საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის საგანგებო სხდომა დასრულდა, რომელიც კომისიის წევრთა ინიციატივით იქნა მოწვეული. კომისია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ, ბოლო დღეებში, წაყენებულ ბრალდებების შეფასებას დაეთმო. კომისია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
- კომისია მიმართავს საზოგადოებას და ყურადღებას დაუთმობს ადვოკატ გოგა ონიანთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადების კონტექსტს. ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისია ცალსახად განმარტავს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან გოგა ონიანის დაკავების ფაქტზე გამოხმაურებას არ დაურღვევია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი და ასოციაციის წესდება. პირიქით, განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა ადვოკატის, როგორც დამოუკიდებელ პროფესიაში მყოფი ადამიანის ინტერესების დაცვას.
- კომისია შეშფოთებას გამოთქვამს განცხადებაზე, თითქოსდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით, გამოკვეთილია ზაზა ხატიაშვილის ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან. განცხადების ავტორი, ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ასოციაციის თავმჯდომარემ ასოციაციისთვის ფინანსური დახმარების მოთხოვნით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა. ამასთან, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ადვოკატთა ასოციაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ფინანსდება. კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ბრალდებები არის არა მხოლოდ ასოციაციის თავმჯდომარის, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მთლიანი შემადგენლობის დისკრედიტაციის მცდელობა. კომისია იღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს განცხადებების ავტორს, ნიკოლოზ მჟავანაძეს, რათა გონივრულ ვადაში, 2014 წლის 7 მარტამდე წარმოადგინოს განცხადებების დამადასტურებელი მტკიცებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ განიხილოს ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებები და დადგინოს, რამდენად არღვევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ასოცაციის წესდებას და ეთიკის ნორმებს.
- კომისია მიმართავს საზოგადოებას, ყურადღება დაუთმოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მისი თავმჯდომარე მოქმედებს ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით, ევროპული სასამართლოს პრეცედენტებით, გაეროს 1990 წლის ადვოკატთა როლის შესახებ პრინციპების ნორმებით და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის რეკომენდაციებით.