უახლესი ცვლილებები რა უნდა გავაკეთოთ მეწარმის რეგისტრაციისას

11 მაისი 2022



ავტორი: სალომე ბეჟაშვილი
მმართველი პარტნიორი; ადვოკატი / მედიატორი
საადვოკატო ბიურო - BBK - Business and Law
საქართველოს მედიაციის პალატა
 

 

ბიზნესი, იგივე სამეწარმეო საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობაა.
საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოზე ცნობილია, რომ ის არის მოწინავე ქვეყანა, სადაც ძნელი არ არის ბიზნესის დაწყება, რაც ქმნის მიმზიდველ საინვესტიციო ინფრასტრუქტურას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის, სამაგიეროდ სიძნელე შეიძლება ჩიხურ გარემოებებში იმალებოდეს.
ბიზნესი თავისი არსით არაერთ კომერციულ, ფინანსურსა თუ ეკონომიკურ საფრთხესთან არის დაკავშირებული, თუმცა ბიზნესზე სამართლებრივი მოწესრიგების საფრთხის უარყოფითი ზეგავლენის საშიშროების აღმოსაფხვრელად და პრევენციისთვის, და არამხოლოდ, შემუშავებული იქნა მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი, რომელმაც იხილა მზის სინათლე და 2022 წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდა.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სამეწარმეო რისკების შემცირებასა და კორპორაციული ურთიერთობების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურება, მისი მიზანია ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულებაა. ამ სიკეთესთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ხსენებული საკანონმდებლო სიახლე მეწარმე სუბიექტებისათვის ინვესტიციების მოზიდვას გააადვილებს;
ბიზნესის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა – მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციამდე შესასრულებელია მთავარი მოსამზადებელი სამუშაო – სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რომელიც პარტნიორთა შორის უფლებებსა და ვალდებულებებს არეგულირებს; პარტნიორთა სიმრავლის, სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისა და სტრუქტურის შესაბამისად უნდა შეარჩიონ ფორმა, რომელიც ბიზნესის ორგანიზაციული საქმიანობის ორიენტირი და გზამკვლევი გახდება; 
სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს (1) ინდივიდუალური მეწარმის (იმ), (2) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს), (3) კომანდიტური საზოგადოების (კს), (4) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს), (5) სააქციო საზოგადოების (სს) ან (6) კოოპერატივის ფორმით.
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებასა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
რაც შეეხება სამეწარმეო საზოგადოებას, ამ შემთხვევაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგების შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის დამწყებთ სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის წარდგენა ევალებათ; 
სადამფუძნებლო დოკუმენტაცია – დღევანდელმა საკანონმდებლო მოწესრიგებამ შემოგვთავაზა სიახლე, რომელსაც არ ითვალისწინებდა ადრინდელი კანონი მეწარმეთა შესახებ; ასეთია ის სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც წერილობით ფორმასა და ყველა პარტნიორის ხელმოწერას ითხოვს;
ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი სადამფუძნებლო დოკუმენტი, წესდება, სწორედ ამ სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს;
წესდება – მხარეებს შეუძლიათ თავად შეადგინონ წესდება კანონით განსაზღვრული იმპერატიული ნორმების (სამი მონაცემი მაინც) გათვალისწინებით: სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი და წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა. თუმცა აგრეთვე შეუძლიათ ავტომატურად დაეთანხმონ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ სტანდარტულ ფორმას;
წესდების გარდა, სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა შედიოდეს სავალდებულო ინფორმაცია: საფირმო სახელწოდება, მისამართი, პარტნიორთა მონაცემები, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები, უფლებამოსილების ვადა და კანონით დადგენილი სხვა ინფორმაცია (ასეთის არსებობისას: გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის, წილის მმართველის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის, კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა სტატუსის, შენატანთა ოდენობის თაობაზე ინფორმაცია და ა.შ.);
ვინაიდან საქართველოში სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა (შპს), ამიტომ უფრო მეტ ყურადღებას აღნიშნული ფორმის კანონისმიერ მოწესრიგებაზე გავამახვილებ; თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა (შპს), სადამფუძნებლო შეთანხმებაში ასევე უნდა იყოს ინფორმაცია: (1) გაცემული წილების რაოდენობაზე, მიუხედავად მეწარმის მიერ შესაბამისი საფასურის მიღებისა (განთავსებული წილი, რომელსაც დამატებით შევეხებით); (2) ნებადართული კაპიტალის; (3) გამოშვებული წილების, (4) წილების ნომინალური ღირებულებისა და (5) წილებთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ;
კანონმდებელი ასევე ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის მიმართ წაყენებულ დამატებით მოთხოვნებს სადამფუძნებლო შეთანხმებასთან დაკავშირებით; კოოპერატივის სადამფუძნებლო შეთანხმება კი უნდა შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას პაის ნომინალური ღირებულების შესახებ.
არანაკლებ ყურადსაღებია სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციულ - სამართლებრივი მოწესრიგების ახალი ვითარება; დაფუძნებისას აქციონერებმა აუცილებელია სააქციო საზოგადოების განთავსებული, განაღდებული და ნებადართული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კაპიტალის ოდენობა განსაზღვრონ, რაც არ წარმოადგენს სხვა სამეწარმეო საზოგადოებებისათვის სავალდებულო მოთხოვნას; აქციონერები წინასწარვე უნდა შეთანხმდნენ აქციების გასხვისების შეზღუდვის არსებობაზე, რაც სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა ასახონ; სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას მარეგისტრირებელი ორგანო ყურადღებას აქცევს არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების ნომინალურ ღირებულებასაც, ხოლო ნომინალური ღირებულების გარეშე გამოშვებული აქციების შემთხვევაში – მათ ოდენობას, შენატანის სახესა და შენატანისთვის ვალდებული პირის ვინაობას; თუ ასეთი ფორმით დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობა საჭიროებს ლიცენზიის ან/და ნებართვის მოპოვებას, აქციონერებმა სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა შეიტანონ არსებული ან სავარაუდო ხარჯი, რომელიც საზოგადოების მიერ არის გასაცემი და დაკავშირებულ მოქმედებათა განხორციელებაში მონაწილე პირთა მიერ სააქციო საზოგადოებისგან მიღებულ ან მისაღებ ეკონომიკურ სარგებელს უკავშირდება.
ახალმა კანონმა იმპერატიულად მიუთითა მეწარმეს იურიდიულ მისამართთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მდებარეობდეს;
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილების სხვადასხვა კატეგორიად დაყოფა; ფაქტობრივად, ბიზნესს მიეცა წილების გამოშვებისა და განთავსების შესაძლებლობა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა რელატიურად მისდევს ევროკავშირის რეგულაციებს; სიახლე ამ ფორმით რეგისტრირებულ მეწარმეებს დაეხმარება დამატებითი ინვესტიციისა თუ ფინანსური სახსრების მოზიდვაში, სააქციო საზოგადოებად ან სხვა სახის სამეწარმეო საზოგადოებად გარდაქმნის გარეშეც;
საზოგადოების განთავსებული კაპიტალი, იგივე საწესდებო კაპიტალი, წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრულ ფულად ოდენობას, რომელიც ეროვნული ვალუტით უნდა გამოისახოს; განთავსებული კაპიტალი ეწოდება თანხას, რომელზეც დამფუძნებელი პარტნიორები თანხმდებიან, რასაც სადამფუძნებლო შეთანხმებაში მიუთითებენ. განთავსებული კაპიტალი სამეწარმეო საზოგადოებისათვის არის არა სავალდებულო (ეს არ ეხება სააქციო საზოგადოებას), არამედ მისი არჩევანია;
განთავსებული კაპიტალი სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი უნდა იყოს, ხოლო, თუ სამეწარმეო საზოგადოებას განთავსებული აქვს ნომინალური ღირებულების არმქონე წილებიც, განთავსებული კაპიტალი განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს უნდა აღემატებოდეს. თუ სამეწარმეო საზოგადოებას განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება ნებისმიერი ოდენობით განისაზღვროს.
ნებადართულია წილი, რომელიც, პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია, მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული. ისიც შესაძლებელია, რომ ნებადართული კაპიტალის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს განთავსებული აქციების ოდენობას, რათა ბაზარზე არსებულ საჭიროებათა საპასუხოდ, ინვესტიციების მოსაზიდად, ხელმძღვანელი პირი თავისუფალი იყოს წილების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ნებადართული კაპიტალის ფარგლებში და ყოველი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად საერთო კრების მოწვევა არ მოუწიოს, რაც ბიზნეს - გადაწყვეტილებას მოქნილობას შესძენს;
წესდებით შეიძლება დაშვებული იქნეს წილთა განსხვავებული კლასები; ერთი კლასის ყველა წილის ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე უნდა იყოს. ხოლო სხვადასხვა კლასის წილებთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს და მათ შინაარსს წესდება აწესრიგებს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება თვით პარტნიორებს აქვთ მინიჭებული.
პარტნიორს შეუძლია თავისი წილი გადასცეს (გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს) საზოგადოებისა და პარტნიორთა თანხმობის გარეშე, მაგრამ ის ვალდებულია ამის თაობაზე საზოგადოებას აცნობოს.
მეწარმის რეგისტრაცია – ზემოაღნიშნული სადამფუძნებლო შეთანხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს წარედგინება, მაგრამ მეწარმის რეგისტრაცია გულისხმობს არა მხოლოდ რეგისტრაციას სახელმწიფო რეესტრში, არამედ აგრეთვე საგადასახადო რეგისტრაციასაც;
რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართვა, თუკი პროცესი ამ ორგანოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების რეგისტრაციას ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებას გულისხმობს, მაგალითად: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის მონაცემების ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია სარეგისტრაციო ორგანოს წარედგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობაც;
მეწარმის რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მიერ თანხმობის წერილობითი დადასტურებაც კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმა იმპერატიულად განსაზღვრა დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების დადების ვალდებულება, რომლის დადების წესსა და პირობებს ერთგვარი სავალდებულო ფორმატით ნორმატიულ დონეზე ადგენს, მაგრამ სამოქალაქოსამართლებრივი დისპოზიციურობის პრინციპი და მხარეთა ნებაც არის გასათვალისწინებელი;
ფილიალი – დეტალურად განისაზღვრა მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის წესი, მათ შორის – საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციისთვის საჭირო კანონით კონკრეტულად განსაზღვრული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა; ფილიალი ვალდებულია ფინანსური და კონსოლიდირებული ანგარიშგება გამოაქვეყნოს ან განათავსოს სამეწარმეო საზოგადოების ან ფილიალის ვებ-გვერდზე.
საფირმო სახელწოდება – ახალმა საკანონმდებლო აქტმა ახლებურად დაარეგულირა საფირმო სახელწოდების შერჩევისა და გამოყენების პრინციპი. საფირმო სახელწოდება უნდა განსხვავდებოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან და მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცვალოს ან მას უნდა დაერთოს დამატება, თუ ეს საჭიროა ამ სახელწოდების სხვა მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან განსასხვავებლად.
კანონი აწესებს საფირმო სახელწოდების ქართულ ენაზე გამოსახვის ვალდებულებას. ამასთან, სახელწოდება არ უნდა შეიცავდეს ისეთ გრაფიკულ სიმბოლოებს, რომლებსაც არ აქვს ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი, ასევე განისაზღვრა ზუსტი ჩამონათვალი სახელწოდებაში აკრძალული ტერმინების, მოწოდებისა და სხვა სიტყვათშეთანხმებისა; 
პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი, ასევე სარგებლობით მიღებული სარგებელი ან დათმოს სარგებლის მიღების უფლება;
საქმიანი წერილი და ვებგვერდი – საკანონმდებლო სიახლეს წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ტერმინი, – ესაა საქმიანი წერილი; განისაზღვრა მისი აუცილებელი რეკვიზიტები: საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ამ მონაცემთა მიუთითებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებს დირექტორს (ან სხვა ხელმძღვანელ პირს) თავდაპირველად გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ – 200-ლარიან ჯარიმას;
ყველა მონაცემი, რომლებიც მითითებულია საქმიან წერილზე, უნდა ჩანდეს აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების ვებ-გვერდზე (არსებობის შემთხვევაში).
მეწარმის რეგისტრაციამდე მნიშვნელოვანია ბიზნესის დაწყების მსურველ პარტნიორთა შორის შეთანხმებისა და „თამაშის წესების“ დეტალიზაცია, ვინაიდან სწორედ სადავო, ჩიხური ან კონფლიქტური სიტუაციების დროს დგება ამგვარი რეგულირების საჭიროება, თუმცა მაშინ, ასეთ დროს როგორც წესი, მხარეები უკვე აღარ არიან მოტივირებული ორმხრივი შეთანხმებით გადაწყვიტონ საკითხი. გრძელვადიანი და ძვირად ღირებული დავის მიზეზიც ხშირად სწორედ სუსტი წესდება და არასაკმარისი რეგულაციებია; სწორედ ამიტომ უნდა მიექცეს დიდი ყურადღება ბიზნესის წამოწყებისას სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, რათა გამოირიცხოს შესაძლო ხანგრძლივი სასამართლო პროცესები და საქმიანობის შეფერხება პარტნიორთა დაპირისპირებისა და უთანხმოების გამო.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი