ბავშვთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება

21 დეკემბერი 2021

ავტორი: კონსტანტინე გელაშვილი
ადვოკატი, მედიატორი

 

საქართველოს კონსტიტუცია და კანონები საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხვედრით გვაძლევს ადამიანის უფლებების გარანტიებს. 
ეს გარანტიები სამართლის ნორმებით არის დადგენილი, ადამიანის ეროვნების, რწმენის, ასაკისა და კუთვნილების მიუხედავად. 
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პირველი მუხლი ადგენს, რომ „ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი, სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევს“. 
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის უფლება-უნარიანობა, ანუ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებანი და მოვალეობანი წარმოიშობა დაბადებისთანავე; ხოლო მემკვიდრედ ყოფნის უფლება – ჩასახვისთანავე, რომლის განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე. ამავე მუხლით დაუშვებლად არის მიჩნეული პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა. 
პირის სრულწლოვანების ზღვარს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა,  დადგენილია, რომ პირი სრულწლოვანია 18 წლის ასაკიდან, რაც გულისხმობს, რომ 18 წლიდან პირს უფლება აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს, რაც მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ანუ პირი 18 წლიდან იძენს ქმედუნარიანობას. 
ქმედუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთრებასთან დაკავშირებით უფლებებისა და მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელების პირობაა. თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია შევეხოთ არასრულწლოვანის უფლებებსაც, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად შეზღუდულია, კანონით დაცულია. 
ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ, 2020 წლის 01 სექტემბრიდან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის საკითხებს და არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ უფრო გამჭვირვალედ, დეტალურად გაწერილიყო მათ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. 
არასრულწლოვანები საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვასა და ყურადღებას, რადგან მათი სამართლებრივი დაცვა სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. 
ბავშვების ასაკისა და ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, კანონმდებელმა განსაზღვრა შესაბამისი მიდგომებისა და პროგრამების შემუშავების ვალდებულება, რათა ყოველ ეტაპზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის რეალურად საუკეთესო ინტერესები დაცული იყოს ობიექტური შეფასების კრიტერიუმებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეიზღუდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ბავშვის საკუთრების განკარგვა ან მართვა (ვალდებულებით დატვირთვა). 
ამ ცვლილებამ, ერთი მხრივ, გაურთულა მშობლებს ბავშვის სახელზე არსებული ქონების განსაკარგავად გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ასევე – ბავშვის სახელზე არსებული ანაბრების განკარგვაც, მაგრამ სამაგიეროდ დაუშვა ამ უფლების მინიჭება სასამართლოს გადაწყვეტილებით. 
მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვს აქვს უფლება საკუთრებად ფლობდეს ქონებას. საკუთრების უფლება წარმოიშობა შესაბამისი გარიგების (ჩუქება, ნასყიდობა) საფუძველზე, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. ბავშვისთვის ქონების გადამცემი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის მშობელი, გარიგებაშიც ბავშვი ასევე მშობლის მეშვეობით მონაწილეობს, რომელიც მისი კანონიერი წარმომადგენელია. შეზღუდვა საკუთრების უფლების წარმოშობისას არ არსებობს და, შესაბამისად, არასრულწლოვანს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს ნებისმიერი ქონება, რომლის რეგისტრირება შესაძლებელია. არ იზღუდება არც ფულადი სახსრები საბანკო დაწესებულებებში ანაბრების გახსნით. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს უფლება, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად თავისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით დადოს გარიგება და ისარგებლოს საკუთრებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, კანონმა შეზღუდვა დააწესა ქონების ან ფულის განკარგვის ნაწილში, რაც მშობლებს ავალდებულებს არასრულწლოვანის სახელზე არსებული ქონების განკარგვის სურვილის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინონ მოტივირებული და დასაბუთებული მოთხოვნა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 
სასამართლო არ მისცემს მშობელს ქონების გასხვისების უფლებას, თუ არ დარწმუნდება, რომ მიღებული თანხით არ შეიძენს უკეთეს ქონებას ან ეს მიღებული სახსრები სხვაგვარად ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ინტერესების დაცვას. 
ამგვარი საქმის განხილვაში მონაწილეობენ არა მხოლოდ მშობლები, არამედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც ბავშვის ინტერესების დასაცავად გამოყოფს ადვოკატს. 
თითოეული შემთხვევა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ სასამართლომ განიხილა და რომლებშიც პირადად მეც, როგორც ადვოკატმა, მივიღე მონაწილეობა, განსხვავებული იყო და, ერთი შეხედვით, არ იძლეოდა თანაბარი პრინციპებით შეფასების საშუალებას, მაგრამ სასამართლომ გამოკვეთა ის ძირითადი მიმართულებანი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადიც და მტკიცებულებანიც, ხოლო ზოგ შემთხვევაში მოსამართლე ისმენს ბავშვის აზრს, თუკი მისი ასაკი და გონებრივი შესაძლებლობა ამგვარი საკითხების სწორად აღქმის საშუალებას იძლევა. 
საინტერესოა ისეთი შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი ფლობს თანაზიარი საკუთრების უფლებას, ანუ მის სახელზე გაფორმებულია გარკვეული მოცულობის ქონების წილი. პირობითად დავუშვათ, 1/3 და, როდესაც 2/3 წილის მფლობელი სრულწლოვანი ადამიანი ითხოვს ამ ქონების გაყიდვას, ბუნებრივია, ვერ წავართმევთ ადამიანს საკუთრების განკარგვის უფლებას, თუმცა ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია მისცეს მას ქონების გაყიდვის უფლება, მაგრამ დაავალდებულოს, რომ ბავშვის წილის ღირებულება ჩაირიცხოს ბავშვის სახელზე არსებულ ანგარიშზე ბანკში, რათა შემდგომ შესაძლებელი იყოს ამ ფულადი სახსრების გამოყენებით ალტერნატიული ან სხვა უკეთესი ქონების შეძენა. თუმცა ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება სასამართლოს ნებართვა, რათა ბავშვის მშობელმა ანგარიშებიდან ფულის განკარგვის უფლება მოიპოვოს. 
როგორც ვხედავთ, მიუხედავად ერთგვარად გართულებული პროცედურებისა, ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ შემუშავდა არაერთი წესი, რომლებიც ადვილად არ იძლევა არასრულწლოვანის სახელზე არსებული ქონების განკარგვის უფლებას.
სასამართლო პრაქტიკით უკვე დაინერგა ბავშვის სახელზე ჩარიცხული ქონების მონიტორინგის განხორციელების წესები გასხვისებისას, აღნიშნული ვალდებულება სასამართლომ მეურვეობის ორგანოს დააკისრა. 
აქვე მინდა შევეხო მემკვიდრეობის საკითხებსაც.
არასრულწლოვანები, მიუხედავად შეზღუდული ქმედუნარიანობისა, არიან მემკვიდრეობის უფლების მქონე პირები და მათი უფლებების დაცვას, უპირველეს ყოვლისა,  კანონიერი წარმომადგენლები ახორციელებენ. 
როგორც ცნობილია, პირველი რიგის მემკვიდრეები მეუღლე, შვილები და მშობლები არიან, რომლებიც თანაბრად არიან უფლებამოსილი მემკვიდრეობის მისაღებად. 
მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ადგენს ასაკობრივ შეზღუდვას მემკვიდრის უფლების თვალსაზრისით, კანონი იცავს არასრულწლოვანის უფლებებს, რადგან მას შეზღუდული აქვს ქმედუნარიანობა სამკვიდროს მიღებისა და მართვის თვალსაზრისით. ამიტომ კანონი ავალდებულებს კანონიერ წარმომადგენელს ან/და მეურვეს, დაიცვას არასრულწლოვანის ქონებრივი უფლებები და ამ მიზნით განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება. 
მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე და მისი რეალიზება დაბადებაზეა დამოკიდებული. 
სამოქალაქო კოდექსი ორი სახის – ანდერძისმიერ და კანონისმიერ – მემკვიდრეობას ითვალისწინებს. ორივე შემთხვევაში შეიძლება არასრულწლოვანი პირი მემკვიდრეობის უფლების მქონე სუბიექტი იყოს. ბავშვის ინტერესები კანონმდებლობით არის დაცული, ამიტომ ბავშვს, რომელმაც დაკარგა მშობელი, უფლება აქვს მიიღოს მემკვიდრეობა. მშობლის მემკვიდრედ ჩაითვლება აგრეთვე გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა. 
არასრულწლოვანის უფლებაზე – იყოს მემკვიდრე, არანაირ გავლენას არ ახდენს ისეთი გარემოება, როდესაც მშობლების ქორწინება არ არის რეგისტრირებული, ანუ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მემკვიდრეობის უფლებაც გარანტირებული და დაცულია კანონით. სამოქალაქო კოდექსის 1109-ე მუხლის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით, რაც გულისხმობს ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში ჩანაწერის არსებობას ან არსებობს შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება. უნდა აღნიშნოს ის გარემოებაც, რომ პირველი რიგის მემკვიდრედ არასრულწლოვანი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ ის ნაშვილებია.
კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად ცდილობს დაიცვას არასრულწლოვანი შვილიშვილების ინტერესებიც, შესაძლებელია, ისინიც იყვნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის მათი მშობლები, რომლებიც მამკვიდრებლის მემკვიდრეები უნდა ყოფილიყვნენ, ცოცხლები აღარ არიან. შვილიშვილები თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც მათ გარდაცვლილ მშობელს მემკვიდრეობის დროს კანონით ერგებოდა.
ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში მამკვიდრებელი წინასწარ განსაზღვრავს, ვის რა ქონება ერგება მისი გარდაცვალების შემდეგ. ანდერძის საფუძველზე მემკვიდრეები შეიძლება გახდნენ ის ბავშვები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, ასევე ისინიც, ვინც ჩაისახა მის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ. პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც პაპა-ბებია ანდერძით უტოვებს ქონებას არასრულწლოვან შვილიშვილებს, რადგან პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობისას მათ მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა ნაკლებია.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი