სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (შემდგომში „ასოციაცია“) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფი (შემდგომში „სამუშაო ჯგუფი”) წარმოადგენს ასოციაციის დროებით მოქმედ ორგანოს.
1.2. სამუშაო ჯგუფი შექმნილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.
1.3. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესს (დებულებას), ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
1.4. სამუშაო ჯგუფი შექმნილია 2 წლის ვადით და უფლებამოსილებას იწყებს წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე.
მუხლი 2. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანი
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანია:
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებისთვის პოლიტიკის შემუშავებასა თუ სხვა შესაბამის პროცესებში ადვოკატთა ასოციაციის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3. სამუშაო ჯგუფის ამოცანები და საქმიანობა
3.1. სამუშაო ჯგუფის ამოცანებია:
3.1.1. ხელი შეუწყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციას ადვოკატთა ასოციაციის წევრებში და ამ სფეროში ადვოკატთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.
3.2. თავისი ამოცანების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი:
3.2.1 შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც წარუდგენს ასოციაციაციის თავმჯდომარესა და აპარატს.
3.2.2 ასოციაციის თავმჯდომარესა და ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტთან კოორდინაციით, თანამშრომლობს:
(ა) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებასთან, სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამათავრობო ორგანიზაციებსა თუ კოალიციებთან.
(ბ) სამუშაო ჯგუფის მიზნებიდან გამომდინარე სხვა უწყებებთან.
3.2.3 ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს, პროექტებსა და რეკომენდაციებს შემუშავებულ კანონპროექტებთან მიმართებით და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც წარუდგენს ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატს.
3.2.4. შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რომელსაც წარუდგენს ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატს.
3.2.5. შეისწავლის და გამოკვეთს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ირგვლივ არსებულ პრობლემურ საკითხებს.
3.2.6. ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, ნაფიც მსაჯულთა უნარ-ჩვევებში ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს.
3.2.7. აღმასრულებელი საბჭოსათვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3.2.8. აანალიზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ატარებს კვლევებს.
3.2.9. ასრულებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ასოციაციის წესდებას.
მუხლი 4. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა
4.1. სამუშაო ჯგუფი შედგება არაუმეტეს 12 მოქმედი ადვოკატი-წევრისაგან.
4.2. სამუშაო ჯგუფში გარკვეული საკითხების განხილვისას, შესაძლოა მოწვეულ იყვნენ მათ შორის არა სამუშაო ჯგუფის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საქმიანობაში.
4.3. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო.
4.4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით.
4.5. სამუშაო ჯგუფის წევრები აირჩევიან 2 წლის ვადით. შესაძლებელია წევრების ხელახალი არჩევა.
4.6. სამუშაო ჯგუფის წევრი შეიძლება ვადამდე იქნას გაწვეული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 5. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე
5.1. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, კოორდინაციას უწევს სამუშაო ჯგუფის მუშაობას და სამუშაო ჯგუფის სხდომებს.
5.2. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს გააკეთოს საჯარო განცხადებები სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
5.3 სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ან/და თავად სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე სამუშაო ჯგუფის მუშაობის კოორდინირებას დროებით უწევს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
5.4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უზრუნველყოფს:
5.4.1. საანგარიშო წლის დასაწყისში სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წლიური გეგმის შემუშავებას;
5.4.2. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით შესაბამისი წლიური სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის წარდგენას;
5.4.3. საანგარიშო წლის ბოლოს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსათვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებელი აქტივობების შესრულების ანგარიშის წარდგენას;
5.4.3¹. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარისაგან მოისმინოს ანგარიში სამუშაო ჯგუფის საქმიანობის თაობაზე სხვა პერიოდულობითაც.
6. სამუშაო ჯგუფის წევრთა შერჩევის, დამტკიცების და წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი
6.1. ადვოკატთა ასოციაციის აპარატი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის წევრობით დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი განცხადების გამოქვეყნებას ასოციაციის ვებ-გვერდზე (www.gba.ge).
6.2. სამუშაო ჯგუფის წევრებად შეირჩევიან ნაფიც მსაჯულთა საკითხების მიმართულებით შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები. მხედველობაში მიიღება მსურველი კანდიდატის მსგავს სამუშაო ჯგუფებში საქმიანობის გამოცდილება და მზაობა აქტიურად იყოს ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, მათ შორის გამოყოს შესაბამისი დრო სამუშაო ჯგუფში საქმიანობისათვის.
6.3. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, სამუშაო ჯგუფის წევრობის კანდიდატთა განაცხადების განხილვას, შეფასებასა და შერჩევას ახორციელებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ასოციაციის აპარატის მხარდაჭერითა და ამ დებულების 6.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
6.3¹. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს შეუძლია სამუშაო ჯგუფის წევრობის კანდიდატთან დანიშნოს გასაუბრება. გასაუბრებაში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობს აღმასრულებელი საბჭოს მინიმუმ ერთი წევრი.
6.4. სამუშაო ჯგუფის წევრებს ამტკიცებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
6.5. სამუშაო ჯგუფის წევრს შესაძლოა ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილების ვადა:
6.5.1. სამუშაო ჯგუფის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე;
6.5.2. ასოციაციის წევრობის შეჩერება/შეწყვეტის შემთხვევაში;
6.5.3. ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში;
6.5.4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სამუშაო ჯგუფის წევრის მიერ სამუშაო ჯგუფის წევრობისათვის განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობა, როგორიცაა:
ა) სამუშაო ჯგუფის სხდომების პერიოდული გაცდენა არასაპატიო მიზეზით;
ბ) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ წევრისთვის განსაზღვრული საქმის შეუსრულებლობა;
გ) სხვა ობიექტური გარემოება, რაც შეუსაბამოა სამუშაო ჯგუფის წევრობასთან.
6.6. სამუშაო ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
7. სამუშაო ჯგუფის სხდომა.
7.1. სამუშაო ჯგუფი თავისი უფლებამოსილების განხორცილებისას ატარებს სხდომებს, რომელიც მოიწვევა არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მიერ.
7.2. სამუშაო ჯგუფის სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნას ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით.
7.3. სამუშაო ჯგუფის სხდომის მოწვევის ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ასოციაციის აპარატის მხარდაჭერით.
7.4. სამუშაო ჯგუფის წვერებს, არაუგვიანეს 3 დღისა, კომუნიკაციის საშუალებებით ეცნობებათ სხდომის მოწვევის დრო, ადგილი და დღის წესრიგი.
7.5. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სამუშაო ჯგუფის წევრთა მესამედზე მეტი. სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი უფლებამოსილია დააყენოს წინადადება სხდომის დღის წესრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
7.6. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ დებულებით სხვა ხმათა რაოდენობა არ იქნება დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.
7.7. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას ელექტრონული ფოსტით დადასტურებითაც, თუკი სამუშაო ჯგუფის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ელექტრონული ფორმით გამოხატავს თანხმობას და ეს აისახება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმში.
7.8. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დგება ოქმი, რომლსაც ადგენს ასოციაციის საკომიტეტო მიმართულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი. ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, რაც ადასტურებს საოქმო ჩანაწერის სიზუსტეს.
მუხლი 8. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზება
8.1 სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობას, სამუშაო ჯგუფის მიერ დასახული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგსა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართულობას.
მუხლი 9. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა.
9.1. სამუშაო ჯგუფის წევრები თავის საქმიანობას ახორციელებენ საზოგადოებრივ საწყისებზე.
9.2. სამუშაო ჯგუფის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და მოწვეული ექსპერტები შეიძლება დაფინანსდეს ასოციაციის ბიუჯეტიდან ან/და სამუშაო ჯგუფის მიერ, ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, მოძიებული გრანტის და შემოწირულობის სახსრებიდან.
9.3. სამუშაო ჯგუფის გამოსაყოფი ბიუჯეტის ოდენობას ამტკიცებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
მუხლი 10. სამუშაო ჯგუფის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
10.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ზრუნავს სამუშაო ჯგუფის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს:
10.1.1. საგანმანათლებო ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების უზრუნველყოფით;
10.1.2. პროფესიულ შეხვედრებში წევრთა ჩართულობით;
10.1.3. ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ვებინარებსა“ თუ ონლაინ კონფერენციებში მოწვევითა და ჩართულობით;
10.1.4. ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა პროექტში ჩართულობის უზრუნველყოფით.
11. დებულების ცვლილება
წინამდებარე დებულების ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე დებულების ახალ რედაქციას ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
მუხლი 12. დებულების მოქმედების ვადა
წინამდებარე დებულება ძალაშია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან და მოქმედებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ვადით.