5 ოქტომბერს, სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა „უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, რომელმაც კომისიის საქმიანობის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჯალიაშვილმა საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და დაზარალებულად ცნობილი ადვოკატები.
ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში 2018 წლის 2 აპრილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის - დავით ასათიანის ინიციატივითა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. კომისიის საქმიანობა ფინანსურად მხარდაჭერილია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ. კომისიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდს 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბელიტირებელი ან/და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი დასკვნის შედგენა. კომისია ასევე უფლებამოსილია, განიხილოს პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულად მიჩნეული პირების საჩივრები.
კომისიის ჩამოყალიბება განაპირობა საგანგაშო ვითარებამ, როდესაც 2005-2012წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 100-ზე მეტი ადვოკატი იქნა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო (CCBE) და ადვოკატთა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია (International Obserbatory for Lawyers), ადვოკატის საქმიანობა მიიჩნიეს რისკის სფეროდ და დაასკვნეს, რომ ადვოკატის პროფესია იდგა დესტაბილიზაციის რეალური საფრთხის წინაშე.
საანგარიშო პერიოდში, რომელიც მოიცავდა პროექტით განსაზღვრულ 4 თვეს, მარეაბილიტირებელი დასკვნის გაცემის თხოვნით, კომისიაში დარეგისტრირდა 14 განცხადება, მათ შორის 3 წარმოდგენილი იქნა პარლამენტის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულად აღიარებული პირების მიერ.
14 განაცხადიდან შესწავლილ იქნა 11 საქმე, 3 საქმის განხილვა კი კვლავაც მიმდინარეობს. განხილული 11 საქმიდან, 7-ზე გაცემულია სრულად მარეაბილიტირებელი დასკვნა სადაც კომისიამ დაადგინა პროფესიული ნიშნით პირის დევნის ფაქტი, ხოლო 4 განხილული დასკვნიდან 2-ში არის ნაწილობრივ მარეაბილიტირებელი პირობების შესაძლებლობა, რაზედაც კომისია აგრძელებს დამატებით მუშაობას. ამასთან, 2 საქმეზე ვერ იქნა გამოვლენილი მარეაბილიტირებელი გარემოებები და პროფესიული ნიშნით პირის დევნის ფაქტი. კერძოდ, ერთ-ერთი პირი გასამართლდა სამოხელეო დანაშაულისათვის, როდესაც საადვოკატო საქმიანობის უფლება შეზღუდული ჰქონდა კანონით, ხოლო მეორე შემთხვევადი კი ადვოკატი გასამართლებულია ბრალდებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აღმოაჩნდა მის პროფესიულ საქმიანობასთან.
კომისიის მუშაობა არ შემოიფარგლება საპროექტო 4 თვის ვადით და საქმიანობის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება.