ავტორი: ზურაბ თოდუა - ადვოკატი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და მისმა შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება დაირღვეს ამომრჩევლის უფლებები ზოგიერთი არაკეთილსინდისიერო პოლიტიკური ძალის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების (მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში) ბოიკოტირების შემთხვევაში.
პოლიტიკური ძალის მიერ ბოიკოტირების რეჟიმმა შეიძლება დაარღვიოს ჩემი, როგორც ერთი ხმოსანი ამომრჩევლის უფლება, განვახორციელო ხელისუფლების კონტროლი. ამ უფლების დარღვევა პირდაპირი ნიშანია არადემოკრატიული პოლიტიკური მდგომარეობისა.
არჩევნების ლეგიტიმაცია მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარონ შედეგები, არჩევნების ლეგიტიმაცია დემოკრატიის უმთავრესი, ფუნდამენტური პრინციპია, რამეთუ მე, როგორც ხელისუფლების წყაროს, ხელისუფლების ლეგიტიმაციის სრული სახით არსებობის შემთხვევაში, მეძლევა მხოლოდ კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული ყველა უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობაა, ვაკონტროლო ხელისუფლება და საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შევცვალო კიდევაც იგი.
ერთპარტიული პარლამენტი ცალსახად დიქტატურაა. ასევე, ამ მდგომარეობასთან ახლოსაა პარლამენტი, სადაც ერთ პარტიას გააჩნია კონსტიტუციური უმრავლესობა. ასეთი პარლამენტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის, არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს -„government of the people, by the people, and for the people“ („ხალხის ხელისუფლება, ხალხისგან და ხალხისთვის“ (ლინკოლნი).
არჩევნებში მონაწილეობის უფლება დემოკრატიის კუთხით ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს მოლოდინი მრავალპარტიული პარლამენტისა, ანუ დემოკრატიის ხერხემლისა, პოლიტიკური კონკურენციისა.
ამიტომ მე, როგორც ერთი ხმის პატრონი ამომრჩეველი, თუ ვგრძნობ, რომ ამ ორი მდგომარეობიდან (ერთპარტიული პარლამენტი, კონსტიტუციური უმრავლესობა) თუნდაც მოსალოდნელია ერთ-ერთი, მე ხმას ვაძლევ ოპოზიციურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ჯდება ჩემ პოლიტიკურ გემოვნებაში.
ეს მოცემულობა კი იმას ნიშნავს, რომ მე პირდაპირ თუ ირიბად ვმონაწილეობ ჩემი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებაში. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ეს ორგანო ვალდებულია ასრულებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ფუნქციონირებდეს ნორმალურად და არავის (მათ შორის ოპოზიციურ პარტიას) არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელი შემიშალოს, შეაჩეროს ჩემთვის შეპირებული უფლების განხორციელება.
ბოიკოტის რეჟიმში გარკვეული საპარლამენტო დეპუტაციის ყოფნა, მყისიერად წარმოშობს სწორედ ჩემთვის კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული უფლებების ფიქტიურად ქცევას, ანუ მე და ჩემ მიერ ფორმირებული ხელისუფლება სრულყოფილად ვერ ვახორციელებთ ხელისუფლებას და კონსტიტუციით გაცხადებული უფლება ხდება ფიქტიური. აი ისინიც:
1. უფლებების ფიქტიური ხასიათი საკუთრების უფლებების ნაწილში
( კონსტიტუცია , მუხლი 19.4)
პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედს (100 ხმა) საჭიროებს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული საკუთრების უფლების შესახებ ორგანული კანონის მიღება.
იგივეს იმეორებს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილიც.
2. უფლებების ფიქტიური ხასიათი სახალხო დამცველზე დაკისრებული ვალდებულებების ნაწილში ( კონსტიტუცია , მუხლი 35)
კონსტიტუციის 35-ე მუხლი ეძღვნება სახალხო დამცველს. ამ მუხლით, სახალხო დამცველი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას. იგი 6 წლის ვადით ირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით. ანუ, სახალხო დამცველის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის ხმაა საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ წინა პარლამენტის მიერ არჩეულ სახალხო დამცველს გაუვა 6-წლიანი ვადა ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვადაზე ადრე შეწყვეტს საქმიანობას, საფრთხე ექმნება კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ ყველა უფლებას, რამეთუ ამ უფლებების განხორციელებაზე ზედამხედველი კონსტიტუციით გარანტირებული თანამდებობის პირი მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ წყაროს, არ მეყოლება.
კონსტიტუციაში არსებული ეს უკანასკნელი მოცემულობა კი იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ უფლება ფიქტიური ხასიათს იძენს.
3. უფლებების ფიქტიური ხასიათი კონსტიტუციური კანონის მიღების ნაწილში ( კონსტიტუცია , მუხლი 46)
კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადებით, კონსტიტუციური კანონის მისაღებად აუცილებელია პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4, ანუ 113 დეპუტატის ხმა.
იმ შემთხვევაში თუ კონსტიტუციური კანონი მისაღები იქნება კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული უფლებების ნაწილში, სულ ცოტა 113 დეპუტატის ხმის გარეშე, ასეთი წარმოშობილი აუცილებლობის განხორციელებას ვერ ვახერხებ, ანუ ეს უფლებაც ფიქტიურია.
4. უფლებების ფიქტიური ხასიათი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსაციის ან გაუქმების ნაწილში ( კონსტიტუცია , მუხლი 47)
პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ს, ანუ 113 დეპუტატის ხმას ითხოვს კონსტიტუციის 47-ე მუხლი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში.
ამ გარემოებასთან მიმართება, სრულიად პირდაპირი გაგებით, შესაძლოა შეეხოს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ ყველა უფლებას, რამეთუ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის, დენონსირების ან გაუქმების შესახებ საკითხის წარმოშობა საკანონმდებლო ორგანოს მყისიერი რეაგირებას საჭიროებს, რამეთუ დაყოვნებამაც კი შეიძლება მე-2 თავით გარანტირებული უფლებების დარღვევა გამოიწვიოს.
5. უფლებების ფიქტიური ხასიათი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ნაწილში
( კონსტიტუცია , მუხლი 48).
კონსტიტუციის 48-ე მუხლი ითვალისწინებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა.
პრეზიდენტი თავისთავად მოიაზრება, სხვა ვალდებულებებთან ერთად, კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული უფლებების ერთ-ერთ გარანტად. იმ შემთხვევაში, თუ ეს გარანტი დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ანუ დამირღვევს კონსტიტუციის მე-2 თავით ჩემთვის გარანტირებულ უფლებას და ეს დარღვევა შესაძლოა იყოს იმ ხარისხის, რომ დადგეს მისი იმპიჩმენტის საკითხი, იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება სათანადო რაოდენობის დეპუტატთა ხმა, პრეზიდენტი შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ასევე იგი იქნება იმ შესაძლებლობის ფარგლებში, საიდანაც შეიძლება ჩემი უფლებების დარღვევების განგრძობაც.
აღნიშნული მოცემულობა პირდაპირ უთითებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფიქტიურობაზე, როგორც კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული უფლებების გარანტზე.
6. უფლებების ფიქტიური ხასიათი სამართლიანი სასამართლო უფლების განხორციელების ნაწილში ( კონსტიტუცია , მუხლი 64)
კონსტიტუციის 64-ე მუხლით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეძღვნება. ამ ორგანოს არსებობა კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების განხორციელების ერთ-ერთი გარანტიაა. ამ ორგანოს, მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორცილება შეუძლია მხოლოდ სრული კოპმპლექტაციის პირობებში.
მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების მაღალ ხარისხს და მართლმსაჯულების ეფექტიანობას. საბჭოს 5 წევრი აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ით, ანუ სულ ცოტა, 90 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შეასრულებს მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, როდესაც იგი წარადგენს მის მიერ სათანადო წესით არჩეულ წევრებს. ამ ვალდებულებით კი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად განახორციელებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრულყოფილი სახით ფუნქციონირება, კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად განხორციელება შეუძლია მხოლოდ სრული კომპლექტაციის პირობებში, ანუ სამართლიანი სასამართლო უფლების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ ორგანოს სრულყოფილი სახით ფუნქციონირების პირობებში. ამ ორგანოს ასეთ რეჟიმში მუშაობის გარეშე კი კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო უფლების განხორციელება ფიქტიურ ხასიათ იძენს.
7. კონსტიტუციის გადასინჯვის უფლების ფიქტიურობა
კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით, კონსტიტუციის გადასინჯვა დასაშვებია კონსტიტუციური კანონით, რომლის პროექტის წარდგენის უფლება გააჩნია მინიმუმ 76 პარლამენტარს და 200 000 ამომრჩეველს.
ბოიკოტის რეჟიმი ამ უფლებასაც ფიქტიურ ხასიათს ანიჭებს, რამეთუ ასეთი აუცილებლობის წარმოშობის შემთხვევაში, აზრი არ აქვს შევაგროვო 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა.
მოცემულობის სამართლებრივი შეფასება
კონსტიტუციის 24-ე მუხლი განსაზღვრავს საარჩევნო უფლებას, რომლის მიხედვით მე, როგორც ერთ-ერთ ამომრჩეველს, ანუ ხელისუფლების წყაროს ერთ-ერთ სეგმენტს, შემიძლია მივიღო მონაწილეობა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს უფლება ნიშნავს იმას, რომ მე ხელისუფლების წყაროდ ვარ აღიარებული და ამავდროულად გამაჩნია როგორც კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული (საარჩევნო უფლება) ასევე მთლიანად კონსტიტუციით აღიარებული ყველა უფლება, როგორიცაა გამოვიყენო ს ა კ ა ნ ო ნ მ დ ე ბ ლ ო ( კონსტიტუცია მუხლი 45.1) და ს ა კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ო ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ი ს ( კონსტიტუცია , მუხლი 77 .1 ) უფლებები.
პარლამენტარების ბოიკოტირების რეჟიმი ზემოაღწერილი კონსტიტუციურ დანაწესებს, აღიარებულ დემოკრატიულ უფლებებს ფიქტიურ უფლებებად აქცევს, ხელისუფლების წყაროს - ხალხს - არ ეძლევა შესაძლებლობა მის მიერვე არჩეული ხელისუფლება აკონტროლოს მუდმივად, გაიუმჯობესოს სამართლებრივი მდგომარეობა, მის მიერ შექმნილი დემოკრატია გახადოს კიდევ უფრო დემოკრატიული, ანუ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხი აამაღლოს.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გულისხმობს საარჩევნო ყუთთან განშორების შემდეგ ჩემი, როგორც ამომრჩევლის უფლებების დამთავრებას. საარჩევნო უფლება ასევე ნიშნავს უფლებას, ვაკონტროლო ჩემ მიერ არჩეული ხელისუფლება. ასეთმა ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა ახორციელოს საკანონმდებლო საქმიანობა, მიიღოს, ცვლილება შეიტანოს, შეცვალოს ყველა დონის კანონი, ანუ ფუნქციონირებდეს ნორმალურად, ხოლო სათანადო პირობების დადგომის შემთხვევაში ხელისუფლების წყაროს უნდა შეეძლოს მისი შეცვლაც კი.
კონსტიტუციის მე-3 მუხლი ცალსახად აცხადებს, რომ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და ეს წყარო ამ ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.
კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლების წყარო უფლებამოსილია, ანუ ლეგიტიმურია, ძალა აქვს მინიჭებული, მისი უშუალო ნება განახორციელოს რეფერენდუმისა თუ დემოკრატიის სხვა ფორმის გამოყენებით.
„დემოკრატიის სხვა ფორმა“ უპირველეს ყოვლისა კი, გახლავთ საარჩევნო უფლების განხორციელება. საარჩევნო უფლების განხორციელება კი საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ინიციატივის უფლებების განხორციელებას ნიშნავს, რამეთუ ამომრჩეველი, მაშინ, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას აირჩიოს მისი წარმომადგენელი ხელისუფლების იმ ორგანოში, რომლის მეშვეობითაც მას სურს განახორციელოს მისთვის მინიჭებული ძალაუფლება, მხოლოდ საარჩევნო ყუთთან ერთჯერადი კომუნიკაციით არ მთავრდება. არჩევნებში მონაწილეობის მიმღები პირი ფაქტობრივად ხდება გარიგების სუბიექტი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ სუბიექტს აქვს უფლება მოსთხოვოს მისი მონაწილეობით შემდგარ წარმომადგენლობით ორგანოს მისთვის საინტერსო და მისაღები გადაწყვეტილებების მიღება. ამ ნების განხორციელების ერთ-ერთ გზად, ქვეყნის კონსტიტუცია ამომრჩეველს უფლებას გვანიჭებს, 25 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, განვახორციელოთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ხოლო თუ კონსტიტუციის რომელიმე ნორმის შეცვლას ჩათვლით საჭიროდ, 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, უფლება გვაქვს წარვადგენოთ კონსტიტუციური კანონპროექტი კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ.
არჩევნებში მონაწილეობა (როგორც საარჩევნო უფლების განხორციელება) ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლების წყაროს გადაწყვეტილებას მიანდოს მისთვის გარანტირებული უფლებების განხორციელება კონკრეტულ წარმომადგენელს. ანუ, ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევანით ახორციელებს მისი უფლების დელეგირებას კონკრეტული წარმომადგენლის (პარტიის) მიმართ.
არჩევნებში მონაწილეობა ასევე ნიშნავს ამომრჩევლის მოლოდინს, რომ იგი ხელისუფლებას განახორციელებს ერთი საარჩევნო ვადის განმავლობაში ისეთ წარმომადგენლობითი ორგანოს მეშვეობით, სადაც იქნება აზრთა ოპონირება, კონკურენცია, სხვადასხვა მოსაზრებების განხილვა. ანუ ჭეშმარიტი დემოკრატიის, მრავალპარტიული საარჩევნო სისტემის არსებობის პირობებში ამომრჩეველი უშვებს, აქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ხელისუფლებას იგი განახორციელებს სწორედ მრავალპარტიული, კონკურენტუნარიანი წარმომადგენლობითი ორგანოს მეშვეობით.
მოქმედი კანონმდებლობა საკანონმდებლო ორგანოს წევრ(ებ) აძლევს უფლებას გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მუხლი 91.9). ბოიკოტის უფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მექანიზმია, რომლის მეშვეობით უმცირესობას ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს ზეგავლენა უმრავლესობაზე და საზოგადოებრივ აზრზე.
სწორედ ბოიკოტის რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობები და მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოუქცევადობა იწვევს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ფიქტიურობას.
ამდენად
არსებული მოცემულობებით (პარლამენტის წევრების უფლება ბოიკოტის რეჟიმზე) მე, როგორც ამომრჩეველი, უფლებააყრილი ვარ კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული უფლებების განხორციელებაში, რამეთუ კონსტიტუციით მონიჭებულ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ინიციატივის უფლებებს ვერ ვიყენებ პარლამენტში შესაბამისი ქვორუმების (2/3, 3/4, 3/5) არარსებობის გამო.
რა უნდა გაკეთდეს
ქვეყნის კონსტიტუციის 23.3 მუხლით „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
ამ მუხლით არაფერია ნათქვამი ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზე, რომელიც მისი საქმიანობით ხელს უშლის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას („ნორმალურ ფუნქციონირებაში“ იგულისხმება ორგანული და საკონსტიტუციო კანონის მისაღებად საჭირო ქვორუმის გარეშე დარჩენილი საკანონმდებლო ორგანო, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბოიკოტის რეჟიმით. ეს ტერმინი გამოყენებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლში, სადაც ასეთი საქმიანობა საბოტაჟადაა მიჩნეული).
კონსტიტუციის ეს დანაწესი ძალიან მკაცრი, რადიკალურია და აღუსრულებელიც (შეუძლებელია ამ მუხლით იხელმძღვანელო თანამედროვე საერთაშორისო და შიდაპოლიტიკურ გარემოში), რამეთუ იგი ასეთი პარტიის პირდაპირ აკრძალვას ითვალისწინებს.
უფრო ეფექტური, დემოკრატიული იქნებოდა კონსტიტუციის ამ მუხლის და კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ასახულიყო შემდეგ დანაწესები:
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს დაემატოს მე-5 ნაწილი შემდეგი რედაქციით:
„პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეჩერება შეიძლება 5 წლამდე ვადით მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3 - ის გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით “.
საქართველოს კანონის პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ 35-ე მუხლის მე-2და მე-3 ნაწილები კი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პარტიის საქმიანობის შეჩერება 5 წლამდე ვადით შეიძლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3 - ის გადაწყვეტილებით, თუ არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს წარმომადგენლობით ორგანოში პარლამენტის, საკრებულოს წევრის მოვალეობის შესრულებაზე “.
„საქმიანობა შეჩერებულ პოლიტიკურ პარტიას უწყდება ამ კანონის 30 - ე მუხლით გათვალიწინებული დაფინანსება “.
ასევე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომლითაც ბოიკოტის რეჟიმის ზღვრები უნდა განისაზღვროს. კერძოდ ბოიკოტის რეჟიმში გადასულ პარლამენტის წევრებს უნდა გააჩნდეთ ვალდებულება, პარლამენტის საქმიანობაში მიიღონ მონაწილოება, მიუხედავად ბოიკოტის რეჟიმისა, როდესაც საკითხი ეხება შესაბამისი ქვორუმებით საკითხების გადაწყვეტას.
და თუ პარტია (პარლემენტის წევრები ბოიკოტის რეჟმში), მიუხედავად ასეთი ნორმისა (არჩევნებში მონაწილეობის შეჩერება), მაინც არ შეასრულებს საპარლამენტო ფუნქციას, იგი (ისინი) მატერიალურადაც უნდა დაისაჯონ და დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები.