შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლება

19 მაისი 2023

დიმიტრი ძაგნიძე 
LLM “DD Law Office” პარტნიორი და დირექტორი

შესავალი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 29) მიხედვით „წილი არის უფლება, რომელიც გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილოებას და რომელთანაც დაკავშირებულია უფლებები და მოვალეობები. წილი საკუთრების საგანია.“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შემდგომში „შპს“) პარტნიორს წილზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებთან ერთად არაქონებრივი უფლებებიც გააჩნია. ზოგიერთი არაქონებრივი უფლებებით პარტნიორები ერთობლივად სარგებლობენ, ხოლო ნაწილი უფლებებისა კი პარტნიორს ინდივიდუალურად ეკუთვნის. ქართულ სამართალში პარტნიორის მხრიდან საზოგადოების კონტროლის და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და საზოგადოების საქმიანი კორესპონდენციის გაცნობის უფლება სწორედ პარტნიორის არაქონებრივ უფლებად განიხილება (სუსგ #ას-1340-2022). 

ინფორმაციული უფლებები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ პარტნიორის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კომპანიის მართვის ორგანოებსა და პარტნიორს შორის ურთიერთობებში თავს იჩენს ინფორმაციული ასიმეტრიის ,~ პრინციპალის და აგენტის პრობლემები. პარტნიორები დირექტორებთან შედარებით ნაკლებად არის ინფორმირებული კომპანიის საქმიანობასთან და მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო, დირექტორები, კი შესაძლოა ყოველთვის არ მოქმედებდნენ პრინციპალის ინტერესებში. 

ამ და სხვა სახის პრობლემების გადაჭრას, საკორპორაციო სამართალი პარტნიორისათვის ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლებების მინიჭების გზით ცდილობს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მისი წინამორბედი კანონის მსგავსად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის ინდივიდუალური ინფორმაციულ უფლებებს ითვალისწინებს. 

ბუნებრივია, რომ შპს-ს პარტნიორს არსებითი დაინტერესება ამოძრავებს გააჩნდეს წვდომა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. „ფაქტი, რომ პარტნიორის ინტერესი - მიიღოს დივიდენდი, თავისთავად განაპირობებს მინიმუმ იმგვარ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სურვილს, თუ რა წარმატებით ვითარდება საზოგადოების საქმიანობა და საკუთარი კაპიტალის საზოგადოების სასარგებლოდ განკარგვის გზით მოპოვებული წილი საზოგადოებაში, რამდენადაა სარგებლის მომტანი.“ (სუსგ #ას-1817-2019). გარდა ამისა, შპს-ს პარტნიორის მიერ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა განაპირობებს მისი მხრიდან სხვა ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების რეალიზებასაც (მაგალითად, საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღება, საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა და სხვა).

თუმცა, საკორპორაციო სამართალს საპირისპირო პრობლემის გადაჭრაც უწევს. არც თუ იშვიათად, პარტნიორს შესაძლოა უფლების ბოროტად გამოყენების და ხელმძღვანელი ორგანოს პარალიზების მიზნის გარდა, ინფორმაციის საზოგადოების საწინაღმდეგოდ გამოყენების მიზნები ამოძრავებდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ბალანსი პარტნიორის უფლების რეალიზებასა და კომპანიის ინტერესების დაცვას შორის. ერთ-ერთ საქმეში (სუსგ #ას-964-925-2014), სხვა სახის ინფორმაციასთან ერთად, შპს-ს პარტნიორები ითხოვდნენ „საზოგადოების დირექტორის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის აღწერას, კონკრეტული საქმიანობისა და მათთვის საჭირო სამუშაო საათების მითითებით“. მართალია, სასამართლომ (სამართლიანადაც) ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თუმცა, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების მიღმა ნათლად იკვეთება პარტნიორის ინდივიდუალური ინფორმაციული უფლებების შინაარსის და ფარგლების განსაზღვრასთან და უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

შპს-ში ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლების თავისებურებები სხვა სამეწარმეო საზოგადოების ფორმებთან მიმართებით

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სამეწარმეო საზოგადოების სხვადასხვა ფორმებს იცნობს. ცხადია, რომ ერთი მხრივ, პერსონალური და კაპიტალური ტიპის საზოგადოებებს შორის, მეორე მხრივ კი უშუალოდ პერსონალური და კაპიტალური ტიპის კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებულ ფორმებს შორის, არსებითი განსხვავებები არსებობს.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში (მუხლი 101) ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, როგორც წესი, აქვს ყველა პარტნიორს. აქედან გამომდინარე, პარტნიორს, როგორც ხელმძღვანელს, უშუალო წვდომა აქვს და ხელი მიუწვდება საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და დოკუმენტაციაზე.

