იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისპროექტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების წინადადებები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართეს.
დავით ასათიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „დღეს წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულია ადვოკატთა ასოციაციის ბაზაზე, პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით. ცვლილებები მომზადებულია ფართო ჩართულობით ამ ჯგუფის ფარგლებში და მასზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ემსახურება საადვოკატო პროფესიის გაძლიერებას, ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ სრული კონსენსუსი გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ჯგუფთან გავაგრძელოთ მუშაობა და მზად ვართ ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობისთვის“.
შეკრებაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადვოკატის სამართლებრივი დაცვის თაობაზე-38-ე მუხლია: „ვფიქრობ, რომ ძალიან პრინციპულია, რომ გაეროს ცნობილი ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ქმნის, ჩვენ ამ ფორმულირებით კანონში გადაგვაქვს. ჩვენი ინიციტივით, წინა პარლამენტში, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ, რითაც ადვოკატის დაცვის გარანტიები, სისხლის სამართლის პროცესში საქმიანობის დროს უკანონო ჩარევის შემთხვევებში, მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის დაცვის გარანტიებს გავუთანაბრეთ. მას შემდეგ, ეს არის მეორე ძლიერი ჩანაწერი, რაც ძალიან ამდიდრებს ამ ცვლილებებს“.
კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად: „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი ადვოკატის და მოუკიდებლობა“.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას მხარეთა შორის. საკანონმდებლო წინადადებით, გაუქმებულია როგორც 4%-იანი ბარიერი, ასევე ხარჯების გადანაწილება მხარეთა შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.