ავტორი: თამთა დევდარიანი
ადვოკატი; სასამართლო მედიატორი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის, კომუნიკაციისა და ანალიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი
დღეისათვის თანამედროვე მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის უფლებებზე, თუმცა, მიუხედავად მრავალგვარი პრობლემებისა თუ ხელშემშლელი გარემოებისა, ადამიანის უფლებების დაცვა ყოველი ჩვენგანის, განსაკუთრებით კი ადვოკატის, მუდმივი ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს.
განსაკუთრებულია ადვოკატის როლი მართლმსაჯულების განხორციელებისა და ხელმისაწვდომობის პროცესში. აღნიშნული როლის შესრულება ადამიანის უფლებათა ჯეროვნად დაცვის უზრუნველყოფასა და მთლიანად საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობის ვალდებულებასაც გულისხმობს. სწორედ ამ უფლებათა დაცვის სადარაჯოზე ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა მიერ უსასყიდლოდ – „პრო ბონოდ“ – პროფესიული საქმიანობის შესრულებას, განსაკუთრებით კი საზოგადოების იმ ნაწილის საკეთილდღეოდ, რომელსაც ჯანმრთელობისა თუ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო არ შეუძლია გაიღოს ხარჯი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემასა და მის სერვისებზე ხელმისაწვდომობას უნდა მოხმარდეს დარღვეული უფლების აღსადგენად.
''Pro bono Publico'' (შემოკლებით ''Pro bono'') ეს ლათინური ფრაზა ნიშნავს საზოგადოების საკეთილდღეოდ (''for the public good''). შემოთავაზებული ფორმულირება, ერთი შეხედვით, პირდაპირი მნიშვნელობით, არ არის ძნელად გასაგები, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით მის განმარტებას – „საზოგადოების საკეთილდღეოდ“, აღმოვაჩენთ, რომ ჰუმანურობის, სოლიდარულობის, ემპათიურობის, კაცთმოყვარეობისა თუ გულისხმიერების ცნებებით განმსჭვალული ფრაზაა და, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ადვოკატებისთვის, იურიდიული პროფესიის ამ წარმომადგენლებისათვისაა, ადამიანთა მხარში დგომა, მათი უფლებების დაცვა და ინტერესების პრიორიტეტულობა არა მხოლოდ პროფესიული ვალდებულება, არამედ ადვოკატის პროფესიის მიმართ საზოგადოების მაღალი სანდოობის პირობაც არის.
საქართველოში პრო ბონო იურიდიული მომსახურების კულტურის დამკვიდრებისა და ინდივიდუალური ადვოკატისა თუ საადვოკატო ბიუროს საქმიანობაში პრო ბონო მექანიზმის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაანალიზებაა აქტუალური, რაც საშუალებას მოგვცემს ფართო წარმოდგენა შევიქმნათ პრო ბონო საქმიანობის იდეის სულისკვეთებასა და უპირატესობებზე.
მიუხედავად იმისა, რომ, უკვე ათეულ წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანაში უფასო იურიდიული დახმარების გაწევა გარკვეულწილად სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს და აღნიშნულ მომსახურებას ეფექტურად ახორციელებს შესაბამისი იურიდიული დახმარების სამსახური, რეალობამ ცხადყო, რომ სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სისტემები, მისი მანდატის ფარგლებიდან გამომდინარე, სრულად ვერ უზრუნველყოფს იმ პირთა იურიდიული მომსახურების საჭიროებებს, რომლებიც სახელმწიფო იურიდიული დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. შესაბამისად, იურიდიული დახმარების მიღმა რჩებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები, ასევე გარკვეულ მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული პირებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოწვევად რჩება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხი, რაც ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს თანასწორი და ფართო უფლებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: „უფლება კი არა მარტო უნდა არსებობდეს, არამედ პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს“.1
აღსანიშნავია, რომ პრო ბონო იურიდიული მომსახურების გაწევა წარმოადგენს არა სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფასო იურიდიული მომსახურების ჩამანაცვლებელ მექანიზმს, არამედ სისტემის დამატებით მომსახურებას, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისაა, ხოლო აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვა მნიშვნელოვანი გზავნილია ადვოკატების, ზოგადად, იურისტის, რეპუტაციის ამაღლებისათვის.
ქვემოთ მოცემულია იმ ქვეყნების მაგალითი, რომელთაც წარმატებით განავითარეს პრო ბონო კულტურა.
დღეისათვის ყველაზე მეტად განვითარებული პრო ბონო სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ხსენებული მომსახურების უზრუნველყოფა პროფესიული პასუხისმგებლობაა და ყოველი ადვოკატის პირად ეთიკურ ვალდებულებას წარმოადგენს. ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) 6.1. მოდალური წესის2 საფუძველზე ყოველი ადვოკატი უნდა ცდილობდეს ყოველწლიურად არანაკლებ 50 საათისა დაუთმოს საზოგადოების საკეთილდღეო („Pro bono publico service”) იურიდიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ ან ანაზღაურების მოლოდინის გარეშე, თუ პრო ბონო მომსახურების ბენეფიციარებს მწირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე პირები ან ის კონკრეტული ორგანიზაციები წარმოადგენენ, რომლებიც შეზღუდული მატერიალური სახსრების მქონე ადამიანებს ემსახურებიან. ხსენებული მოდალური წესები ამკვიდრებს პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს და განმარტავს, რომ, განურჩევლად ადვოკატის პროფესიული დატვირთვისა, პრო ბონო იურიდიული მომსახურების გაწევა ამგვარი საჭიროების მქონე პირებისათვის, მათ პრობლემებში უშუალო ჩართვა შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება თვით ადვოკატის ცხოვრებაში.
პრო ბონო საქმიანობა პროფესიული საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს დიდ ბრიტანეთშიც, სადაც, მიუხედავად ამგვარი საქმიანობის განხორციელების არასავალდებულო ხასიათისა, ადვოკატებს წაახალისებენ მის შესასრულებლად, როდესაც სახელმწიფო ან სხვა ალტერნატიული დაფინანსების წყარო მიუწვდომელია. ამასთან, პრო ბონოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა მომსახურება, თუ იგი ბენეფიციარს უფასოდ მიეწოდება და ნებაყოფლობით გაეწევათ ადვოკატის ან საადვოკატო ბიუროს მიერ.
ნებაყოფლობით საწყისს ემყარება პრო ბონო მომსახურების გაწევა ავსტრიასა და ბელგიაშიც, რაც ერთ შემთხვევაში მხოლოდ საწყის სამართლებრივ შეფასებასა და პრაქტიკული იურიდიული ინფორმაციას აწვდის, ხოლო მეორე შემთხვევაში დროს თავად ადვოკატი განსაზღვრავს, ანუ ადგენს – როდის უნდა განხორციელდეს აღნიშნული პრო ბონო საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად არასავალდებულო ხასიათისა, პრო ბონო კულტურის დამკვიდრების ეფექტურად ხორცშესხმის მხრივ უნგრეთი მოწინავე ევროპულ ქვეყანას წარმოადგენს. ამაში განსაკუთრებით ხაზგასასმელი არასამთავრობო ორგანიზაცია „Pilnet“-ის3 წვლილია, რომელიც ცდილობს იურიდიული მომსახურებების განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს მართლმსაჯულება. და ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი სლოგანიც – „Making Law work for all“ – ადვოკატის პროფესიის წარმომადგენელთა დიდი მოტივაციისა და შთაგონების წყაროა, მათ შორის – იურისტების ახალი თაობისთვისაც, რათა კანონის ძალაუფლება საზოგადოების ინტერესების დასაცავად, მათი წინსვლისა და კეთილდღეობისაკენ მიმართონ.
სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ადვოკატის პრო ბონო საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში აქვს. ცხადია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანას გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ პრო ბონო მომსახურების გაწევა შესაბამისი საჭიროებების მქონე პირებისათვის ფართოდ დამკვიდრდება.
სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევის გამოხმაურებად და ამ კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ განხორციელებული პრო ბონო პროექტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთათვის“,4 ასევე – პროექტი „მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის“5 პრო ბონო იურიდიული დახმარების გაწევის თაობაზე. ამ პროექტების განხორციელებით ადვოკატთა ასოციაციამ იკისრა სოციალური პასუხისმგებლობა ჩართულიყო სასიკეთო საქმეში, რომელიც საზოგადოების სწორედ იმ ნაწილსა და მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებულ პირებს ემსახურება, რომლებიც სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის გამო სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩებიან.
ჩემი, როგორც ადვოკატის, ზემოაღნიშნულ პრო ბონო პროექტის მონაწილის გამოცდილებამ, მომცა მუხტი და რწმენა იმისა, რომ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. კიდევ ერთხელ დავიჯერე, რომ არსებობს არა „შეზღუდული შესაძლებლობები“, არამედ „შეზღუდული დამოკიდებულება“, რომელსაც დროულად და ეფექტურად უნდა გამოვეხმაუროთ და ვუპასუხოთ, პრიორიტეტულ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ თანაბარ, სრულყოფილსა და შედეგიან მონაწილეობაში ჩართვის ხელშეწყობა თითოეული ადვოკატის პროფესიული მოვალეობაა; ამასთან, უდიდესი კმაყოფილების მომნიჭებელი, რადგან ჩვენი, პროფესიული, პრო ბონო, მომსახურებით მონაწილენი ვხდებით და ვიზიარებთ აღნიშნული ჯგუფის თითოეული წარმომადგენლის ცხოვრებასა და ტკივილს. ამ ადამიანთა ცხოვრება და განსაცდელი კი ისტორიებია – მძიმე, გასაჭირით სავსე ცხოვრება, ძნელი და რთული, ზოგჯერ ლამის დაუჯერებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში პრო ბონო კულტურის დანერგვისას განსაკუთრებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის როლი და აქტიურობა, რათა ასოციაციის თითოეულ წევრ ადვოკატს მისწვდეს ხმა პრო ბონო საქმიანობის იდეის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და უპირატესობაზე, რაც მათ მოუპოვებს – როგორც დამოუკიდებელ ადვოკატებს, ასევე იურიდიულ ფირმებს – ნდობასა და ღირსებას, აგრეთვე სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის განვითარებას, რაც თავისთავად დადებითად აისახება თავად ადვოკატის პოპულარობის გაზრდასა და მის პრესტიჟზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პრო ბონო იურიდიული დახმარება ვერ იქნება სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ჩამნაცვლებელი. პრო ბონო მექანიზმი, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იურიდიული მომსახურების ნებაყოფლობით უფასოდ გაწევას და წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან წვლილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან ეს სისტემა საზოგადოების იმ ჯგუფების დასახმარებლად არის მიმართული, რომელთა სამართლებრივი საჭიროებანი სხვა საშუალებით ვერ იქნება დაკმაყოფილებული.
პრო ბონო საქმიანობის მოდელის ჩამოსაყალიბებლად იმ სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვაა საჭირო, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს: (ა) პრო ბონო მომსახურების ბენეფიციართა წრეს, (ბ) პრო ბონო სერვისის მიმწოდებელ პირებს, (გ) პრო ბონო საქმიანობის განმსაზღვრელ იურიდიულ საკითხთა ჩამონათვალს. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის სახელმძღვანელო პრინციპებში ხაზგასმული იყოს ამ საქმიანობის განხორციელება ნებაყოფლობით პრინციპზე დაყრდნობით, ხოლო იურიდიული მომსახურების გაწევა სრულიად უფასოდ.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ პრო ბონო საქმიანობა უაღრესად მრავალფეროვანია და მას შეუძლია მნიშვნელოვანი კარიერული უპირატესობანი მოუტანოს არა მარტო გამოცდილ ადვოკატებსა თუ იურიდიულ ფირმებს, არამედ, როგორც ამას არაერთი ქვეყნის წარმატებული მაგალითი ცხადყოფს, პრო ბონო მომსახურების განხორციელება დადებითად აისახება ახალბედა, დამწყები ადვოკატების გამოცდილებაზეც, მათ დამკვიდრებაზე საზოგადოებაში, კარიერულ წინსვლასა თუ ადვოკატის მიმართ ნდობით გამსჭვალვაზე. ძნელია ზუსტად განსაზღვრო ყველა ის უპირატესობა, რომელთაც ადვოკატები პრო ბონო საქმიანობით მოიპოვებენ, მაგრამ მე მჯერა, რომ საზღაური ამისა დიდი იქნება და მეტი, ვიდრე, უბრალოდ, „მართებული ქმედება“ „doing the right thing“.
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების, როგორც მარადიულ ადამიანურ ღირებულებათა, დაცვის ხელშესაწყობად იურიდიული საზოგადოების წარმომადგენელთათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანა სწორედ საზოგადოების საკეთილდღეო („for the public good“) მიზნებისათვის ძალისხმევის მიმართვა უნდა გახდეს, რაც იქნება მნიშვნელოვანი მოწოდება, რომელიც თავად პროფესიონალს გაუთქვამს სახელს.
1 https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=176
2 https://www.americanbar.org/groups/probono_public_service/policy/aba_model_rule_6_1/
3 https://www.pilnet.org/about/
4 https://bit.ly/3pFnX29
5 https://bit.ly/3HNnGR0