კომუნიკაციების ომბუდსმენი, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტი და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა

17 ოქტომბერი 2022

ავტორი: გვანცა ჩხეიძე
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, კომუნიკაციების ომბუდსმენი

 
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტის სამართლებრივი სტატუსი 2003 წლიდან იღებს დასაბამს. დამცველის უფლებამოსილების ვადა, დამცველის არჩევის, სამსახურის ფორმირების წესი, დანიშნულება და ფუნქციები პირველად განისაზღვრა საქართველოს კანონით „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“. დღეის მდგომარეობით სამსახური ელექტრონული სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების უზრუნველსაყოფად მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

დამცველის სამსახური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის დამატებითი გარანტიების შექმნას.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვა გულისხმობს როგორც მომხმარებელთა მომართვიანობის საფუძველზე დაწყებული წარმოების ფარგლებში საკითხის შესწავლას, გადაწყვეტას, რეკომენდაციის გაცემას მომხმარებელთა დარღვეული უფლების აღსადგენად, ისე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად დამცველის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას, ისეთებს, როგორებიცაა: მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი, დამცველის მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე, მომხმარებლებზე სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო ცვლილებების გავლენის შედეგების შეფასება, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და სხვ.

კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამსახური უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიისგან მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციის/მტკიცებულების გამოთხოვას. გამოთხოვილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამსახური უპირატესად მედიაციას აწარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას შორის, ასევე შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს მომხმარებელთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ ამ აქტივობით მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა, სამსახური მომხმარებელთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ინტერესების დაცვის გაგრძელებას, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გზით, ისე სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, სადაც სამსახური იცავს მომხმარებლის ინტერესებს და სრულიად უფასოდ ახორციელებს მომხმარებელთა სამართლებრივ მხარდაჭერას.

სტატიაში ყურადღება გამახვილდება სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა.

მოკლე ისტორიული ექსკურსისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი მსოფლიო მასშტაბის იურიდიული დოკუმენტის „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დამტკიცებას, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად მოიცავს ბავშვის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს და ადამიანთა უფლებების თემაზე შექმნილ დოკუმენტებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი აქტია. კონვენცია აყალიბებს ბავშვთა კეთილდღეობის მინიმალურ სტანდარტებს მათი განვითარების თითოეული ეტაპისთვის, იგი ეხება 18 წლამდე ყველა ადამიანს (ბავშვის განსაზღვრების მიხედვით) გენდერის, წარმომავლობის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად. კონვენციამ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. ის აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ, ისინი არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არ არიან ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. ბავშვს ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო სჭირდება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, მათ შორის სათანადო სამართლებრივი დაცვა.

მსოფლიო საზოგადოება ბავშვთა მდგომარეობით პირველად 1923 წელს დაინტერესდა და მიღებულ იქნა ხუთი მუხლისგან შემდგარი ბათა უფლებების დეკლარაცია, ცნობილი ჟენევის დეკლარაციის სახელით. 1948 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაციის ვრცელი ვერსია, ხოლო 1959 წელს – ახალი დეკლარაცია, რომელიც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ათი ძირითადი პრინციპისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ 1979 წელს, რომელიც ბავშვთა საერთაშორისო წლად იყო აღიარებული, გაეროს კომისიამ ადამიანის უფლებების თაობაზე ახალი იურიდიული დოკუმენტის პროექტზე დაიწყო მუშაობა, რომლის შედეგად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს საბოლოოდ მიღებულ იქნა „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული. საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რითაც აიღო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების პასუხისმგებლობა.

ბავშვის უფლებათა ფართო აღიარებისა და დაცვისთვის მხოლოდ თეორიული საფუძვლები ვერ იქნება საკმარისი. თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებათა პრიორიტეტულობა განმტკიცებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროში. შესაბამისად, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, აიღეს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების შექმნის ვალდებულება, რის უზრუნველსაყოფადაც 2019 წელს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისთვის საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“.

ბავშვის უფლებათა კოდექსი ეფუძნება პრინციპს, რომ ის არ აუქმებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებს, არამედ განამტკიცებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, მის დამატებით ოქმებსა თუ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან. კოდექსი აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსება, სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების შენარჩუნების უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, ბავშვის უფლება მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიისა და სინდისის თავისუფლება, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლება, ბავშვის უფლება, მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში. 

ამავდროულად ბავშვთა უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამართლებრივი ინსტრუმენტების შექმნის მიზნით კოდექსით განსაზღვრულია სახელმწიფო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებანი შესაბამის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსით საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა მედიასივრცესა და ინტერნეტში, მათ შორის მავნე ზეგავლენის მქონე განსაკუთრებულად უხამსი და ძალადობრივი ინფორმაციის შემცველი ფილმების, ბეჭდური მედიის და ა.შ., შემთხვევების რეგულირება, რაც ხელს უწყობს ბავშვებში ძალადობისა და დევიაციური ქმედებათა მასშტაბების შემცირებას. 

კოდექსმა ბავშვის უფლებების შესახებ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მავნე ზეგავლენის მქონე და საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის მნიშვნელობას. ამავე კოდექსით მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლის, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელსაც კოდექსით განესაზღვრა ინტერნეტიდან და მასმედიიდან მომდინარე ძალადობის, უხამსობისა და სხვა მავნე შინაარსისგან ბავშვის დაცვის სისტემის შექმნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის 28 თებერვლის N1 დადგენილებით დაამტკიცა დებულება „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“. დებულების მიხედვით, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ინტერნეტში არსებული მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დასაცავად მშობლები უზრუნველყოფილი არიან ეფექტური მექანიზმით, მიმართონ ინტერნეტის პროვაიდერ კომპანიებს და მოითხოვონ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვა. კერძოდ, ეს მექანიზმი გულისხმობს საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესებსა და ვალდებულებებს, როგორც ინტერნეტის პროვაიდერი კომპანიების, ისე ვებგვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ. აღნიშნულით ვებგვერდების მფლობელ კომპანიებს დაეკისრა ვალდებულება საკუთარ ვებგვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება. კერძოდ, ვებგვერდები, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებულნი არიან, მოახდინონ ვებგვერდების კლასიფიკაცია შემდეგ ასაკობრივ ნიშანდებათა მიხედვით: 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელი პროგრამები. ინტერნეტპროვაიდერებს კი დაეკისრათ ვალდებულება, არასრულწლოვანის მშობლის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყონ მათ მიერ შერჩეული კატეგორიის ვებგვერდების დაბლოკვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დადგენილების საფუძველზე შექმნა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტის ვებგვერდების სპეციალური სარეიტინგო სია, ხელმისაწვდომი კომისიის ვებგვერდის საშუალებით (https://registry. comcom.ge/ChildCodes.aspx). ამასთან, კომპანიების მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად კომუნიკაციების კომისია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მუდმივად ახორციელებს ინტერნეტის ვებგვერდების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ დებულება არ ვრცელდება ინტერნეტში ბავშვის ჩაგვრის, შევიწროების, დევნის, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (აპლიკაციები) და ა.შ.

რაც შეეხება ვებგვერდების მფლობელთა მხრიდან დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, კანონმდებლობა პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს ვებგვერდების მფლობელების დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 3000 ლარით.

ბავშვის უფლებათა კოდექსით ინტერნეტში მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის საკითხთან ერთად განისაზღვრა მაუწყებლობის სფეროში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხიც. შესაბამისად საქართველოს კანონით „მაუწყებლობის შესახებ“ მაუწყებლებს დაეკისრათ ვალდებულება, საკუთარი სამაუწყებლო ბადე დაგეგმონ ასაკობრივი კლასიფიკაციის მიხედვით, რაც გულისხმობს ტელეკომპანიების ვალდებულებას, საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის  შეუფერებელი პროგრამა – 6:00-დან 24:00 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვანისთვის – 6:00-დან 23:00 საათამდე, 12 წლამდე არასრულწლოვანისთვის – 6:00-დან 21:00 საათამდე, 7 წლამდე არასრულწლოვანისთვის – 6:00-დან 21:00 საათამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს საგამონაკლისო დათქმას, კერძოდ: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო, წინასწარ, მასალის გადაცემამდე გავრცელებული, გაფრთხილებით, რომ პროგრამა არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს.

მაუწყებლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს პირველ ჯერზე 2500 ლარით ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არა უმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელია კომუნიკაციების კომისიის მიერ მაუწყებლის კვლავ დაჯარიმება ან ავტორიზაციის შეჩერება.

არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები ასევე გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით. კერძოდ, მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით, როგორც სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების სახეობასთან მიმართებით, განსაზღვრულია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის ვალდებულება, მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხი (ფასიანი სამაუწყებლო სპეციალიზებული არხი, პორნოგრაფიული, ეროტიკული ან/და სრულწლოვანი მაყურებლისათვის განკუთვნილი სხვა შინაარსით) განათავსოს მხოლოდ კოდირებული ფორმით. რაც შეეხება სატელეფონო მომსახურების ფარგლებში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხის რეგულირებას, აღნიშნული რეგლამენტის მიხედვით, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება, შეზღუდოს არასრულწლოვანისთვის მის მიერ შეთავაზებული ფასიანი დამატებითი მომსახურების ხელმისაწვდომობა. ასევე დადგენილია, რომ არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასრულწლოვანების ანგარიშის, შემოსული და გასული ზარების, ანგარიშზე არსებული ბალანსისა და არასრულწლოვანთათვის მობილური ტელეფონის საშუალებით ხელმისაწვდომი მომსახურებების თაობაზე. აღნიშნულ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში კომპანიების მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

წინამდებარე სტატია, ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს მკითხველს გაეცნოს და შეაფასოს კომუნიკაციის ომბუდსმენის საქმიანობა, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოქნილი, ადვილად ხელმისაწვდომი და ნაკლებ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მექანიზმი სატელეკომუნიკაციო სფეროში დარღვეული უფლებების აღსადგენად, მეორე მხრივ კი, ელექტრონული კომუნიკაციისა და მაუწყებლობის სფეროში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების მიმოხილვით მკითხველი გაეცნობა სფეროში არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით არსებულ რეგულაციებს, მათი შემუშავების საფუძვლებსა და აღსრულების მექანიზმებს.

ამის შესახებ მომხმარებლის სათანადო ინფორმირებულობა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა და უზრუნველყოფს პრევენციას იმ შესაძლო დარღვევებისა, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი