ადვოკატთა ასოციაციაციასა და საქართველოს პარლამენტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, კანონში აისახა გაეროს პრინციპებით დადგენილი სტანდარტი ადვოკატის საქმიანობის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის შესახებ. კანონის 38-ე მუხლის ახალი რედაქციის მიხედვით, „დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშნება, იძულება, შევიწროება, დევნა, ზეწოლა, მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.“
კანონში შეტანილი ცვლილებებით ასევე გამყარდა ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების პრინციპი, რომლის მიხედვითაც „ადვოკატი ვალდებულია კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან აქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია) და ამავე დროს არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა თუ ამასთან დაკავშირებით არსებობს კლიენტის წინასწარი წერილობითი მოთხოვნა.“
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალი ცვლილებებით გაუმჯობესდა და გაიზარდა ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტანდარტი. კერძოდ, 2019 წლის 01 იანრიდან, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიანი პროგრამა, რომელიც შედგება თეორიული ნაწილისა და მენტორ ადვოკატთან სტაჟირებისგან.
აქვე აღსანიშნავია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით 7 წლიდან 10 წლამდე გაიზარდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტის ვალიდურობის ვადა. ხსენებული ცვლილება შესაძლებლობას აძლევს იმ პირებს, ვისაც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტის ვალიდურობის ვადის გასვლის საფუძველზე წინათ უარი ეთქვათ ასოციაციის წევრობაზე, ხელახლა მიმართონ გაწევრიანებისთვის ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს.