საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების გამომძიებლის გიორგი ქუქჩიშვილის და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ამირან ხუციშვილის მიერ, საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის მიზნით, ადვოკატ ლავრენტი სუხიშვილის დევნის გამო პრესკონფერენცია გამართა.
ადვოკატმა ლავრენტი სუხიშვილმა მოწმის გამოკითხვის ოქმი წარადგინა სასამართლოში როგორც მტკიცებულება, ვინაიდან გამოძიებას არ მოეწონა ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულება, სასწრაფოდ იქნა დაკითხული ადვოკატის მიერ გამოკითხული მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, სავარაუდოდ ზეწოლის ქვეშ, რომ არ წაუკითხავს ადვოკატმა რაზე მოაწერინა ხელი. გამომძიებელი გიორგი ქუქჩიშვილი ორი დღეა ცდილობს ადვოკატ ლავრენტი სუხიშვილის მოწმის სახით დაკითხვას, რაც ავტომატურად „ურჩი ადვოკატის“ საქმიდან ჩამოცილებას გამოიწვევს, აღნიშნული ფაქტი საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლას წარმოადგენს. სასამართლო პრქტიკაში თითქმის ყოველი მეორე ბრალდებული აცხადებს, რომ გამომძიებელმა იძულებით ხელი მოაწერინა დაკითხვის ოქმზე, ძალადობით მოტყუებით და ა.შ. თუ ასეთი პრაქტიკა დაინერგება, მაშინ ნებისმიერ მოპოვებულ მტკიცებულებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. გამომძიებელი საქმიდან უნდა იქნეს ჩამოცილებული და ა.შ. საგულისხმოა, რომ ადვოკატ ლავრენტი სუხიშვილის მიერ მოპოვებული გამოკითხვის ოქმი სასამართლომ მიიღო როგორც მტკიცებულება და მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს გაიზიაროს თუ არა ადვოკატის წარმოდგენილი მტკიცებულება.
რვა თვეა, ადვოკატი ლავრენტი სუხიშვილი პროკურატურისგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნოდარ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომლების დასჯას უშედეგოდ ითხოვს, რამაც სავარაუდოდ გააღიზიანა პოლიცია და ადვოკატის საქმიდან ჩამოცილება გადაწყვიტა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა: ,,მივმართე მთავარ პროკურორს და ადვოკატ ლავრენტი სუხიშვილის მიმართ განხორცილებული ქმედებებთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიების ჩატარება მოვითხოვე, რომელიც, სავარაუდოდ, გამომძიებელ გიორგი ქუქჩიშვილის მიერ თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს შეიცავს.
შევახსნებ იმ სამართალდამცველებს და პროკურორებს, რომლებმაც არ იციან საერთაშორისო სტანდარტები ადვოკატებთან მიმართებაში. გაეროს ძირითადი პრინციპების ადვოკატის როლის შესახებ (1990). მე–16 მუხლის თანახმად :
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადვოკატებს (ა) შეუძლიათ, შეასრულონ თავიანთი პროფესიული ფუნქციები დაშინების, დაბრკოლების, შევიწროების ან უადგილო ჩარევის გარეშე; (ბ) აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ და გაუწიონ კონსულტაცია თავიანთ კლიენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც; (გ) არ განიცდიან და არ ემუქრებათ სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული, ეკონომიკური ან სხვა სანქციები აღიარებული პროფესიული მოვალეობების, სტანდარტების და ეთიკის შესაბამისად მოქმედებისას“.