთხოვნის უფლება მანამ, სანამ თავად საწარმო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოგების მიღების შესახებ. თავის მხრივ, დივიდენდი წარმოადგენს კომერციული საქმიანობის შედეგად მოზიდულ ფინანსურ მოგებას, რომლის მიღების უფლებაც დამოკიდებულია იურიდიული პირის პარტნიორობაზე, ხოლო მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როდესაც თავად საწარმო გადაწყვეტს მიღებული მოგების ნაწილი გასცეს პარტნიორებზე დივიდენდის სახით, როგორც საწარმოში პარტნიორული წილის მიერ მიღებული ნაყოფი. აქედან გამომდინარე, საწარმოს მიერ დივიდენდის გაცემის შესახებ გადაწვეტილების მიღების მომენტიდან, პარტნიორებს წარმოეშობათ საწარმოს მიმართ კრედიტორული მოთხოვნა მიიღონ შესაბამისი ოდენობის დივიდენდი“ (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 28.02.2024 წლის № ას-1452-2023 განჩინება).
დივიდენდის გაცემის ფორმა და ფორმის დაუცველობის იურიდიული შედგები
სამეწარმეო კანონმდებლობით დადგენილია დივიდენდის გაცემის ფორმა, სახეზე უნდა იყოს ხელმძღვანელი ორგანოს წინადადება პარტნიორების მიმართ, ასევე განცხადება გადახდისუნარიანობის თაობაზე და შემდგომ პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სამეწარმეო კანონმდებლობა იცნობს წერილობითი ფორმის დაცვის ვალდებულების დანაწესს, კერძოდ, თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს. ამ უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება. საერთო კრების ოქმის ფორმასა და გაფორმების წესს ადგენს კანონი. შესაბამისად ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში თუ ფორმის დაცვა არ მოხდება შეიძლება თუ არა ჩაითვალოს დივიდენდი გაცემულად. მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა საქმე შეეხოს ფორმის დაუცველად დადებული გარიგების საკითხს, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ და შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. საკორპორაციო სამართლებრივი საკითხების მომწესრიგებელი სპეციალური აქტი, კერძოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი თავად აყალიბებს ბათილობის საფუძვლებს, კერძოდ, კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დადგენილია საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობის საფუძვლები, ამასთან ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილობის ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში საერთო კრების გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი ბათილია, თუ არ არსებობს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა და ა) საერთო კრების ოქმი დადგენილი წესით დამოწმებული არ არის; ბ) საერთო კრება არაუფლებამოსილმა ორგანომ/პირმა მოიწვია; გ) საერთო კრების მოწვევის შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული არ არის ან არასწორად არის მითითებული სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება, საერთო კრების ჩატარების ადგილი, თარიღი ან დაწყების დრო; დ) დარღვეულია საერთო კრების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პარტნიორებისთვის შეტყობინების წესი; ე) საკითხი, რომელსაც გადაწყვეტილება ეხება, არ განეკუთვნება საერთო კრების უფლებამოსილებას; ვ) გადაწყვეტილება ეხება წესდებაში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის იმ ნორმებს, რომელთა უმთავრესი მიზანია კრედიტორთა უფლებების დაცვა; თ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს; ი) გადაწყვეტილება შეცილების საფუძველზე სასამართლომ ბათილად ცნო. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობაზე მითითება დაუშვებელია, თუ საერთო კრების გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე დავა ამ ვადის ამოწურვამდე დაიწყო. კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტი განმარტავს, რომ საერთო კრების მოწვევის ამ კანონით ან/და წესდებით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ კრებას ყველა პარტნიორი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღებაზე. პარტნიორის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება საცილოა და შეიძლება გასაჩივრდეს, თუ ის არღვევს საქართველოს კანონმდებლობის ან წესდების მოთხოვნებს. ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ დარღვევა არაარსებითია.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, დივიდენდის განაწილების მიზნებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის თაობაზე. ამასთან, საზოგადოების მოგების დივიდენდად განაწილება რჩება საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციულ უფლებამოსილებად (იხ. სუსგ: №ას-1646-2018, 22.03.2019; №ას-771-732-2013, 31.01.2014; №ას-378-359-2015, 21.12.2015; №ას-822-780-2013, 3.02.2014; №ას-863-813-2015, 17.12.2015). საკასაციო სასამართლოს აზრით, მოხმობილი პრაქტიკა არ უნდა იქნას იმდაგვარად გაგებული, რომ დივიდენდის გაცემის ფაქტი შესაძლებელია a priori, მხოლოდ პარტნიორთა კრების ოქმით დადასტურდეს. სამოქალაქო სამართალწარმოება დაფუძნებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, სადაც მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებას, დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის გადამწყვეტი როლი აქვს. ამიტომ, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია ისეთი სამართლებრივი ძალის მტკიცებულებები, როგორებიცაა საგადასახადო შემოწმების აქტი და თავად კომპანიის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ გასცა დივიდენდი და ამ ოპერაციაზე შესაბამისი გადასახადიც გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში, ივარაუდება, რომ კომპანიაში კანონით დადგენილი წესით გაიცა დივიდენდი. საწინააღმდეგოს დაშვება, უმცირესობაში მყოფ ან/და არასასურველ პარტნიორებს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა, ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ კომპანიას ხელეწიფება საერთო კრების ოქმის წარდგენა, რაც არაკეთილსინდისიერ კომპანიას მტკიცების ტვირთს საგრძნობლად შეუმსუბუქებდა“ (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 28.02.2024 წლის № ას-1452-2023 განჩინება).
„თუმცა არაგონივრულია იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ დივიდენდის გაცემის შესახებ ნების არსებობა შეიძლება მხოლოდ საერთო კრების ოქმით დადასტურდეს. მართალია კომპანიის საერთო კრების ოქმი დოკუმენტურად ასახავს პარტნიორთა მიერ გამოვლენილ ნებას დივიდენდის განაწილების თაობაზე, მაგრამ მისი არარსებობის პირობებშიც, ნებისმიერი განკუთვნადი და რელევანტური მტკიცებულება თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორიცაა მაგალითად საგადასახადო შემოწმება ან საგადასახადო გადასახადის შესახებ დეკლარაცია (საწინააღმდეგო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში), საკმარისია იმის დასადგენად, რომ დივიდენდის განაწილების შესახებ ნება იყო გამოვლენილი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.10.2022 წლის №ას-375-2022 განჩინება).
დასკვნა
წინამდებარე სტატიით განიხილა დივიდენდის მიღების უფლების საკითხი, წილის გასხვისებისას დივიდენდის საკითხის თავისებურებები, დივიდენდის გაცემის ფორმა და ფორმის დაუცველობის იურიდიული შედეგები. ამ საკითხების განხილვა მრავალ ჭრილშია შესაძლებელი, ცხადი ხდება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია გარკვეულ იმპერატიულ ნორმებს ადგენს, რომელთა დაუცველობასაც მოჰყვება შესაბამისი იურიდიული შედეგები. გაზრდილია ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი სუბიექტის პასუხისმგებლობის საკითხები, რაც სამოქალაქო ბრუნვაში კვალიფიციურ მმართველებზე აჩენს მოთხოვნას. შესაძლოა ეს აუცილებლობა მკაფიო არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ყველა წარმომადგენლისათვის, მანამ, სანამ საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით არ მოუწევთ დავების წარმოება. სამოქალაქო ბრუნვის განვითარებასთან ერთად, იხვეწება კანონმდებლობა, რომელიც გარკვეულ იმპერატიულ მოთხოვნებს აყენებს და მათი ცოდნა და გათვალისწინება წარმატებული ბიზნეს საქმიანობის აუცილებელი მინიმალური პირობა ხდება. ზემოთხსენებული საკითხების გააზრება დააჩქარებს მენეჯერთათვის სასამსახურო ხელშეკრულებების გაფორმებას, მათ პასუხისმგებლობის დაზღვევასა და სხვა ყველა შესაბამისი ზომის მიღებას, რაც პოტენციური კორპორაციული დავების პრევენციას, სამეწარმეო საქმიანობის მიმართ ღირებულებათა გადაფასებას, დახვეწილი სამართლებრივი კულტურისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.