თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების პრინციპები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში

27 დეკემბერი 2022

სოფიო მომცელიძე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონკურენციისა და კომერციული სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე, 
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი 

 

საქართველოს კონსტიტუცია თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციას ქვეყნის ეკონომიკური წესრიგის ფუნდამენტად აღიარებს და მათი დაცვის სამართლებრივ საფუძველს აყალიბებს. კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“, ხოლო 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“. ამ ორი ნორმის სინთეზს წარმოადგენდა 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა, რომ „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“

თავისუფალი კონკურენცია ნების ავტონომიასა და კერძო საკუთრებასთან ერთად ნებისმიერი ეფექტური თავისუფალი საბაზრო და საზოგადოებრივი წესრიგის მთავარი საფუძველია. თავისუფალ კონკურენციაზე ზრუნვის კონსტიტუციური მოთხოვნა კი სახელმწიფოს ავალდებულებს ისეთი საკანონმდებლო წესრიგის შექმნას, რომელიც ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე თავისუფალი კონკურენციის ჩამოყალიბებას, მის განვითარებასა და კონკურენციის ბუნებრივი პროცესის დაცვას უზრუნველყოფს.

ხსენებული პროცესის ხელოვნური შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე თვით მეწარმე სუბიექტების მხრიდანაც. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლებში ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც კონკურენციის პროცესს როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე ეკონომიკური აგენტების უკანონო ქმედებებისგან დაიცავს.

სწორედ ზემოთ მოცემული კონსტიტუციური პრინციპის რეალიზების მცდელობას წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში – კანონი), რომელიც კანონის ერთ-ერთ მიზნად ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ეკონომიკური აგენტის ბაზარზე თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფას (მათ შორის ბაზარზე შესვლის ბარიერების დაუწესებლობითა და უკვე დაწესებული ბარიერების მოშლით), ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობასა და ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვას. აქვე დეკლარირებულია კანონის კიდევ ერთი მიზანი – სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას. 

კონსტიტუციის მე-60 მუხლის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელიც განიხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. 

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მე-6 მუხლი) რეგლამენტირებული მეწარმეობის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის უფლებას და შესაძლებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად დაექვემდებაროს თანაზომიერ შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგსა და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული და მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე {საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქმე №3/1/512, 26.06.2012, პარ. 60}. სასამართლო განმარტავს, რომ „არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდველი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნული საფუძვლით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სხვა მექანიზმი/საშუალება, რომელსაც აქვს რესურსი, ისევე ეფექტურად უზრუნველყოს საჯარო ინტერესის დაცვა, როგორც სადავო რეგულაციას“ {საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქმე №1/5/826, 21.04.2017, პარ. 23.}.

აშკარაა, რომ, სხვა ტიპის დავათა მსგავსად, კონკურენციულ სამართლებრივ დავებზე, რომელთა სადავო ნორმა თავისუფალი მეწარმეობის მზღუდავ რეგულაციას წარმოადგენს, შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს.

თანაბარზომიერების პრინციპი მოიცავს სამ კომპონენტს:
1)    მზღუდავი სამართლებრივი ნორმა უნდა ემსახურებოდეს ღირებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს;
2)    სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შესაბამისი მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას;
3)    უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი საშუალება უნდა იყოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ფასდება თანაზომიერების პრინციპის სამივე კომპონენტი და ყველა მათგანის დაკმაყოფილების შემთხვევაში მზღუდავი ნორმა რჩება ძალაში, ვინაიდან არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებული თავისუფალი მეწარმეობის უფლებას. სასამართლოს მითითებით, „თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი“ {საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქმე №2/11/747, პარ. 55}. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის რამდენიმე ძალიან საინტერესო საქმე, რომლებშიც სასამართლომ განიხილა კონკრეტული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული კონკურენციისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპებთან. წინამდებარე ნაშრომში შევეცდებით განვიხილოთ ამ გადაწყვეტილებებში მოცემული მნიშვნელოვანი განმარტებები და მკითხველისათვის ცხადი გავხადოთ ის არგუმენტაცია, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტული გადაწყვეტილება ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არის „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ {№1/2/411, 19.12.2008}, რომელშიც სასამართლომ ვრცლად იმსჯელა კონკურენციის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმას, რომელიც ადგენდა საცალო მომხმარებლებზე სარეალიზაციო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მინიმალურ მოცულობას. ხსენებული რეგულირების გამო მოსარჩელეებს – მცირე კომპანიებს, რომლებიც ანაწილებდნენ ელექტროენერგიას დადგენილ მინიმუმზე ნაკლები ოდენობით, გაუუქმდათ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიები. ნორმები გასაჩივრდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ორ უფლებასთან წინააღმდეგობის კონტექსტში: 1) საკუთრების უფლება; 2) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება.

სასამართლო გადაწყვეტილებაში მოცემულია მნიშვნელოვანი განმარტებები საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის კავშირზე: „მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება... თავის მხრივ, მეწარმეობა საკუთრების თავისუფლების გამოვლენის, მისი შინაარსის დემონსტრირების საუკეთესო ფორმაა“. 

სასამართლომ ასევე განმარტა მეწარმეობის თავისუფლების ცნება და მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლენას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. „მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“. ხსენებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს მისაღებ ვალდებულებაზე და ადგენს, რომ ეს უკანასკნელი „ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“. 

საკუთარი პოზიციის დასაბუთებისას ერთ-ერთი მოპასუხე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მიუთითებდა, რომ, ვინაიდან ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა თავისი არსით წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას, დარგი სახელმწიფოს მიერ რეგულირდება და, შესაბამისად, იქ თავისუფალი კონკურენცია ვერ იარსებებს. სასამართლომ უარყო ხსენებული პოზიცია და განსაზღვრა, რომ კონკურენციის განვითარების ხელის შეწყობა სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების იმ სფეროშიც, რომელშიც ბუნებრივი მონოპოლიები მოქმედებს. „დემონოპოლიზაციის პოლიტიკით სახელმწიფო ხელს უწყობს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებასა და მომხმარებელთა მხრიდან არჩევანის თავისუფლებას. კონკურენტული ბაზრის პირობებში თავად ბაზრის კანონებია სამეწარმეო წესრიგის საფუძველი და ზედმეტი ხდება სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობა რეგულირების გზით“.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი სუბიექტის თავისუფალი საქმიანობა და არსებობის შეწყვეტა. კონკურენციისთვის ხელის შეწყობით სახელმწიფო წაახალისებს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი სუბიექტების საქმიანობას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. „რაგინდ კეთილშობილური მიზანიც უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი“. 

ზემოაღნიშნული ძალზე ფასეულია და პრეცედენტული არგუმენტაციის შედეგად საბოლოოდ სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია სადავო საკანონმდებლო რეგულირება როგორც საკუთრების, ისე თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის პრინციპებთან მიმართებით. ციტატები ხსენებული გადაწყვეტილებიდან დღესაც აქტიურად გამოიყენება სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაში.

როგორც დასაწყისში აღინიშნა, მეწარმე სუბიექტების მიერ ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და ეფექტიანი კონკურენციიდან მომდინარე სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი შეიძლება შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას წარმოადგენს საქმე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“ {№2/5/700, 26.07.2018}, რომელშიც მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს, რომლებიც ადგენს არაალკოჰოლური სასმელების, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლების, მარკირების ვალდებულებას. მათი არგუმენტაციით, მარკირების განხორციელება დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ტვირთთან და პროდუქციის წარმოებისას ქმნის მნიშვნელოვან ტექნიკურ და სამართლებრივ პრობლემებს, სადავო ნორმები კი არაკონსტიტუციურად ზღუდავს მათი საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებულ გამოსადეგ და ვარგის საშუალებას. თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპზე მსჯელობისას სასამართლომ მიუთითა, რომ ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება უმნიშვნელოვანესი საჯარო და კერძო ინტერესების დაცვას ემსახურება. დაბეგვრის სათანადოდ განხორციელებისათვის ეფექტური მექანიზმების შექმნა გადასახადების გადახდის ვალდებულების თანმდევ საჭიროებას წარმოადგენს. შესაბამისად, უდიდესია იმ სიკეთის მნიშვნელობა, რომლის დაცვასაც ისახავს მიზნად დაბეგვრის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვის შედეგად მოსარჩელის შელახული ინტერესი აღემატებოდეს ხსენებულ უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ, ჩარევის ინტენსივობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელია პროდუქციის წარმოება ან/და მნიშვნელოვნად ზიანდება ინდუსტრია.

სასამართლოს პოზიციით, სადავო ნორმები არ ქმნის პროდუქციის წარმოების პროცესზე ისეთ მძიმე ტვირთს, რომელიც გადაწონის სადავო ნორმებით დაცულ სიკეთეს. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები არ არღვევს კონსტიტუციურ ბალანსს შეზღუდულსა და დაცულ ინტერესებს შორის და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

მსგავსი მსჯელობა აქვს წარმართული საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში „საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ {№1/5/826, 21.04.2017}. მოსარჩელე კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან წინააღმდეგობის კონტექსტში სადავოდ ხდიდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმას, რომლის შესაბამისადაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში.

წინა საქმის მსგავსად, სასამართლომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად მიიჩნია სადავო საკანონმდებლო რეგულირება, ხოლო პროპორციულობის შეფასებისას აღნიშნა, რომ უფლებაშემზღუდველი ნორმა უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმის პროპორციულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევის ინტენსივობა. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული რეგულაცია არ ადგენს თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის სრულ აკრძალვას და შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული ტერიტორიით, იმავდროულად, თამბაქო არ არის პირველადი მოხმარების საგანი. მეორე მხრივ, აშკარაა თამბაქოს ნაწარმის რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში არასრულწლოვანთა ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის მომეტებული ინტერესი.

საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანებში თამბაქოს პოპულარიზაციისა და რეკლამირების შეზღუდვის საჯარო ინტერესი გადაწონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის კერძო ინტერესს. ამდენად, წარმოადგენს თანაზომიერ შეზღუდვას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

წინა გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, საქმეში „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ {№2/11/747, 14.12.2018} სასამართლომ თავისუფალი კონკურენციის პროცესში არათანაზომიერ და გაუმართლებელ ჩარევად მიიჩნია ის საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უქმნიდა საფუძველს, რათა, ერთი მხრივ, შეესრულებინა კერძო დაცვითი ორგანიზაციების მაკონტროლებელი ფუნქცია, ხოლო, მეორე მხრივ, თავად განეხორციელებინა დაცვითი საქმიანობა. 

ამ საქმეში სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა სახელმწიფოს ვალდებულებაზე, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც კონკურენციის ბუნებრივ პროცესში არათანაზომიერი ჩარევის გარეშე, რომელიმე ეკონომიკური აგენტისთვის უპირატესობის მინიჭების ან/და მონოპოლიური მდგომარეობის მიღწევის პრევენციისკენ იქნება მიმართული.

როგორც სასამართლომ მიუთითა, „თავისუფალ კონკურენციას და ბაზრის სტრუქტურას საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც უპირატეს მდგომარეობაში აყენებს რომელიმე ეკონომიკურ აგენტს და ბაზრის მონაწილეებისთვის ქმნის არათანაბარ პირობებს“ {...} სახელმწიფოს მიერ ბაზრის რომელიმე სეგმენტზე განხორციელებულმა ჩარევამ არ უნდა გამოიწვიოს ცალკეული ეკონომიკური აგენტის (ან აგენტთა ჯგუფის) პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება“.

სასამართლომ გარკვევით განმარტა, რომ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს მათ საქმიანობაში სახელმწიფოს დაუსაბუთებელი ჩარევისაგან, მათ შორის შერჩევითი საფუძვლით რომელიმე ეკონომიკური აგენტისათვის სარგებლის მინიჭებისაგან.

კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კი სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის, ერთი მხრივ, კონტროლის ფუნქციისა და, მეორე მხრივ, იმავე სფეროში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება ზღუდავს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლებას, ვინაიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის კერძო დაცვითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, რაც მას მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას აძლევს.

საბოლოოდ სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოყენებული ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს კონკურენციისა და მეწარმეობის თავისუფლებას, ვიდრე ეს კერძო დაცვითი საქმიანობის ეფექტური კონტროლის ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის არის საჭირო. ამდენად, სადავო საკანონმდებლო რეგულირება კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიმართ ანტიკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული.

ასევე გვხვდება შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისად ცალკეული სუბიექტებისათვის ხორციელდება ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება, რაც არღვევს ბაზარზე არსებულ ბუნებრივ მდგომარეობას და მეწარმეთა ნაწილს უზრუნველყოფს ხელოვნური მატერიალური სარგებლით, რომელსაც იგი ვერ მიიღებდა ბაზრის ბუნებრივი განვითარების პირობებში.

სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნითა და საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით კონკრეტული ეკონომიკური აგენტისთვის საბაზრო უპირატესობის მინიჭება განხილული იქნა კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველსა და მეორე წინადადებებთან წინააღმდეგობის კონტექსტში საქმეში „შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ {№1/1/655, 18.04.2019}. სადავო ნორმა შემსყიდველ ორგანიზაციებს ანიჭებდა შესაძლებლობას, რომ შპს „საქართველოს ფოსტისგან“ შეესყიდათ საფოსტო ან/და საკურიერო მომსახურება პირდაპირი წესით, სახელმწიფო შესყიდვებისათვის დადგენილი შესაბამისი პროცედურის გვერდის ავლით, თანაც ისე, რომ არც კი განეხილათ ამავე მომსახურების მიმწოდებელი სხვა სუბიექტების შეთავაზებები. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი რეგულირებით იქმნებოდა შპს „საქართველოს ფოსტის“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობა, ვინაიდან საფოსტო და საკურიერო მომსახურების მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტისგან“ შესყიდვა აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს ანიჭებდა მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას, რამდენადაც, სხვა ეკონომიკური აგენტებისაგან განსხვავებით, ის უკვე გარანტირებული იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის შემკვეთით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციების სახით. „ეკონომიკური აგენტისათვის სახელმწიფოს მიერ შერჩევითად სარგებლის მინიჭება უფლების შეზღუდვის შემადგენლობას ქმნის მაშინ, როდესაც იგი ახდენს გავლენას კონკურენციაზე ან წარმოშობს ამგვარ საფრთხეს. იმ პირობებში, როდესაც საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით საგრძნობლად უმჯობესდება ეკონომიკური აგენტის საბაზრო მდგომარეობა ამავე ბაზარზე მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებთან შედარებით, უკვე იქმნება არაკონკურენტული პირობების შექმნის საფრთხე და, შედეგად, კონკურენციისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლების შეზღუდვის შემადგენლობაც“.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულაციით თავისუფალ ბაზარს შეიძლება დააწვეს იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე ეს აუცილებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების სათანადო, ხელმისაწვდომი პირობებით განხორციელების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უზრუნველყოფისათვის. ამრიგად, სადავო საკანონმდებლო მოწესრიგება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. 

განხილული სასამართლო საქმეები საკმაოდ მნიშვნელოვანს, დასაბუთებულსა და ცხად არგუმენტაციას შეიცავს და კანონმდებლისათვის უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ გზამკვლევს კანონშემოქმედებითი მუშაობის პროცესში შესაბამისი პრინციპების გააზრების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ხსენებული პრაქტიკა იურისტებსა თუ საკონსტიტუციო სამართლით დაინტერესებულ პირებს აძლევს ბიძგს, რომ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას კონკურენციისა და თავისუფალი მეწარმეობის შემზღუდველი საკანონმდებლო რეგულირება საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ობიექტი გახადონ.

ცხადია, რომ თავისუფალი კონკურენციის განვითარებაზე ზრუნვა კონკურენციის ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესის სხვადასხვა სახის შეზღუდვისგან დაცვას გულისხმობს. კონსტიტუციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შექმნილმა ნორმატიულმა გარემომ კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვის პრევენცია და კონკურენციის დინამიკური პროცესის მუდმივი განვითარება უნდა უზრუნველყოს.

სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სხვადასხვა სასაქონლო და მომსახურების ბაზრის წარმოშობას, უზრუნველყოს ამ ბაზრებზე ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვება და კონკურენციის მაქსიმალური ხარისხის მიღწევა.

ამასთანავე, თავისუფალ კონკურენციაზე ზრუნვის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გათვალისწინებით, შესაბამისი ნორმატიული გარემოს ჩამოყალიბების უმთავრეს გამოვლენას ქვეყანაში კონკურენციის სპეციალური კანონმდებლობის არსებობა წარმოადგენს. მან უნდა უზრუნველყოს კონკურენციის თავისუფლება და უკვე არსებული საბაზრო ძალაუფლება უნდა შეზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი აფერხებს ან არსებობს საფრთხე, რომ იგი შეაფერხებს ჯანსაღი კონკურენციის პროცესს და ზიანს მიაყენებს ბაზრის ეფექტურობას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი