საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გმობს და სერიოზული საფრთხის შემცველს უწოდებს გიორგი მიქაუტაძის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგინებას.
სახელმწიფოში სამართლებრივი კრიზისის პირობებში მოსამართლის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირის წარდგინება ლახავს სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებას და ძირს უთხრის ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპს.
ნიშანდობლივია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 28 აპრილს გამართული სასამართლო პროცესზე რობერტ გრიგალაშვილის სარჩელის განხილვისას, რომელიც ეხებოდა მისი ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაწყეტილების ბათილად ცნობას, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გამოაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო მხარეთათვის გადაცემულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ასახა სულ სხვა მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ 2015 წლის 23 ივნისს ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მხრიდან განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
მსგავსი ხასიათის დისციპლინური გადაცდომასთან დაკავშირებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ 2012 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ( საქმე საქმე №1/02-12 ) განმარტა, რომ:
"აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლეებმა _ და _ უგულებელყვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნა, კერძოდ: მოსამართლეები ვალდებულნი იყვნენ, დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოეყალიბებინათ მანამდე მხარისათვის ჩაბარებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსამართლეების _ __________ __________ და __________ __________ ქმედებით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნა, რაც წარმოადგენს ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას - მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას".
აღსანიშნავია, რომ ზაზა ხატიაშვილის მომართვის (მოსამართლის მხრიდან განხორციელებული ქმედების თაობაზე) მიუხედავად შესაბამისი უწყებების მხრიდან დღეის მდგომარეობით არანაირი სახის რეაგირება არ განხორციელებულა.