ფოლკლორი და საავტორო სამართალი

19 მაისი 2023


ოლიკო კობახიძე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ლექტორი, ადვოკატი,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის წევრი

 

ნაწილი I - ხალხური ცეკვა

სიტყვა „ფოლკლორი“, გულისხმობს სხვადასხვა ხალხთა ტრადიციულ შეხედულებებს, რწმენას, წეს-ჩვეულებებს, ისტორიებს, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას და ინახავს იმ კონკრეტულ ხალხთა თვითმყოფად ელემენტებსა და ავთენტიკური ცხოვრების სტილს, რომელიც ხაზს უსვამს მათ კულტურულ მრავალფეროვნებას. ფოლკლორი ხშირ შემთხვევაში გადმოცემულია ცეკვის, მუსიკის, თქმულებების თუ სხვა მხატვრული გამოხატულების ფორმით. მისი ფორმისა და გამოხატულების გათვალისწინებით ფოლკლორი შესაძლოა განეკუთვნებოდეს როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. 

ფოლკლორული ცეკვა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშველოვანესი ნაწილია. იგი მრავალი საუკუნის მანძილზე სრულდებოდა და დროთა განმავლობაში იხვეწებოდა. შესაბამისად, მასში განსხეულებულია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული ტრადიციები თუ ეროვნული ღირებულებები. 

ცეკვის, როგორც ქორეოგრაფიული ნაწარმოების საკანონმდებლო დონეზე განმარტებას ქართული თუ საერთაშორისო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ზოგადად კი, ქორეოგრაფია ბერძნული სიტყვაა და საცეკაო სპექტაკლთა შექმნის ხელოვნებას ნიშნავს [ბერძ. choreia ცეკვა და graphō ვწერ]. 

„ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის“ მიხედვით (შემდგომში „ბერნის კონვენცია“), საავტორო უფლებით დაცვადია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები და ეს ჩანაწერი მოიაზრებს ასევე მეცნიერების ნაწარმოებებსაც, მათი გამოხატვის ფორმის მიუხედავად. ბერნის კონვენციის ეს განსაზღვრება ზოგადია, ვინაიდან საზოგადოების კულტურული თუ სოციალური განვითარების კვალდაკვალ, შესაძლოა მოცემულმა დეფინიციამ (ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები) სხვადასხაგვარი გამოხტულება შეიძინოს (ამის საუკეთესო მაგალითია კომპიუტერული პროგრამის გათანაბრება ლიტერატურულ ნაწარმოებთან). 

ბერნის კონვენციის მსგავსად, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების ნაწარმოებებზე. აღნიშნული განსაზღვრება ქორეოგრაფიულ ნაწარმოებს საავტორო სამართლით დაცვად ობიექტად მიიჩნევს, რადგან იგი მიეკუთვნება ხელოვნების სფეროს. ეს გულისხმობს იმას, რომ ქორეოგრაფია ისეთივე დაცვის სტანდარტით სარგებლობს, როგორც, მაგალითად, მუსიკალური ნაწარმოები, ლიტერატურული ნაწარმოები, კინემატოგრაფიული ნაწარმოები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კანონმდებელი არ განმარტავს  კონკრეტულად რა არის „ქორეოგრაფიული ნაწარმოები“, იგი ადგენს ზოგად სტანდარტებს, რა შემთხვევაშიც, ნაწარმოები დაექვემდებარება საავტოროსამართლებრივ დაცვას.  აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ნაწარმოები უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ინტელექტუალური-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და იყოს ობიექტური ფორმით გამოხატული. თანამედროვე სამართლებრივი მოცემულობის პირობებში, შესაბამისი საკანონმდებლო წინაპირობებისა თუ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცეკვა, როგორც ქორეოგრაფიული ნაწარმოები ექცევა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების ბერნის კონვენციით“ ჩამოყალიბებული დამცავი ქოლგის ქვეშ.

როგორც აღინიშნა, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს. საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში. კანომდებელი არაფერს ამბობს, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ან გაიზომოს ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა, თუმცა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერიდან იკვეთება სწორედ ის სისტემური მიდგომა, რომელიც თითოეული ნაწარმოების შექმნისას, მისი ავტორის ინტელექუალური წვის, ორიგინალურობისა და შემოქმედებითობის არსებობას მოითხოვს. აღნიშნული ნორმიდან შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ნაწარმოების შექმნა დაკავშირებულია ინდივიდის ინტელექტის, გონების ჩართულობასთან, ხოლო შემოქმედებითობის დონისა და ხარისხის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის არსებობისას,  სასამართლოს კომპეტენციისათვისაა მინდობილი. საავტორო სამართალში „ორიგინალურობის“ სტანდარტის განსაზღვრა ყველა სამართლებრივი რეჟიმის Sine Qua Non-ს წარმოადგენს. რადგან სწორედ ორიგინალურობის არსებობა და ხარისხი განაპირობებს საავტოროსამართლებრივ დაცვას. ორიგინალურობის ელემენტი ქორეოგრაფიაშიც მეტად მნიშვნელოვანია. ის ცეკვები, რომელიც შედის განსაზღვრებაში „ქორეოგრაფიული ნაწარმოები“, უნდა იყოს ამავდროულად ორიგინალური. მარტივი, საბაზისო ან სტერეოტიპული მოძრაობები, რომელშიც არ ჩანს ავტორის კრეატიულობა, არ აკმაყოფილებს ორიგინალურობის სტანდარტს, შესაბამისად საავტოროსამართლებრივ დაცვას იქნება მოკლებული. 

ნაწარმოების ობიექური ფორმით ფიქსაცია, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საიმისოდ, რომ ეს ნაწარმოები საავტოროსამართლებრივ დაცვას დაექვემდებაროს. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა. შესაბამისად,  ქორეოგრაფიული ნაწარმოების ობიექტური ფორმით გამოხატვა, იქნება ეს პირობითი ნიშნებითა თუ ნოტაციის სისტემით ცეკვის ჩაწერა ან აუდიოვიზუალური ფორმით დაფიქსირება, საკანონმდებლო მოწესრიგებისა და დაცვისათვის მეტად მნიშვნელოანია.

აუცილებელია განიმარტოს ქორეოგრაფიული ნაწარმოების ავტორობის საკითხი. კანონმდებლის განმარტებით  „ავტორი” არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. კანონი ასევე ითვალისწინებს თანაავტორობის შესაძლებლობას, კერძოდ, საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა (თანაავტორობა), ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს. ქორეოგრაფიული ნაწრმოების შემთხვევაში, ავტორი ან თანაავტორი არის ქორეოგრაფი, რომლის ინტელექტუალური შრომის შედეგად იქმნება მოძრაობათა კომბინაცია, ქორეოგრაფიული დადგმა, ნახაზი და ცეკვის სიუჟეტური განვითარება.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ხალხური ცეკვა ინტელექტუალური შრომის შედეგი შეიძლება იყოს, საავტორო უფლების ჭრილში ფოლკლორული ნაწარმოების (ცეკვის) ერთ-ერთ ძირითად თავისებურებად და სირთულედ უნდა იქნეს მიჩნეული ის ფაქტი, რომ მას ერთი კონკრეტული ავტორი არ ჰყავს იმდენად, რამდენადაც მის შექმნასა და განვითარებაში თაობები იღებდნენ მონაწილეობას და შეუძლებელია იმ პირთა იდენტიფიცირება, ვისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომაც ჩაიდო მის შექმნა-განვითარებაში. შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ფოლკლორულ ცეკვებთან მიმართებით რთულია შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტისა და საავტორო უფლებათა ხანგრძლივობის ვადის იდენტიფიცირება, შესაძლოა, იგი იმ ფორმით, რა ფორმითაც თაობებმა შემოინახეს, ვერ მოექცეს საავტოროსამართლებრივი დაცვის ქვეშ იმ საკანონმდებლო ჩარჩოებში, რომელსაც არსებული ეროვნული კანონმდებლობა თუ საერთაშორისო ხელშეკრულებები ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ უძველესი ქართული ქორეოგრაფიული ნიმუშები ჯერ კიდევ ნადირობის ღვთაებათა თაყვანისცემის ხანას უკავშირდება, როდესაც ნადირობის ღმერთის, დალის პატივსაცემად სრულდებოდა ფერხულები. თრიალეთის ვერცხლის სასმისზე, რომელიც ძ.ვ.წ II ათასწლეულის შუა ხანით თარიღდება, გამოსახულია ნიღბოსანთა საფერხულო მსვლელობა და იგი მიჩნეულია სარიტუალო, ნადირობის ქალღმერთის საპატივცემულოდ შესრულებული ფერხულის გამოხატულებად. ქართული ქორეოგრაფიაც სწორედ „ცოცხალი ფერხულებიდან“ იწყება, რომლის თავდაპირველი ფუნქციური დატვირთვა არათუ მაყურებელში ესთეტიური სიამოვნების გამოწვევა იყო, არამედ ნადირობის ხელშეწყობა, რადგან მონადირეთა რწმენით, სარიტუალო მოძრაობები ხელს უწყობდა ნადირობის წარმატებას. 

დროთა განმავლობაში სარიტუალო ცეკვებმა ესთეტიური დატვირთვაც შეიძინა. იგი გადაიქცა ქორეოგრაფიულ ნაწარმოებად, რომელმაც სასცენო სივრცეში გადაინაცვლა, გასცდა თავის სოციალურ დატვირთვას და მნიშვნელოვნად დაიხვეწა. მაგალითად, ცეკვა „განდაგანა“, რომელიც ხალხურ ქორეოგრაფიაში მეტად პოპულარულია, სცენაზე პირველად 1946 წელს შესრულდა. 

საავტორო სამართლის ფარგლებში ფოლკლორული ცეკვა „სახალხო დომეინად“ (Public Domain) ითვლება, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ პირს შეუძლია ლიცენზიისა თუ საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ფოლკლორი, იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი თაობიდან თაობას გადაეცა, თავისი არსობრივი გაგებით ხალხის მიერაა შექმნილი. მას კონკრეტული ავტორ(ებ)ი არ ჰყავს და არც ერთ პირს არ აქვს მასზე ექსკლუზიური უფლება. ამასთან, იგი ზეპირსიტყვიერი თუ სხვა არაფორმალური საშუალებებით გადაეცემოდა თაობიდან თაობას და საავტორო სამართლით დაცული ობიექტისაგან განსხვავებით, იგი საზოგადოების კოლექტიური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. საზოგადოებრივი დომეინის სტატუსი მას აძლევს საშუალებას შენარჩუნებულ იქნას და კვლავ გაგრძელდეს მისი თაობიდან თაობაზე გადაცემის პროცესი. ამავდროულად, შესაძლებელია მისი გადამუშავება ან/და საინსპირაციო საშუალებად გამოყენება თანამედროვეობაში და ფოლკლორული ელემენტების გადამუშავებით, ახალი, დამოუკიდებელი ნაწარმოების შექმნა. გადამუშავებულ ნაწარმოებზე კი, საავტორო უფლებათა დაცვა ხორციელდება მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა საავტორო უფლების ობიექტებს ის ნაწარმოებები, რომლებსაც ემყარებიან ან შეიცავენ ისინი. გადამუშავებული ნაწარმოების დაცვა საავტორო სამართლის ფარგლებში ორიგინალური ნაწარმოების თანაბრად ხდება. ნაწარმოების გადამუშავების უფლება გულისხმობს ნაწარმოების შექმნას, რომელიც დაეფუძნება უკვე არსებულ ნაწარმოებს, და იგი საავტორო უფლების მფლობელის ერთ-ერთი ექსკლუზიური, ქონებრივი უფლებაა. იგი ემსახურება ორიგინალური ნაწარმოების შემქმნელის ეკონომიკური ინტერესების დაცვას და ნაწარმოების გადამუშავებისათვის აუცილებელია უფლებისმფლობელის ნებართვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ახალი ნამუშევარი შეიძლება არ იყოს გადამუშავებული ნაწარმოები, არ იყენებდეს ორიგინალური ნაწარმოების არც ერთ ელემენტს და მისი შექმნა უბრალოდ ორიგინალური ნაწარმოებით  იყოს შთაგონებული. როდესაც ფოლკლორულ ცეკვაზეა საუბარი, თანამედროვე ქორეოგრაფია შესაძლოა ეფუძნებოდეს უკვე არსებულს და ამავდროულად მხოლოდ საინსპირაციო წყაროდ იყენებდეს ფოლკლორულ ელემენტებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფოლკლორულ ქორეოგრაფიაში აუცილებელია იმ ელემენტების იდენტიფიცირება, რომლებიც არ ექვემდებარება დაცვას საავტორო სამართლის ფარგლებში. ნარატივი, რასაც კონკრეტული ცეკვა უამბობს მაყურებელს და მოძრაობათა სტილი, რომელზე დაყრდნობითაც იქმნება ქორეოგრაფია, თავად საცეკვაო მოძრაობები, რომელიც თაობებმა შემოინახეს, წარმოადგენს სახალხო დომეინს და როგორც უკვე აღინიშნა მასზე კონკრეტული ადამიანის საავტორო უფლება ვერ გავრცელდება. საწინააღმდეგო დაშვების შემთხვევაში იგი დაკარგავდა თავის ძირითად სტატუსს - ფოლკლორულობას. ის საბაზისო, საწყისი მოძრაობები, რამაც განაპირობა ამა თუ იმ კუთხის ცეკვის ჩამოყალიბება, ნიშა, რაც მის კუთხურობას ხაზს უსვამს და საცეკვაო მოძრაობები, რომლის საშუალებითაც ქართველი ხალხი გადმოსცემდა სათქმელს, ნაკარნახევი იყო მათი ყოველდღიური ცხოვრებით, საქმიანობით და სოციალურ-კულტურული ყოფით. სწორედ ეს ხასიათი, საცეკვაო მოძრაობათა სტილი ფორმირდებოდა საუკუნეების განმავლობაში და გადაეცემოდა თაობიდან თაობას. აღსანიშნავია, რომ დღემდე შენარჩუნებულია ის ავთენტიკურობა, რაც თითოეულ ქართულ ცეკვას ახასიათებს. თუკი რომელიმე ფოლკლორულ ცეკვაში შეიცვლება ფეხთა სვლა, ხელსართისა თუ ფეხის მოძრაობები, იგი დაკარგავს თავის ხასიათს და შესაბამისად ვეღარ იქნება კონკრეტული ქართული კუთხის ცეკვასთან გაიგივებული. მაშასადამე, როდესაც საუბარია ფოლკლორულ ცეკვაზე, აუცილებელია განიმარტოს თუ რა ქმნის იმ კონკრეტული ცეკვის ხასიათს, განსხვავებულობას, რაც სხვა ცეკვებისაგან გამოარჩევს და მაყურებლის თვალში აყალიბებს შესაბამის აღქმას და იდენტიფიცირდება საქართველოს კონკრეტულ კუთხესთან, ხალხთან. 

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, საავტორო უფლებით დაცვადია არა იდეა, არამედ მისი გამოხატულება. შესაბამისად, კონკრეტული კუთხის ფოლკლორული ცეკვის ფუძემდებლური ხასიათი, საცეკვაო მოძრაობათა სტილი, შინაარსი, რომელიც ქართველ ხალხთა ისტორიას, სოციალურ ყოფას, ურთიერთობებს, ტრადიციებსა და სამშობლოსადმი სიყვარულს გადმოსცემს, საავტორო უფლებით დაცვადი ვერ იქნება. დაცვადი იქნება მისი გამოხატვის კონკრეტული ფორმა, სისტემატიზაცია და ერთ ნაწარმოებად გარდაქმნა, სადაც ავტორის მიერ შერჩეული იქნება მოძრაობათა თანმიმდევრულობა, შესრულების მანერა და კონკრეტული ცეკვის სიუჟეტური, დრამატურგიული განვითარება. ყოველი კონკრეტული ქორეოგრაფიული ნაწარმოების შეფასებისას, მნიშვნელოვანია იკვეთებოდეს ქორეოგრაფის ინტელექტუალური შემოქმედება და შრომა.  ერთი კონკრეტული მარტივი მოძრაობა (simple step) რაც ძირითადი საბაზისო ელემენტია მოძრაობათა კომბინაციაში, მაგალითად: ქალის გვერდულა სვლა ცეკვაში „ქართული“, ფეხის სამდაკვრითი მოძრაობა, ორდაკვრითი მოძრაობა, ხელის მტევნის მოძრაობა, ცერ-ილეთები, სხვადასხვა სახის ჩაკვრები და ა.შ, ის სტანდარტული საბაზისო მოძრაობებია, რომელიც  კონკრეტული ხალხური ცეკვის სტილს ქმნის, რათა შემდგომში ქორეოგრაფს მიეცეს საშუალება, თავისი შეხედულებისამებრ, აღნიშნულ მოძრაობებზე დაყრდნობით, შექმნას ახალი საცეკვაო კომბინაციები და საბოლოო ჯამში მთლიანი ქორეოგრაფიული დადგმა, რაც თავისთავად მოექცევა საავტოროსამართლებრივი დაცვის ფარგლებში. 

ამრიგად, ფოლკლორული ცეკვის ახლად შექმნილი ქორეოგრაფია, რომელიც ეყრდნობა ფოლკლორულ ელემენტებს, შესაძლოა დაცული იყოს საავტორო სამართლით, თუკი იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, ამისათვის აუცილებელია იგი იყოს ორიგინალური, ავტორ(ებ)ის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი, მისი ინტელექტუალური-შემოქმედებითი წვის ნაყოფი. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს ობიექტური ფორმით გამოხატული. საავტორო უფლების დაცვა ვერ გავრცელდება ხალხური ცეკვის კულტურულ ელემენტებზე, როგორიცაა საცეკვაო სვლები, მარტივი მოძრაობები და ა.შ. საავტორო უფლების დაცვა გავრცელდება მხოლოდ ქორეოგრაფის მიერ შექმნილი ნაწარმოების კონკრეტულ გამოხატულებაზე და არა მის ძირძველ იდეასა თუ კონცეფციაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. 

ზოგადად, ფოლკლორული ცეკვის დაცვის რეგულირება სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავდება ერთმანეთისაგან. რიგმა ქვეყნებმა, რომლებიც კულტურული მრავალფეროვნებითა და ფოლკლორული გამოხატულებების სიმრავლით გამოირჩევიან, ფოლკლორული ცეკვის გამოყენება რეგულაციას დაუქვემდებარეს. მაგალითად, მექსიკას აქვს ყოვლისმომცველი სამრთლებრივი ჩარჩო ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის ფოლკლრული ცეკვის. მექსიკის “ზოგადი კანონი კულტურისა და ფოლკლორის შესახებ“ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობისა და კოლექტიური ინტელექტუალური საკუთრების იდენტიფიცირების, დაცვის, შენარჩუნებისა და გამოყენების პირობებს, აგრეთვე აწესებს გარკვეული სახის ჯარიმებს იმ ფოლკლორული გამოხატულების არაავტორიზებული გამოყენების შემთხვევაში, რომელიც მიჩნეულია კულტურულ მემკვიდრეობად.

პერუში, რომელიც ასევე გამოირჩევა კულტურული ტრადიციებით, „ძირძველ ხალხთა კოლექტიური ცოდნის შესახებ“ კანონი აღიარებს ძირძველი თემების უფლებებს დაიცვან თავიანთი კოლექტიური ცოდნა, მათ შორის ის, რაც მიჩნეულია ფოლკლორად. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს კოლექტიური ცოდნის რეგისტრაცასა და აღრიცხვას ეროვნული რეესტრის შექმნის სახით, რაც ერთგვარი დაცვის გარანტი იქნება მისი არაავტორიზებული გამოყენებისაგან. 

ბრაზილიას აქვს სპეციალური „კულტურული პოლიტიკის შესახებ“ ფედერალური კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ფოლკლორის დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. კანონი აღიარებს კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობას და ითვალისწინებს თემების მონაწილეობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში. 

ასევე აღსანიშნავია ფოლკლორის დაცვის მიმართ ჩინეთის დამოკიდებულება. ჩინეთის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კანონი, ითვალისწინებს ტრადიციული კულტურული გამოხატულებების (Traditional Cultural Expression), მათ შორის ფოლკლორის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, ასევე აწესებს ჯარიმებს მათი არაავტორიზებული გამოყენებისათვის. 

მსგავსად აღნიშნული ქვეყნებისა, ინდოეთსაც სპეციალური კანონი აქვს „ტრადიციული კულტურული გამოხატულებისა და ფოლკლორის დაცვის აქტი“, რომელიც აღიარებს კულტურული მრავაფლფეროვნებისა და მისი დაცვის მნიშვნელობას. 

საქართველოში ოთხი ქართული ხალხური ცეკვაა, რომელიც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსით სარგებლობს, ესენია: „ცეკვა ფერხული“; „ცეკვა „ხორუმი“; ცეკვა „განდაგანა“ და ცეკვა „ქართული“. საქართველომ, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციაზე მიერთებით აღიარა  არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნებასა და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას. კონვენციის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის „დაცვა“ ნიშნავს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO) შემოთავაზებული აქვს ფოლკლორისა და სხვა კულტურული გამოხატულების დაცვის მექანიზმები. მათ შორისაა: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეესტრი, რომელიც მოიცავს ტრადიციულ სიმღერებს, ცეკვებს, წეს-ჩვეულებებსა და კულტურული გამოხატვის სხვა ფორმებს. რეესტრი საშუალებას აძლევს კონკრეტულ კულტურულ თემებს დაარეგისტრირონ თავიანთი მემკვიდრეობა და მოიპოვონ სამართლებრივი დაცვა. WIPO-ს მიერ ასევე შემოთავაზებულია ტრადიციული ცოდნისა და კულტურული გამოხატულების საავტოროსამართლებრივი დაცვა, მაგალითად საავტორო უფლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ტრადიციული მუსიკისა და ლიტერატურის დასაცავად, ასევე იმ ნაწარმოებებისათვის, რომელიც ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროში მოიაზრება.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. კანონი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვას, დაცვასა და მართვას. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი, კანონით გათვალისწინებული ფუნქცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია, დოკუმენტური ფიქსაცია, შენახვა და დაცვაა, რა მიზნითად შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია და შესაბამისი რეესტრი. 

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში ჯერ მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი, რაც გულისხმობს ობიექტის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც იწვევს მასზე საქართველოს კანონმდებლობით ძეგლის მიმართ დადგენილი რეჟიმის გავრცელებას. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი კი მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულებაა, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. 

(გაგრძელება იქნება)

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი