ფაზლებით აწყობილი სამართალი - მოქალაქე, როგორც ნაფიცი მსაჯული

27 დეკემბერი 2022

ლევან მახარაშვილი

ადვოკატი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე,
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის ლექტორი

 

თითოეულ ჩვენგანს ალბათ ერთხელ მაინც გაგვჩენია კითხვა: რა განაპირობებს ადამიანის ბუნებას, ინტერესს, ინდივიდის მისწრაფებას კანონმორჩილებისკენ? ან, პირიქით, რა უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ? შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ სხვისი ქცევის ახსნას, სავარაუდოდ, ჩვენი ქვეცნობიერი დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით აფასებს, თუ რა გახდა კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივატორი. ალბათ ძალიან ხშირად გვესმის ფრაზები: „უღირსი საქციელი“, „შეუფერებელი ქცევა“ ან, პირიქით, „შესაშური თავდადება“ და ა. შ. ძალიან პრაგმატულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, უდავოა, რომ არ არსებობს ქმედების ღირსეულად ან/და უღირსად შეფასების ზუსტი კრიტერიუმები, თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი ნორმების, ჩვენი ინდივიდუალური ხედვისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით ჩვენ თავად ვაფასებთ ქმედებას კონკრეტული კრიტერიუმით და ვიყალიბებთ დასკვნას. თითოეულ ჩვენგანს მთელი ცხოვრების განმავლობაში ბუნებრივად გვაქვს მორგებული ნაფიცი მსაჯულის მანტია და ყოველდღიურად გამოგვაქვს ვერდიქტი როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფთათვის. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აღნიშნული ვერდიქტი არ იწვევს სამართლებრივ შედეგს, ოღონდ გამოცდილების მატებასთან ერთად გვიბიძგებს ცხოვრების იმგვარი წესისკენ, რომ გაცილებით იშვიათად მოგვიწიოს გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანა საკუთარი საქციელის შეფასებისას.

სტატიის წერისას სათაურზე დავფიქრდი და გამახსენდა ფაზლი, დიახ, ფაზლი, ვინაიდან დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე თითოეული ჩვენგანი სწორედ იმ ერთიანი მოზაიკის შემადგენელ ფრაგმენტს წარმოვადგენთ, რომლის გარეშე საერთო სურათის მიღება შეუძლებელია. დიახ, ისევე შეუძლებელია, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გარეშე. სასამართლო სისტემისადმი ნდობის ყველაზე კარგი საზომი კი მოქალაქეების დამოკიდებულებაა, კერძოდ, რამდენად მიუკერძოებლად და ობიექტურად მივიჩნევთ მოსამართლეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხანგრძლივი და მრავალწლიანი ისტორია აქვს, საქართველოში კი ეს ინსტიტუტი 2010 წლიდან მოქმედებს, მაგრამ სასამართლოს ეს მოდელი ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ ინსტიტუტის არსებობიდან 12 წლის შემდეგაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანიშნულება თუ ფუნქცია, მიზნები და სიკეთე მოქალაქეებისთვის მაინც ბუნდოვანია, რის გამოც კანდიდატები ცდილობენ, თავი აარიდონ ვალდებულების შესრულებას. სანამ უშუალოდ ავხსნით იმ მიზეზებს, თუ რატომ არ სურთ საქართველოში კანდიდატებს გახდნენ ნაფიცი მსაჯულები, მოკლედ მიმოვიხილოთ ნაფიც მსაჯულთა როლი და შერჩევის პროცედურა ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით.

კანონმდებლობის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – ეს შეიძლება იყოს: განზრახ მკვლელობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, მძევლად ხელში ჩაგდება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, ტრეფიკინგი – სულ 16 სხვადასხვა მუხლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავად ბრალდებულია თანახმა, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. კანდიდატთა შერჩევის პროცესიც კანონით არის დადგენილი, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 300 პირის შემადგენლობით. ნაფიცი მსაჯულობის თითოეულ კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ენიჭება რიგითი ნომერი. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე 15 დღით ადრე მაინც ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი — ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის ვადაში მოსამართლეს შევსებული კითხვარი დაუბრუნოს. მოსამართლე ვალდებულია შევსებული კითხვარები მიღებიდან 5 დღის ვადაში მხარეებს გადასცეს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს კითხვართან ერთად ეგზავნებათ უწყება, რომელშიც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, სხდომის ადგილი და სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კანონმდებლობით ყველა პროცედურული საკითხი რეგულირებულია, კანდიდატთა უმრავლესობა მაინც ცდილობს, არ გახდეს ნაფიცი მსაჯული. განვიხილოთ, რა განაპირობებს აღნიშნულს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოქალაქეები კარგად იყვნენ ინფორმირებული.

ცნობილია, რომ ადამიანებს აქვთ სასამართლო დარბაზში ბრალდებულის განსჯის შიში, რაც ბევრი ფაქტორით აიხსნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ, ვინაიდან არ აქვს იურიდიული განათლება, შესაძლებელია მცდარი ვერდიქტის გამოტანას დაუჭიროს მხარი, რის გამოც მისი ქმედების შედეგად უდანაშაულო პირი დაისჯება ან შეცდომით დამნაშავეს გაამართლებენ. ზოგს რელიგიური ფაქტორი აყენებს უხერხულ მდგომარეობაში და მიაჩნია, რომ სარწმუნოება უკრძალავს სხვა პირის საქციელის განსჯას. კიდევ უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხშირად ადამიანებს უმეტესად ის ესმით და იმას ხედავენ, რასაც მოელიან და არა იმას, რაც სინამდვილეში ხდება, ანუ გადაწყვეტილების მიღების შიში ჩვენს ყოველდღიურობას ახასიათებს და არაფერია გასაკვირი, რომ ადამიანს სწორედ ვერდიქტის გამოტანის შიშით არ სურს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. ამ შემთხვევაში მთავარია, ადრესატამდე სწორად მივიტანოთ ინფორმაცია, რომ იურიდიული განათლებისა და შესაბამისი გამოცდილების არქონა არ წარმოადგენს დაბრკოლებას მართებული ვერდიქტის მისაღებად. სასამართლო პროცესი იმგვარად არის აწყობილი, რომ საქმის დეტალების მოსმენისა და ფაქტობრივ გარემოებებში დეტალურად გარკვევის შემდეგ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს უჩნდება საკუთარი პოზიცია ბრალდებულის გასამართლებელი ან გასამტყუნებელი ვერდიქტის სასარგებლოდ. გასათვალისწინებელია, რომ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ერთხმად იღებენ. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილება მომდევნო 8 საათის განმავლობაში ხმათა უმრავლესობით მიიღება, რაც ასევე კანონით არის დადგენილი. თუ ნაფიც მსაჯულებს არ შესწევთ უნარი, მიაღწიონ საერთო შეთანხმებას, სხდომის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განუმარტავს მათ ვერდიქტის მნიშვნელობას და სთხოვს უფროს ნაფიც მსაჯულს, სხდომის თავმჯდომარეს მოახსენოს, ვინ აცხადებს უარს მსჯელობაში მონაწილეობის მიღებაზე ან თუ ვინმეს აქვს ინტერესი საქმის მიმართ და არ განუცხადებია ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს. აღნიშნული განმარტების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მიმართავს ნაფიც მსაჯულებს, დაბრუნდნენ სათათბირო ოთახში ვერდიქტის კანონის შესაბამისად გამოსატანად. თუ სათათბირო ოთახში დაბრუნების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები მომდევნო 3 საათის განმავლობაშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს, მოსამართლე მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას ან დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს. თუ არც ამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით, ბრალდებული გამართლებულად ითვლება.

ცხადია, კანონმდებელმა ვერდიქტის გამოტანისთვის მსგავსი პროცედურა საგანგებოდ დაუშვა, რომ გამორიცხულიყო ყოველგვარი შეცდომა ანუ სწორად ინფორმირების შემთხვევაში თითოეულ კანდიდატს ეცოდინება, რომ ვერდიქტის გამოსატანად არ არის სავალდებულო სპეციალური ცოდნის ან გამოცდილების ქონა, მაგალითად, თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის, ფაქტობრივ გარემოებათა ან დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის თავმჯდომარეს წარუდგენს წერილობით მოთხოვნას დამატებითი განმარტებების თაობაზე შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას უსწრებს მსჯელობის პროცესი, რომლის დროსაც ვაყალიბებთ მოსაზრებებს, გამოგვაქვს დასკვნები და ადამიანებსა და მოვლენებს კრიტიკულად ვაფასებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ სპონტანურად, გადაწყვეტილების მიღება კი რამდენიმე არჩევანიდან ერთ-ერთის გამოყოფას, შესაძლო ვარიანტების სელექციასა ან/და უარყოფას გულისხმობს. ნაფიცი მსაჯულობის შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან დიდი მოტივაცია, ვინაიდან გვეძლევა მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულების უნიკალური საშუალება, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების განხორციელებაში უშუალო მონაწილეობასა და სამართლიანობის აღდგენაში წვლილის შეტანას.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც კანდიდატთა ნაწილი თავს იკავებს, არის შიში, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში ის შეიძლება ბრალდებულის მხრიდან გახდეს ანგარიშსწორების მსხვერპლი. კანონმდებელმა ესეც გაითვალისწინა და დაადგინა მაქსიმალური გარანტიები, კერძოდ, სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონოდ ჩარევა ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დანაშაულს წარმოადგენს ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა, შესაბამისად, ნაფიცი მსაჯულის ან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოსათვის ნაფიც მსაჯულობასთან მისი შეუთავსებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარდგენა ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ შესაბამისი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მხოლოდ ბრალდებულის ექსკლუზიური უფლებაა გადაწყვიტოს, საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ თუ მოსამართლემ. აქვე ჩნდება კითხვა, რატომ მიანიჭა კანონმდებელმა აღნიშნული ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ბრალდებულს? პასუხი ძალიან მარტივია. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები, ხშირად არაერთგვაროვანი პრაქტიკა ბრალდებულს დასაბუთებულ ეჭვს უჩენს მოსალოდნელი განაჩენის ობიექტურობის შესახებ. პრაქტიკა ცხადყოფს, ბრალდებულის აზრით, რომ ხშირ შემთხვევაში თორმეტი ნეიტრალური მსაჯული უფრო ობიექტური იქნება ვერდიქტის გამოტანის დროს, ვიდრე მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, ანუ, ერთი მხრივ, აღნიშნული სისტემა მართლმსაჯულების განხორციელების გზას წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, უდიდეს მოქალაქეობრივ ამოცანას, რადგან აცნობიერებ, რომ სასამართლო სისტემა არსებობს არა სადღაც შორს, ვირტუალურად, დახურულ დარბაზში, არამედ სწორედ შენ ხარ დანარჩენ მსაჯულებთან ერთად იმისი განმაპირობებელი, რომ მართლმსაჯულება ობიექტურად და სამართლიანად აღსრულდება.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, პირი უფლებამოსილია სასამართლო პროცესში ნაფიც მსაჯულად გამოვიდეს, თუ ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში იმის შესაბამისად, საქართველოს რომელ მხარეში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შექმნილია თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში. მათი სამოქმედო ტერიტორიები განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ხშირად, თუ კანდიდატი ცხოვრობს რომელიმე სოფელში და სასამართლომდე მისასვლელად მას სჭირდება რამდენიმე საათი, ეს დამატებით დისკომფორტსა და ხარჯთან არის დაკავშირებული. კანონმდებელი მსგავს საკითხსაც ითვალისწინებს და ადგენს ნაფიც მსაჯულთა სოციალურ გარანტიებს (როგორც იმ მსაჯულებისთვის, რომლებიც შერჩევაში მონაწილეობენ, ასევე მათთვისაც, ვინც ფაქტობრივად ფიცის ქვეშ ნაფიც მსაჯულად იმსახურებს ნაფიცი მსაჯულების სასამართლოში), კერძოდ: ნაფიც მსაჯულსა და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ მოვალეობის განხორციელებასთან. ამასთან, დღიური, სამგზავრო ხარჯებისა და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. გარდა ამისა, დასაქმებულ პირებს სასამართლო პროცესში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის დროს უნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით საცხოვრებელი ან დროებით ყოფნის ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ანაზღაურების დადგენილი მოცულობა ხშირ შემთხვევაში არაა შესაბამისი დღეისათვის არსებულ საბაზრო ფასებისა, რაც მოითხოვს შესაფერის ცვლილებას.

პრაქტიკის შესწავლის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის ხარვეზის შესავსებად უცხოელი დონორების დახმარებით სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები, თუმცა მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე ახლო მომავალში მიზნის სრულად მიღწევა შეუძლებელია. სისტემის გამართულად მუშაობისთვის უდიდესი როლი აკისრია თავად პროცესში მონაწილე მხარეებს, კერძოდ ბრალდებისა და დაცვის მხარეს. ხშირ შემთხვევაში სასამართლო დარბაზში ნაფიც მსაჯულს ან მსაჯულობის კანდიდატს უჭირს ინფორმაციის სწორად აღქმა და დამახსოვრება, როდესაც დაძაბულია ან თავს არაკომფორტულად გრძნობს. ამიტომ თავიდანვე მხარეებმაც და მოსამართლემაც უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვუხსნათ მათ ეს დაძაბულობა, შევუქმნათ მართებული ხედვა საკუთარ ვალდებულებასა და უმნიშვნელოვანეს როლზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მხარეთა კონსტრუქციულ დამოკიდებულებასაც ერთმანეთის მიმართ, რაც ნაფიც მსაჯულთა თვალში უფრო აამაღლებს სასამართლო სისტემის პატივისცემას და მეტი პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს თითოეულ მათგანს როგორც საქმის მოსმენისას, ასევე ვერდიქტის გამოტანის დროს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს, რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და საკმაოდ დიდია მედიის გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, —განსაკუთრებით მაშინ, თუ განსახილველი საქმე რეზონანსულია და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე ასაჯაროებს საკუთარ პოზიციას, რასაც ხშირად ერთვის საქმის მასალების დემონსტრირება და ცალმხრივი ინტერპრეტაცია. სწორედ ასეთ დროს ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაფიცი მსაჯულისთვის სასამართლო პროცესზე საქმის დეტალების სრულყოფილად დემონსტრირება, რათა არ შეიქმნას გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმი და შემდეგ აღნიშნული არ შეივსოს თუნდაც ტელევიზიით ან სოციალური მედიით მიღებული ინფორმაციით.

ამრიგად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სამართლიანი სასამართლო სისტემის მუშაობაში, ის ნამდვილად წარმოადგენს მართლმსაჯულების დემოკრატიული სულისკვეთების ასახვას, მნიშვნელოვნად მოქმედებს მთელი სასამართლო სისტემის მუშაობაზე და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერებისა და ნდობის ამაღლებას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. ეს არის დემოკრატიული მექანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის გარეშეც ვერც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო ვერ შეძლებს არსებობას. სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლო სისტემა უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური, რათა უზრუნველყოს უფლებების დაცვა და მათი განხორციელების შესაძლებლობა. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია საჯაროობა და სასამართლოების საქმიანობის ღიაობა. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი სასამართლო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა, რომელშიც მართლმსაჯულების მთავარი არსი – ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხი წყდება სამოქალაქო საზოგადოების მიუკერძოებელი წევრების – ნაფიცი მსაჯულების მიერ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღნიშნული ინსტიტუტი საქართველოში ამოქმედდეს სრულყოფილად, რაც საბოლოოდ თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვის გარანტი იქნება.

სამართლიანობის სოციალური იდეალი ყველაზე ნათლად მორალსა და სამართალშია გამოხატული, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირების ძირითადი მექანიზმს წარმოადგენს. სამართლიან სახელმწიფოში ეთიკურ/მორალური და სამართლებრივი კატეგორიები ჰარმონიულად არსებობს, შესაბამისად, ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მის უფლებებს იცავენ, ხოლო თვითონ მას, როგორც პოტენციურ ნაფიც მსაჯულს, აკისრია ვალდებულება, რომ შესაბამისი საჭიროების არსებობისას, როგორც სამართლიანი სისტემის (ანუ ერთიანი ფაზლის) ელემენტმა, შეასრულოს თავისი კანონისმიერი ვალდებულება და იყოს ობიექტური მსაჯული, რომელიც ვერდიქტის გამოტანისას მხოლოდ კანონს დაემორჩილება.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი