დავით ასათიანი - კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით

26 ივნისი 2017

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.   სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის  დავით ასათიანის   განმარტებით: ,,საქართველოს  ადვოკატთა ასოციაცია თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში. ჩვენ ვმონაწილეობდით ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების თვალსაზრისით, კონსტიტუცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს იქნება მსოფლიოში მესამე ქვეყნის კონსტიტუცია, რომელშიც ადვოკატის როლი და მისი დამოუკიდებლობა კონსტიტუციით იქნა განმტკიცებული. საკონსტიტუციო კომისიამ და აწ უკვე პარლამენტმა პირველი მოსმენით გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და კონსტიტუციის 31-ე მუხლში დაფიქსირდა მხარის უფლება, რომელიც სამართალწარმოებაში  წარმოდგენილი იქნება ადვოკატის მეშვეობით. ამავე მუხლში განისაზღვრა ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაც, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ადვოკატებს, ყოველგვარი უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის გარეშე თავისუფლად და ეფექტურად დაიცვან მოქალაქეების, ბიზნეს-კომპანიების, კლიენტების ინტერესები.

კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორცილება გარანტირებულია კონსტიტუციითა და კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც სამართალდამცავი თუ ადმინისტრაციული ორგანოები, ვერც სახელისუფლებო, პოლიტიკური ანდა სხვა გავლენიანი ჯგუფები ვერ შეძლებენ ზეგავლენა მოახდინონ ადოკატზე და ჩაერიონ მის საქმიანობაში, ხოლო თუ მაინც ადგილი ექნება ადვოკატის მიმართ გადაცდომას, ეს იქნება მკაცრად აღკვეთილი. აღნიშნული საკონსტიტუციო გარანტიები უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის და ხარისხიანი მართლსაჯულების განხორციელებისათვის. ეს ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს მთლიანად, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას.

 ეს არის მნიშვნელოვანი გარანტია, რაც არავის მისცემს საშუალებას, რომ ადვოკატის უფლებები რაიმე ფორმით შეზღუდოს ან ადვოკატზე ზეწოლა განახორციელოს. ეს ძალზედ საჭიროა ინსტრუმენტია ადვოკატისათვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ადვოკატს უხდება ოპონირება ძლიერ და გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ადვოკატები იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ, საზოგადოებაში არაპოპულარულ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უპირისპირდება გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი, წინასწარგანწყობილი მედია ჯგუფები და ამ დროს ადვოკატის პიროვნების დაცულობა და მისი ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანია.

 

ახალი საკონსტიტუციო ცვლილების მონაპოვარია ისიც, რომ ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც იქნება თვითმმართველი, თვითრეგულირებადი  და დამოუკიდებელი ორგანიზაცია. თუ მომავალში რომელიმე ხელისუფლებას გაუჩნდება სურვილი, რომ ადვოკატთა დამოუკიდებელი ასოციაცია რაიმე ფორმით შეზღუდოს, დაანაწევროს ან დაშალოს, რისი პრეცედენტებიც არაერთხელ გვქონდა ახლო წარსულში, იგი ამას ვეღარ შეძლებს. ჩვენ გვქონდა სამწუხარო მაგალითები, როცა დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის შექმნიდან მალევე, მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა რამდენიმე ასოციაციის შექმნით დაესუსტებინა და დაეკნინებინა საადვოკატო პროფესია. კონტიტუციაში შეტანილი ამ ცვლილების შემდეგ, ეს შეუძლებელი გახდება ასეთი მაღალი კონსტიტუციური გარანტიების გამო. ამიტომაც, ეს კონსტიტუციური დებულება ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპუსის არსებობისათვის“.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი