20 ივლის, თბილისში ევროპის საბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა დავით ასათიანმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველოს უფროსმა ლილიტ დანეგიან-ბოსლერმა.
ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დავით ასათიანმა განაცხადა: ,, ევროპის საბჭოს აღნიშნული დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანი და დროულია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნდობა მართლსაჯულების სისტემისადმი, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება. იურიდიული პროფესიის აზრი და ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ რეალური და არსებითი რეფორმების განხორციელება ერთადერთი და გარდაუალი გზაა დაკარგული ნდობის აღსადგენად. ძლიერი იურიდიული პროფესიის და დამოუკიდებელი ადვოკატურის გარეშე კი სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება წარმოუდგენელია“.
შეხვედრაზე, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა: ევროპის საბჭოს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროპოს საბჭომ უდიდესი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა ჩვენი საქმიანობის ისეთი მიმართულებების გაძლიერების საქმეში, როგორებიცაა ასოციაციის ინსტიტუცური განვითარება, ადვოკატთა პროფესიულიკვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები, რომლის შედეგადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდა ერთგვარი რეგიონალური ლიდერი, ადვოკატთა თვითმმართველობის მისაბაძი მოდელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და აზიის გარდამავალი დემოკრატიების ქვეყნებისათვის. თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმებზე აქტიურად მონაწილეობენ ისეთი ქვეყნების ადვოკატურის წარმომადგენლები როგორებიცაა მაგალითად: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა საერთო ფორმატებში მონაწილეობა ყოველთვისუდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ჩვენთვის ძალზედ ფასეულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერა ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების მოდელის დანერგვის მიმართულებით. ესაა დიდი რეფორმა, რომელიც უკავშირდება ადვოკატის პროფესიაში მიღებისა და ასოციაციის ბაზაზე სავალდებულო სტაჟირების ორგანიზებას, რაც წარმატებული მოდელია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. აღნიშნული პროექტი პილოტურ რეჟიმში სექტემბრიდან დაიწყება და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს იურიდიულ პროფესიას შემოუერთდებიან მაღალკვალიფიციური, კარგად მომზადებული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ადვოკატები. მოხარულნი ვართ, რომ ევროპის საბჭო კვლავაც მხარს დაუჭერს ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების პროექტს და ადვოკატის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბების ჩვენეულ ინიციატივას.
ევროპის საბჭოს ოფისის ახალი პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ მიზანია: სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და განხორციელების მხარდაჭერა; საქართველოში სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირების ხელშეწყობა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სასამართლო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის კუთხით.
პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან. ინტენსიურად ითანამშრომლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: დამოუკიდებელ ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.