განსხვავებული მდგომარეობაა კომანდიტურ საზოგადოებაში, რომლის კომანდიტებსაც (პარტნიორები, რომელთა პასუხისმგებლობაც საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია საგარანტიო თანხით), კანონის თანახმად (114-ე მუხლი), არ შეუძლიათ იმოქმედონ კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში კომპლემენტარების მიერ განხორციელებული ხელმძღვანელობითი საქმიანობის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ, კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარს კანონის თანახმად (113-ე მუხლი) კონტროლის უფლების სახით მინიჭებული აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს საზოგადოების წლიური ანგარიშის ასლი და შესაბამისი საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე შეამოწმოს ამ ანგარიშის სისწორე.

სააქციო საზოგადოების აქციონერს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს (172-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) კანონითა და წესდებით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების დოკუმენტების გაცნობის უფლებასა და მათი ასლების ბეჭდური ან ელექტრონულად  მიღების უფლებას ანიჭებს. ძირითადად კი, კანონი (მუხლი 202) აქციონერის ინფორმაციულ უფლებას ძირითადად უკავშირებს საერთო კრების მიმდინარეობისას დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეკითხვების დასმას და ხელმძღვანელი ორგანოს ვალდებულებას, უპასუხოს აქციონერის შეკითხვებს და მიაწოდოს მას მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით (127-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-5 პუნქტი), შპს-ს პარტნიორს, პარტნიორთა საერთო კრების დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვანელი ორგანოსაგან განმარტების გაცემის უფლების გვერდით, მინიჭებული აქვს ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცემის ზოგადი უფლება. 

შპს პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლებები ქართულ საკორპორაციო სამართალში

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება“. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი „ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა დასაშვებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკისაგან დასაცავად. უარი წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ასევე დასაშვებია, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროა“.

კანონის აღნიშნული ნორმა იმპერატიულია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით (სუსგ #ას-700-663-2013) „კონტროლისა და შემოწმების კანონით განსაზღვრული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით“. ამასთან, დასაშვებია წესდებით გათვალისწინებული იქნეს წესები და პროცედურები, რაც უკავშირდება პარტნიორის მიერ ინფორმაციის მოთხოვნისა და დოკუმენტაციის უფლების რეალიზებას. ამასთან, შპს-ს წესდებით შესაძლებელია დადგენილი იქნეს პარტნიორის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის, საქმიანი კორესპონდენციის გაცნობისა და საზოგადოების დირექტორის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის წესები და პირობები (მაგალითად, ინფორმაციის მოთხოვნა და გაცემა წერილობითი ფორმით), თუკი ამით არსებითად არ ხდება აღნიშნული უფლებების შეზღუდვა. 

ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლება პარტნიორს გააჩნია შპს-ს წევრობიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება წილზე საკუთრების უფლებას და ისინი არ წარმოადგენენ ცალკე უფლების ობიექტს, რომელთა სხვა პირზე გადაცემა ან დაგირავება შესალებელია. 

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უფლებები პარტნიორის ინდივიდუალურ, თუმცა არა პირად, უფლებებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დასაშვებია ამ უფლებების რეალიზება როგორც პირადად პარტნიორის მიერ უშუალოდ, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. გარიგებისმიერი ან კანონისმიერი წარმომადგენლის მეშვეობით ინფორმაციული უფლების გამოყენების აუცილებლობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს მრავალი გარემოებით, როგორიცაა მაგალითად: პარტნიორის ადგილზე არყოფნა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინფორმაციის გაცნობისა და დამუშავებისათვის სპეციალური ცოდნის აუცილებლობა და სხვა. გარდა უშუალოდ პარტნიორისა, აღნიშნული უფლებებით სარგებლობს სამკვიდროს მმართველიც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლი).

შპს-ს პარტნიორისთვის მინიჭებული ინფორმაციის გამოთხოვის უფლების ფარგლებში ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში, მიაწოდოს მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ. ხოლო, შპს-ს პარტნიორის მიერ დოკუმენტაციის გაცნობის უფლება კი, პარტნიორს ანიჭებს საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას.

ორივე აღნიშნული უფლება მართალია პარტნიორის ინდივიდიალური ინფორმაციული უფლების კომპონენტებია, მაგრამ, განსხვავებულ შინაარსს ატარებენ. სამწუხაროდ, მათ შორის გამიჯვნის კრიტერიუმები, როგორც კანონმდებლობაში, ისე სასამართლოების პრაქტიკაში ნაკლებადაა გამოკვეთილი. 

ამ ორ უფლებას შორის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ აღიარებული შეხედულების თანახმად, მათ შორის კავშირი არ ატარებს ურთიერთდაქვემდებარებულ ხასიათს. შპს-ს პარტნიორი უფლებამოსილია ისარგებლოს ორივე უფლებით, თუმცა, აღნიშნული უფლებების რეალიზების დროს დაცული უნდა იქნეს მიზნობრიობის და თანაზომიერების პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით პარტნიორზე დაკისრებული ზრუნვის ვალდებულებიდან გამომდინარე (34-ე მუხლის პირველი პუნქტი), პარტნიორმა უნდა შეარჩიოს ინფორმაციის მიღებაზე მისი ინტერესის დაკმაყოფილების ყველაზე მეტად შესაფერისი საშუალება.

 შპს-ს პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღების უფლება

კანონის ხსენებული ნორმა მიუთითებს პარტნიორის მიერ „საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის“ მიღების უფლებაზე, რომელი ინფორმაციაც მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიწოდებული.

თუ რა იგულისხმება „საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის“ ქვეშ კანონი პირდაპირ არ განმარტავს. ანალოგიურ ცნებას იცნობდა „მეწარმეთა შესახებ“ ძველად მოქმედი კანონიც (46-ე მუხლის მე-4 პუნქტი). საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ფართოდ უნდა განიმარტოს. ის მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც სამართლებრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით უკავშირდება საზოგადოებას და მის მართვას. კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ქვეშ იგულისხმება „ინფორმაცია საწარმოს კომერციული, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, ანუ ფაქტობრივად არსებული ინფორმაცია კონტრაჰენტების, დადებული გარიგებების, ამ გარიგებების შინაარსისა და სხვადასხვა საკითხების თაობაზე“ (სუსგ #ას-964-925-2014). მოცემულ შემთხვევაში განმსაზღვრელია ის, რომ ინფორმაციას პირდაპირი ან არაპირაპირი კავშირი უნდა ქონდეს საზოგადოების საქმიანობასთან. 

ვინაიდან პარტნიორის ინფორმაციული უფლებები შპს-ს წევრობიდან გამომდინარეობს, აღნიშნული უფლებით სარგებლობენ შპს-ს პარტნიორები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამეწარმეო რეესტრში.  ეს უფლება ვრცელდება როგორც შპს-ს პარტნიორად გახდომამდე, ისე წინა პერიოდთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე (სუსგ #ას-700-663-2013). 

ინფორმაციის მოთხოვნისა და საქმიანი კორესპონდენციის გაცნობის უფლებით ვერ ისარგებლებენ შპს-ს ყოფილი პარტნიორები. რაც შეეხება შპს-დან გარიცხულ (143-ე მუხლი) და საზოგადოებიდან გასულ (144-ე მუხლი) პარტნიორებს, ისინი აღნიშნული უფლებით სარგებლობენ შპს-ს პარტნიორის სტატუსის დაკარგვამდე. თუმცა, გამონაკლისის სახით, შპს-დან გარიცხულ და გასულ პარტნიორებს უფლება უნდა გააჩნდეთ მოითხოვონ ინფორმაცია, რაც უკავშირდება მათი წილის ღირებულების დადგენას. 

თუკი წილი რამდენიმე პირის თანსაკუთრებაშია (თანაპარტნიორები), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აღნიშნული უფლებები შეიძლება განახორციელოს მათ მიერ განსაზღვრულმა ერთ-ერთმა პარტნიორმა, ან მესამე პირმა (მუხლი 30). 

ინფორმაციის მოთხოვნის უფლებით სარგებლობენ ასევე შპს-ს ის პარტნიორები, რომელთაც შეჩერებული აქვთ ხმის უფლება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კანონი შპს-დან გარიცხვის შემთხვევაში ითვალისწინებს პარტნიორს ხმის უფლებისა და სხვა არაქონებრივი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას (143-ე მუხლის მე-5 პუნქტი). ინფორმაციის მოთხოვნისა და საქმიანი კორესპონდენციის გაცნობის უფლება პარტნიორის არაქონებრივ უფლებებს განეკუთვნება. თუმცა, ზოგადი ინფორმაციული უფლების სრული შეზღუდვა  გაუმართლებელი იქნება, მით უფრო, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს სპეციალურ ინფორმაციული უფლების შეზღუდვას უშუალოდ პარტნიორთა საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებთან განმარტების გაცემის შემთხვევაში (127-ე მუხლის მე-5 პუნქტი).  
 
ნორმის ტექსტის სიტყვასიტყვითი განმარტების საპირისპიროდ, პარტნიორის მოთხოვნის უფლების ადრესატს წარმოადგენს არა უშუალოდ შპს-ს ხელმძღვანელი ორგანო, არამედ თავად შპს. თუმცა, პარტნიორისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება წარმოეშობა შპს-ს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს - დირექტორს. შესაბამისად, თუკი პარტნიორს არ მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია მას შეუძლია სარჩელით მიმართოს სასამართლოს შპს-ს და არა მისი დირექტორის მიმართ. თუმცა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სასამართლოს (სუსგ #ას-964-925-2014) განუხილავს და დაუკმაყოფილებია სასარჩელო მოთხოვნა უშუალოდ შპს-ს დირექტორის მიმართაც, რაც არ შეიძლება მართებულ გადაწყვეტად იქნეს მიჩნეული.

კანონი არც შპს-ს პარტნიორის მიერ ინფორმაციის მოთხოვნისა და საზოგადოების დირექტორის მიერ მისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის ფორმას ითვალისწინებს.  პარტნიორის მიერ ინფორმაცია შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს და შესაბამისად, დირექტორის მიერ აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია პარტნიორისათვის მიწოდებული იქნეს, როგორც ზეპირად, ისე წერილობით, მათ შორის, ელექტრონული ფორმით. ამასთან, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (სუსგ #ას-31-28-2015), ხსენებული უფლების სასარჩელო წესით დაცვისათვის ,,საკმარისია გამოვლინდეს საზოგადოების დირექტორების მხრიდან საზოგადოების პარტნიორებისთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გასაცნობად გადაცემის ნების არარსებობა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს".

დირექტორის მიერ პარტნიორისათვის მიწოდებული ინფორმაცია იყოს ნამდვილი და სრული. შესაბამისად, თუკი პარტნიორისათვის ინფორმაციის მიწოდება ხდება ზეპირი ფორმით, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა აღიქვას და აღბეჭდოს მისთვის მიწოდებული ინფორმაცია. სასამართლოების პრაქტიკაში მიღებული შეხედულებით  (სუსგ #ას-1571-2018) „აღიარებულია დირექტორის, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში.“

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პარტნიორს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება დირექტორის მიერ ინფორმაციის წერილობით მიწოდებასთან დაკავშირებით (თუკი საზოგადოების წესდებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული), ცხადია, რომ ინფორმაციის მოცულობის და შინაარსის გათვალისწინებით ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამომდინარეობდეს ინფორმაციის წერილობითი ფორმით მიწოდების ვალდებულება.

მოთხოვნილი და მიწოდებული ინფორმაციის მოცულობას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი. რაც უფრო დეტალურია პარტნიორის მოთხოვნა მით უფრო სრული და ამომწურავი უნდა იყოს დირექტორის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციაც.

კანონის დასახელებულ ნორმაში, ძველად მოქმედი კანონისგან განსხვავებით (46-ე მუხლის მე-4 პუნქტი) საუბარია პარტნიორის მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, ნაცვლად დაუყოვნებლივ მიწოდებისა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტერმინოლოგიურმა ცვლილებამ არ უნდა იქონიოს გავლენა პარტნიორის უფლების და საზოგადოების ვალდებულების მასშტაბზე. როგორც საკასაციო სასამართლო განმარტავს, პარტნიორს უფლება აქვს „დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია“ (სუსგ #ას-1571-2018). ის, თუ რა ჩაითვლება გონივრულ ვადად, დამოკიდებულია საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით.

კანონი არც იმ საკითხთან დაკავშირებით იძლევა პასუხს, თუ ვინ გაიღებს ინფორმაციის მოთხოვნისა და მიწოდების ხარჯებს. გასაზიარებელია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის მოთხოვნის ხარჯები ეკისრება თავად პარტნიორს, ხოლო ინფორმაციის მიწოდების ხარჯებს კი შპს გაიღებს.

პარტნიორის მიერ საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის უფლება

გარდა ინფორმაციის მოთხოვნის უფლებისა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს შპს-ს პარტნიორის მიერ საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის უფლებას. 

სამწუხაროდ, არც ძველად მოქმედი და არც ახალი კანონი არ გამოირჩევა ცნებითი აპარატის ერთგვაროვნებით. „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონი მიუთითებს „საზოგადოების საქმიან დოკუმენტაციაზე“ მაშინ, როდესაც ძველად მოქმედი კანონი (46-ე მუხლის მე-4 პუნქტი) პარტნიორს „საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობის უფლებას“ ანიჭებდა. „საზოგადოების წიგნებზე და საბუთებზე“ და „საბუღალტრო წიგნებსა და ჩანაწერებზე“ მითითება გვხვდებოდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (24-ე მუხლი) და კოოპერატივის (65-ე მუხლი) შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, ახალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი შპს-ს პარტნიორის და  კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარის მიერ საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის უფლების ცნებას იყენებს და იგივე ტერმინი გვხვდება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლებების ჩამონათვალში (209-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), რა დროსაც სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია, მათ შორის, საბუღალტრო დოკუმენტაცია. 

კანონით გათვალისწინებული „საქმიანი დოკუმენტაცია“ გულისხმობს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონულ-ციფრული ფორმით არსებულ მონაცემებს. დოკუმენტაციის გაცნობის უფლების რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ადგილსამყოფელის მიხედვით.  თუმცა, პარტნიორს უფლება აქვს საკუთარი ხარჯით გადაიღოს ასლები. შესაბამისად, აღნიშნული უფლების ფარგლებში საზოგადოებას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე ინფორმაციის პარტნიორისათვის გაგზავნის და ასლის გადაღების ხარჯების ვალდებულება, თუკი საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ძველად მოქმედი კანონის გამოყენებასთან დაკავშირებული ქართული სასამართლოების პრაქტიკა (სუსგ #ას-700-663-2013; სუსგ #ას-255-243-2017; სუსგ #ას-1340-2022) იცნობს შემთხვევებს, როდესაც მოსარჩელეები ითხოვენ და სასამართლოები „დოკუმენტაციის გამოთხოვის“ თუ „დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულების“ დავის ფარგლებში აკმაყოფილებენ მოთხოვნას როგორც დოკუმენტაციის გაცნობის, ისე ასლების გადაცემასთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც ასლების გადაღების უფლებას ითვალისწინებს საზოგადოების წესდება. ერთ-ერთი საფუძველი იმჟამად მოქმედი კანონის ის ნორმა იყო (მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი), რომლის მიხედვითაც საზოგადოების პარტნიორს უფლება გაჩნდათ მიეღოთ საზოგადოების წლიური ანგარიშის და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის ასლები. კანონის აღნიშნული ნორმა იმგვარად იყო სასამართლოების მიერ განმარტებული, რომ წლიური ანგარიშისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის ასლების მიღება შპს-ს პარტნიორის განცალკევებულ და დოკუმენტაციის გაცნობისა და შესწავლის უფლებისაგან დამოუკიდებელ უფლებას ქმნიდა და საზოგადოების დირექტორს უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა პარტნიორებისათვის საზოგადოების პუბლიკაციების ასლების გადაცემაზე იმ მოტივით, რომ მათ შეეძლოთ შეესწავლათ ისინი უშუალოდ საწარმოში (სუსგ #ას-964-925-2014). 

პარტნიორის უფლება, გაეცნოს საზოგადოების საქმიან დოკუმენტაციას , არ არის შეუზღუდავი და არ გულისხმობს კომპანიის საქმიანობაში და წარმოების  პროცესებში ჩარევას და ხელშეშლას. პარტნიორის უფლება მიმართულია თავად საზოგადოების და არა მისი რომელიმე თანამშრომლის მიმართ. შპს-ს დირექტორს უფლება აქვს უფლებამოსილება მიანიჭოს რომელიმე თანამშრომელს გასცეს პარტნიორზე შესაბამისი ინფორმაცია.

ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტის გაცნობის უფლების ფარგლები

პარტნიორის მიერ ინფორმაციის გამოთხოვისა და საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის უფლების მომწესრიგებელმა ნორმებმა ქართულ სამართალში რამდენჯერმე განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის კანონის 46.10 მუხლის თავდაპირველი რედაქცია ორივე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ადგენდა თუ პარტნიორს შეეძლო ეს ინფორმაცია საზოგადოების საწინააღმდეგო მიზნებისათვის გამოეყენებინა და ამით საზოგადოების ან მისი მეკავშირე საწარმოსათვის უარყოფითი შედეგები მოეტანა, უარი საჭიროებდა პარტნიორთა გადაწყვეტილებას. განცხადების საფუძველზე, დირექტორების მიერ ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო. განცხადებით მიმართვის უფლება ჰქონდა პარტნიორს, რომელსაც უარი ეთქვა ინფორმაციის მიცემაზე და წიგნებისა თუ ჩანაწერების გაცნობაზე.

2008 წელს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კანონის აღნიშნულმა ნორმამ ცვლილება განიცადა და საბოლოოდ მხოლოდ მითითება დარჩა დირექტორის ვალდებულებაზე- პარტნიორისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დაერთო გაცნობოდა საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის მეორე პუნქტი პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტის გაცნობის უფლების შეზღუდვის წინაპირობებს ადგენს. ხსენებული ნორმის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა დასაშვებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკისაგან დასაცავად. უარი, წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ასევე დასაშვებია, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია.

ხსენებული ნორმის პირდაპირი შინაარსიდან გამომდინარე შეზღუდვას შესაძლოა დაექვემდებაროს მხოლოდ პარტნიორის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება და არა საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის უფლება, რაც საკანონმდებლო ხარვეზად უნდა ჩათვალოს რადგან საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკი შესაძლებელია არსებობდეს არა მხოლოდ ინფორმაციის პარტნიორზე გაცემის, არამედ ასევე პარტნიორის მიერ საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის შემთხვევაშიც. 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს, რომ შპს-ს პარტნიორის უფლების საპირწონედ, შპს-ს გააჩნია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის უფლება. შპს-ს დირექტორი, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო, ზრუნვის მოვალეობით შებოჭილია როგორც პარტნიორზე ინფორმაციის გაცემის, ისე გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებში. ამდენად, მსგავსად ინფორმაციის მოთხოვნის უფლებისა, პარტნიორის მიერ საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის უფლებაც შესაძლებელია შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლით.

როგორც კანონის ნორმიდან გამომდინარეობს, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის უფლება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ორი საფუძველს ეფუძნება. კერძოდ, უარი დასაშვებია მხოლოდ მხოლოდ ორ შემთხვევაში: (ა) საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკისაგან დასაცავად, და (ბ) თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. ორივე შემთხვევაში უარი წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. სასამართლოს პრაქტიკით (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #2/ბ-59-2015) საკმარისია არა ზოგადი მითითება საწარმოს არსებით ინტერესებზე, არამედ აუცილებელია შესაბამისი კვალიციფიური დასაბუთება.

კანონი არ იძლევა პირდაპირ პასუხს იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორისათვის ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წელს მიღებული კანონის თავდაპირველი რედაქცია აღნიშნულ საკითხს პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციას მიაკუთვნებდა. ანალოგიურად წყდება საკითხი გერმანულ სამართალშიც, სადაც საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს საზოგადოების პარტნიორთა კრება, ხოლო, თავად ინფორმაციის მომთხოვნ პარტნიორს ამ საკითხზე ხმის უფლება არ გააჩნია. 

პარტნიორის მიერ ინფორმაციის მოთხოვნისა და საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის მოთხოვნის უფლება აღარ არსებობს თუკი ის უკვე შესრულდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი). გარდა ამისა, ინფორმაციის გაცემაზე და საქმიანი კორესპონდენციის გაცემაზე უარის თქმა დასაშვებია ასევე მაშინაც, როდესაც პარტნიორის მიერ ხდება უფლების ბოროტად გამოყენება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი).

მტკიცების ტვირთი და დავების განხილვის წესი

ინფორმაციის გაცემაზე და საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტნიორს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. 

ქართული სასამართლოების მიერ შექმნილი პრაქტიკის მიხედვით (სუსგ #ას-1029-987-2014) არსებობს პრეზუმფცია, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა არსებობდეს (ინახებოდეს) კომპანიაში, რის გამოც, განსახილველი კატეგორიის საქმეებში, აღნიშნული დოკუმენტების მოპახუხესთან არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს არ ეკისრება.

არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვის რაიმე სპეციალურ წესს. შესაბამისად, სარჩელი შეიტანება მოპასუხის, შპს-ს, ადგილსამყოფელის მიხედვით და დავას პირველი ინსტანციით განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზოგადი წესით. სამომავლოდ, სასურველი იქნება თუ კანონმდებლობა გაითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის სპეციალურ წესს, მით უფრო, რომ შპს-ს პარტნიორის ინფორმაციული უფლება მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს პარტნიორის სხვა უფლებების რელიზების კუთხით.

დასაშვებია ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავების თაობაზე საარბიტრაჟო დათქმა ან შეთანხმება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით (პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით).

 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი