რეაბილიტაციის კომისიის დებულება

დამტკიცებულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 
აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით 


უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის დებულება
 

(ცვლილებებით)

ვინაიდან, უახლოეს წარსულში საქართველოს საერთო  სასამართლოების  მიერ  100-ზე  მეტი ადვოკატი იქნა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ისეთმა  ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა  ევროპის  ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო (CCBE) და ადვოკატთა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია (International Observatory  for  Lawyers), ადვოკატის  საქმიანობა მიიჩნიეს რისკის სფეროდ და დაასკვნეს, რომ ადვოკატის პროფესია იდგა დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის წინაშე.
ვინაიდან, ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელოვან საწესდებო მიზანს მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება წარმოადგენს.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმსრულებელი საბჭო ქმნის - უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიას და ამტკიცებს ამ დებულებას.


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი  „უახლოეს  წარსულში  სისხლის  სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის” კომისია (შემდგომში„კომისია”), წარმოადგენს ასოციაციის დროებით ორგანოს;
1.2.კომისია შექმნილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-15.1 მუხლის “წ” პუნქტისა და მე-161 მუხლის შესაბამისად;

1.3.კომისიის საქმიანობის წესს (დებულებას) ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო;
1.4.კომისია შექმნილია დროებით, მაგრამ არანაკლებ  ვადისა,  რომელიც  ობიექტურად  ესაჭიროება მის წინაშე დასახული მიზნების სრულად ან უპირატესად განხორციელებას და იგი არ შეიძლება აღემატებოდეს აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილების ვადას. კომისიის  უფლებამოსილება იწყება წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე.

  
მუხლი 2. კომისიის საქმიანობის მიზანი 

2.1.კომისიის საქმიანობის მიზანია 2005-2012 წლებში  საქართველოში  სისხლის  სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ასოციაციის წევრი ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და კონკრეტული ადვოკატის მიმართ პროფესიული, მორალური, აგრეთვე სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბელიტირებელი ან/და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი  დასკვნის  შედგენა,  რასაც  კომისია  განიხილავს პრიორიტეტულად;
2.2.კომისიას შეუძლია განიხილოს ასევე, საქართველოს პარლამენტის 05.12.2012 წლის #76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა საქმეები.

 

მუხლი 3. კომისიის ამოცანები და საქმიანობა 

3.1.კომისიის საბოლოო ამოცანაა სამართლიანი სასამართლოს უფლების აღდგენა სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ასოციაციის წევრი ადვოკატების მიმართ, ანდა ცალკეულ შემთხვევებში, აგრეთვე,  პოლიტიკური  ნიშნით  დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა მიმართ;
3.2.თავისი ამოცანების განსახორციელებლად კომისია:

3.2.1.შეიმუშავებს და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კომისიაში შუამდგომლობის (განცხადების) წარდგენის, მისი დასაშვებობის და განხილვის წესს;

3.2.2.შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს კომისიის პრაქტიკული მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე საკითხებზე, რომელსაც წარუდგენს დაინტერესებულ პირებს;
3.2.3.თანამშრომლობს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციებთან და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
3.2.4.აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს;

3.2.5.შეიმუშავებს    საჯარო    განცხადებების    პროექტებს    კომისიის    საქმიანობის    სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;
3.2.6.აანალიზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ატარებს კვლევებს.

 

მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა
4.1.კომისია შედგება 7 წევრისაგან. კომისიის წევრი შეიძლება იყოს ადვოკატი არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ან/და პირი, რომელიც არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობს მაღალი პროფესიული რეპუტაციით;
4.2.კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მოადგილე, რომელსაც ირჩევს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო;
4.3.კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე აირჩევა კომისიის უფლებამოსილების ვადით;

4.4.კომისიის დანარჩენ წევრებს ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციების გათვალისწინებით;
4.5.კომისიის წევრები აირჩევიან კომისიის საქმიანობის ვადით. კომისიის წევრის გამოწვევა შესაძლებელია აღმასრულებელი საბჭოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე;
4.6.კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიაში დამატებით მოიწვიოს სხვადასხვა დარგის ექსპერტები, იურიდიული პროფესიისა და იურიდიული  პროფილის  არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც სასამართლოს სისტემიდან, ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან.

 

მუხლი 5. კომისიის სხდომა 

5.1.კომისია თავისი უფლებამოსილების განხორცილებისას ატარებს სხდომებს, რომლებიც მოიწვევა საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ თვეში ორჯერ. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი გაისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ;
5.2.კომისიის სხდომის მოწვევის ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე ან მოადგილე;
5.3.კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც ნიშნავს კომისია თავმჯდომარის წარდგინებით. კომისიის მდივანი სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტით უგზავნის ან ტელეფონით ატყობინებს სხდომის მოწვევის და დღის წესრიგის შესახებ;
5.4.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეული წევრი უფლებამოსილია დააყენოს წინადადება  სხდომის  დღის  წესრიგში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
5.5.კომისია გადაწყვეტილებებს  იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით,  თუ ამ დებულებით ანდა კომისიის გადაწყვეტილებით სხვა უმრავლესობა არ იქნება დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა;
5.6.კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. გარკვეულ პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას ელექტრონული ფოსტით დადასტურებითაც, თუკი კომისიის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ელექტრონული ფორმით გამოხატავს თანხმობას და ეს აისახება კომისიის სხდომის ოქმში;
5.7.კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომლსაც ადგენს მდივანი. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მოადგილე და მდივანი, რაც ადასტურებს საოქმო ჩანაწერის სიზუსტეს.

 

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე/ მოადგილე

6.1.კომისიის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს კომისიის მუშაობას და უძღვება კომისიის სხდომებს;
6.2.კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გააკეთოს საჯარო განცხადებები კომისიის საქმიანობასა   და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
6.3.კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ანდა თავად კომისიის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე, კომისიის მუშაობას კოორდინირებას უწევს მოადგილე. 

 

მუხლი 7. კომისიის სამდივნო 
7.1.კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატი;

7.2.მდივანი ორგანიზებას უწევს კომისიის შეხვედრისა და კომისიის სხდომის ოქმის შედგენას და მის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირებისათვის.
 

მუხლი 8. კომისიის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

8.1.კომისიის საქმიანობა და ღონისძიებები შეიძლება დაფინანსდეს ასოციაციის ბიუჯეტიდან ანდა კომისიის მიერ ასოციაციის აპარატთან კოორდინაციით მოძიებული გრანტის ან/და შემოწირულობის სახსრებიდან;
8.2.კომისიისათვის გამოსაყოფი ბიუჯეტის ოდენობას ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო;

8.3.გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიმართულებებს განსაზღვრავს თავად კომისია.

 

მუხლი 9. დებულების შეცვლა
9.1.წინამდებარე დებულების ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე დებულების ახალ რედაქციას ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო;
9.2.დებულების    ცვლილებებისა/დამატებების    ან    დებულების    ახალი    რედაქციის    პროექტს აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის თავმჯდომარე.

 

მუხლი 10. დებულების მოქმედების ვადა

წინამდებარე დებულება ძალაშია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან და მოქმედებს კომისიის საქმიანობის ვადით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი